|

477 დღიდან 730 დღემდე იზრდება ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომლიდანაც ანაზღაურებადი ხდება 183 დღე ნაცვლად 126-ისა, ასევე იზრდება ანაზღაურების ოდენობა 1000 ლარამდე. შესაბამისი კანონპროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე. წარმოდგენილი დოკუმენტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშიც. ინიციატორის მოთხოვნით, კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საგზაო მოძრაობის დარღვევების, ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისა და არასრულწლოვანთა დათრობის ფაქტებზე, ასევე არასრულწლოვანის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული ცრუ შეტყობინების შემთხვევაში ზუსტდება და ზოგ შემთხვევაში იცვლება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია, რომელმაც კანონპროექტი წარუდგინა პარლამენტს, დიდი ხნის განმავლობაში პასუხობდა ცვლილებების პრინციპებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები, რომლებიც თავდაცვის სფეროს კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებები ძირითადად განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში 2013 წლის ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან აღნიშნული კანონების ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კონკრეტულად ცვლილებები შედის „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამხედროს დაგეგმვის შესახებ“, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის“, „მობილიზაციის შესახებ“ და სხვა კანონებში. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა ორმოცამდე კანონპროექტი განიხილა. ასევე მოისმინა და ცნობად მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში. პარლამენტმა მიიღო საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე და კენჭისყრით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის დადგენილებას „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“, რომლის მიხედვითაც დებატები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ 1 ოქტომბერს, 14 საათზე გაიმართება. დღის ბოლოს კენჭისყრა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს. მათ შორის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც ხდება კონსტიტუციის იმ ნორმის ამოღება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს ეხება. კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებამდე უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მოთხოვნით გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა, სადაც 100-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შემდეგ გამართულ რეალურ კენჭისყრაზე კი დაფიქსირდა 103 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. რიგგარეშე სესიის შემდეგი სხდომა პარასკევს, 27 სექტემბერს, 14 საათზე გაიმართება. |