კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 14:17

ბათუმში მოქმედ საკაბელო კომპანიების თემას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისია კვლავაც მიუბრუნდა. დღევანდელ საჯარო განხილვაზე კომისიის წევრებმა შპს „მინდას“ დამფუძნებელს და დირექტორს, რამაზ მახაჭაძეს მოუსმინეს. მისი ინფორმაციით, საკაბელო კომპანიას შპს „ტვ21“-ის მსგავსად მარეგულირებელ კომისიასთან პრობლემები 2010 წლიდან დაეწყო. აღნიშნულ პერიოდში კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან გახშირდა შემოწმებები და სანქციები, რასაც თან ერთვოდა უშიშროების მაღალჩინოსნების ზეწოლა ოპოციზიური არხების გამორთვის მოთხოვნით. როგორც რამაზ მახაჭაძემ განმარტა, კომისიის წევრი გიორგი რატიშვილი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის დავალებით საკაბელო ტელევიზიას არხების ყიდვას მის მიერ შერჩეული კომპანიებიდან სთავაზობდა, 2011 წლისთვის კი სპორტული არხების ყიდვა უკვე GMG-დან იქნა მოთხოვნილი. „2011 წლის აპრილის დასაწყისში ბათუმში მოქმედი სამი საკაბელო კომპანიის წარმომადგენლები თბილისში შევხვდით ირაკლი ჩიქოვანს, რათა გაგვერკვია მართლა მისი დავალებით მოქმედებდა თუ არა გიორგი რატიშვილი. ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღებით მოგვისმინა, ჩაიწერა ჩვენი მონაცემები და ღიმილით დაგვემშვიდობა, რასაც მოჰყვა 21 აპრილს რატიშვილის ბათუმში ჩამოსვლა და ისევ შემოწმება“, - აცხადებს რამაზ მახაჭაძე.

მისივე ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის გახშირებული ზეწოლის ფონზე კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთი ფირმის „ბათუმი მედია ჯგუფის“ (BMG) შექმნის გადაწყვეტლება მიიღეს, რათა ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ კომისიის უკანონო ქმედებებს. აღნიშნულმა კომპანიამ დამფუძნებლების წილობრივი მონაწილეობით რამდენიმე თვე იფუნქციონირა, რადგან 2011 წლის 27 სექტემბერს კომპანიის სამივე პარტნიორს იძულებითი წესით საკუთარი წილები უშიშროების სამსახურთან დაკავშირებულ ჯაბა დობორჯგინიძეზე გაასხვისებინეს, რომელმაც თავის მხრივ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული წილი ასევე უშიშროებასთან დაკავშირებულ პირს, დავით შარაშიძეს 100 ლარად დაუთმო.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბათუმში მოქმედ კიდევ ერთ საკაბელო კომპანია „ერას“ წარმომადგენლებსაც მოუსმინეს.  შპს „ერა“-ს დამფუძნებლის მერაბ მეტრეველის განცხადებით, კომისიის საჯარო სხდომებზე მისი კომპანიის მისამართით არაერთი ცრუ ბრალდება გაჟღერდა თითქოს და „ერა“ მარეგულირებელი კომისიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და ფინანსური სანქციები არ ეკისრებოდა. „ერას პირველი დაჯარიმება 9 ათასი ლარით 2009 წელს მოხდა, მიზეზად კი საავტორო უფლებების დარღვევა დასახელდა. 2010-2011 წლებში საკაბელო კომპანია თითქმის ყოველთვე ჯარიმდებოდა, რასაც მოყვა საკაბელო ქსელში GMG ჩართვა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2011 წლის ზაფხულში „ერამ“ GMG-თან 2.6 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა“, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

ტელე-რადიო ანძასა და ტელევიზიებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ტელე-რადიო ანძის ტექნიკურმა დირექტორმა, ბორის ადამიამ. კომისიის თხოვნით მან ინფორმაცია ტელეკომპანია „ალანიას“ მაუწყებლობის შესახებ წარმოადგინა და განმარტა, რომ ალანიას „ობიექტივის“ სიხშირეზე გასვლა კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელის, დიმიტრი ქიტოშვილის სიტყვიერი განკარგულებით მოხდა. „ტელეკომპანია „ალანიასთან“ ტელე-რადიო ანძას არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდია, რადგან როგორც ქიტოშვილი აცხადებდა ეს ქვეყნის უშიშროების საკითხს ეხებოდა და ჩვენც ყოველგავრი ანაზღაურების გარეშე უშვებდით მათ სიგნალს. ანძის მომსახურებისთვის ტელეკომპანია ქირას არ იხდიდა, მხოლოდ 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც ხმა მივაწვდინეთ მაშინდელ შსს მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, „ალანიამ“ მათი გადამცემისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა დაიწყო“, - განმარტა ბორის ადამიამ. მანვე კომისიის წევრებს სხვადასხვა დროს, სხვადსხვა ტელევიზიების ანძიდან გამორთვის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

ტელეკომპანია „ალანიასთან“ დაკავშირებულ საკითხების ფართო განხილვას საჯარო მოსმენის ფორმატში საგამოძიებო კომისია ხვალინდელ სხდომაზე გამართავს.  

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 10:17