ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, დავით ლორთქიფანიძე მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. პარლამენტარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა მათ გამგებლის იმპიჩმენტისათვის მხარი დაეჭირათ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,მაშინ, როდესაც უწყებათაშორის კომისიას მიღებული აქვს რეკომენდაცია არჩევნებამდე პერიოდში თავი შეიკავონ განსაკუთრებით იმპიჩმენტის მოწყობისაგან, ვანის მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პაატა ლეჟავა, მოქმედი გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძე და საკრებულოს გადაყენებული თავმჯდომარე კაკაბაძე, რომლის სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს, საკრებულოს წევრებს აიძულებდნენ გადაეყენებინათ გამგებელი. ეს ყველაფერი ხდებოდა ძალადობით, შანტაჟით, მუქარით, დაჭერის პერსპექტივით“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, კანონის უგულებელყოფით ჩატარდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს მხოლოდ ის წევრები ესწრებოდნენ,რომელთა შეშინება და დაშანტაჟება შეძლეს. ,,საკრებულოს წევრების ძალიან დიდმა ნაწილმა აღნიშნული სხდომის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა სხდომას თავად პაატა ლეჟავა ესწრებოდა და ფაქტიურად უძღვებოდა მას “, - განმარტა დეპუტატმა. პარლამენტის წევრის ინფორმაციით, განზრახ ხდება ხელისუფლების დისკრედიტაცია. “ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი მთავარი პროკურატურისათვის. მისი პრესტიჟის ამბავია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ინსინუაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებაზე აწარმოებს ზეწოლას, მაშინ, როდესაც ვანის სინამდვილეში სახეზე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების პირდაპირი ჩარევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში იმპიჩმენტის მოწყობის ფორმის გამოყენებით“, - განაცხადა ბრიფინგზე დავით ლორთქიფანიძემ.
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 12:02