ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, კენეტ განთან | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 13:43

 

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, გამოცდილებების ურთიერთგაზიარების მიზნით, ქალაქ ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, კენეტ განს შეხვდა. 

შეხვედრის ძირითად საკითხს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება წარმოადგენდა. 

კენეტ განმა ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა კომისიის სტრუქტურასა და ფუნქციებზე ისაუბრა და რეაგირების იმ ფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აღნიშნული კომისია ადამიანის სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შემთხვევაში მიმართავს. ის ასევე დაინტერესდა, საქართველოში ადამიანის უფლების დარღვევის სტატისტიკითა და შედარებით გავრცელებული სახეებით.
ეკა ბესელიამ სტუმარს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის თემები გააცნო, რომელზეც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჩივრები შემოდიოდა კომიტეტის სახელზე. მისი თქმით, საჩივრების უმეტესი ნაწილი უკანონო დაკავებას, უსამართლოდ გამოტანილ სასამართლო განაჩენს, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტებს ეხება. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საქართველოში ხორციელდება რეფორმები, რომლის ამოცანა და მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა.

„ჩვენ გვქონდა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე აგებული კანონმდებლობა. ახლა ეტაპობრივად გადავდივართ ლიბერალურ კანონმდებლობაზე, სადაც მთავარი იქნება ადამიანი და მისი უფლებების დაცვა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, აშშ-ის სასამართლო სისტემა არის სამაგალითო სისტემა, რომელიც ნდობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „ჩვენ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამერიკული მოდელის მიხედვით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კენეტ განი პროფესიული სტაჟირების პროგრამის (Professional Fellows Program) ფარგლებში საქართველოში უკვე რამდენიმე დღე იმყოფება და არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებს ხვდება.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 14:37