|

განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული. ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ წარმოადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს. კანონს მიეცემა უკუძალა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება მოხდა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მომზადდა, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანო, რომელიც სახელმწიფო ენის დაცვას გაუწევს კონტროლს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, აღნიშნული სახელმწიფო ორგანო კონტროლს გაუწევს ოფიციალურ დოკუმენტაციას, რეკლამებს, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციას და, გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანქციები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება "საჯარო სამსახურის შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ" კანონებში და "ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსში".
|