|

სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესის სრულყოფისა და მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების დაზუსტების მიზნით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, მსჯავრდებულის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნუსხას ემატება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის პირობა. კანონპროექტით ზუსტდება მსჯავრდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას სააღსრულებლო წარმოების მიმდინარეობის ტექნიკური საკითხიც. გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით, პირობით მსჯავრდებულის გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვარი მცირდება და 6 წლით განისაზღვრება. მოქმედი რედაქციით, იგივე ზღვარი თავისუფლების აღკვეთისთვის დაწესებულ მაქსიმალურ ზღვარზე 1 წლით მეტია. „არ შეიძლება პირობით მსჯავრდებულს 41 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება, რაც დღემდე არ ხორციელდებოდა შესაბამისი სპეციალური დაწესებულების არარსებობის გამო.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. მოქმედი რედაქციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი კომისია განიხილავს ნარკოტიკული დანაშაულის გამო ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენისა და ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხებს, რისთვისაც არ არის განსაზღვრული სავალდებულო კრიტერიუმი, გარდა პირის ყოფაქცევისა. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ეს განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის იმ პირების მიმართ, რომლებსაც შეფარდებული ჰქონდათ მხოლოდ საპატიმრო სასჯელი და, შესაბამისად, მათ მიმართ კონტროლსა და ზედამხედველობას არ ახორციელებდა პრობაციის ორგანო. „ამ პირების მიმართ უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა იწყება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. ამდენად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მოიპოვოს ობიექტური ინფორმაცია პირის ყოფაქცევის შესახებ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კრიტერიუმს უნდა დაემატოს კონკრეტული ვადის გასვლის საჭიროება, რაც მინიმალურ შესაძლებლობას მაინც შექმნის უფრო ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
|