საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 21:04

"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები, I მოსმენით განიხილეს დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია ზემოაღნიშნულ კანონებში იმ ცვლილებათა შეტანის აუცილებლობით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა ის ცვლილებები იწვევს, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.

დღესვე, კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა. როგორც ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა განაცხადა, სასარგებლო წიაღისეულზე, კერძოდ მანგანუმზე, კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი იზრდება. განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობა 0,012 ლარის ნაცვლად 0,25 ლარით განისაზღვრება. მისი თქმით, კანონში ცვლილების განხორციელებით, ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
სამეწარმეო საქმიანობისთვის მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისთვის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისთვის, დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრება ხდება და ის 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:11