ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 15:34

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 23 მაისს გარდაცვილი მსჯავრდებულის, ლევან კორტავას საქმეზე სხვადასხვა უწყებიდან მიღებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი განიხილეს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, მან აღნიშნული ფაქტის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახული იქნა ადამიანის, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, საკითხის უკეთ გაცნობისა და მსჯავრდებულის ცემისა და მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გარდაცვალების გარემოებების შესწავლის მიზნით, საჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულებაში ფაქტის თვითმხილველი მსჯავრდებულები პირადად მოინახულეს და მათ ადგილზე გაესაუბრნენ. კომიტეტმა შეისწავლა საოლქო პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, ასევე დაზარალებული მხარის მოსაზრებები და პოზიცია.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ სამართალდამრღვევ პირთა წრე, შესაძლოა, უფრო ფართო იყოს და გამოძიებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, პასუხისგებაში მიცემული პირების გარდა, სხვა მოხელეთა ქმედებების უფრო საფუძვლიან შესწავლასა და შეფასებაზე. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, დასკვნის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კომიტეტს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწოდებს.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სახალხო მოძრაობის - „სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ 2013 წლის 19 მაისის ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მომზადებული დასკვნის პროექტი. რეზოლუცია კომიტეტში წლის 21 მაისს შემოვიდა. რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების გასამართლებაა. მასში დაფიქსირებულია პარლამენტისადმი მიმართვა - უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში არსებული სახელმწიფო რეჟიმის შეფასებაა. დოკუმენტს თან ახლავს 1100-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა. მისივე თქმით, დასკვნაზე მუშაობისას კომიტეტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუციებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშებით, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნებით საქართველოში ვიზიტის შესახებ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიშებით, Amnesty international-ის, FIDH-ის, Human Rights Watch-ისა და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებით, კომიტეტში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებით. „ 2004-2012 წლებში ჩადენილ იქნა არაერთი მძიმე დანაშაული წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობიე პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიერ, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური ფაქტები, ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა. ყველა ამ საქმეზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს იმ პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ორგანიზებას უწევდაან მონაწილეობდა ამ დანაშაულების ჩადენაში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს ყველა იმ პირის უფლების აღდგენა, ვინც უკანონობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. კომიტეტმა იმ სახელმწიფო ორგანოების მიმართ, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე, შეიმუშავა რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების შესრულებაზე კომიტეტი მონიტორინგის განხორციელებას გააგრძელებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პროექტს „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. დეპუტატი მერაბ კაჭახიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ნაადრევია, თუმცა თვითონ ინიციატორი თვლის, რომ კანონპროექტის მიღება დროულია, თუნდაც იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილს დღემდე ბრალი არ აქვს წაყენებული 2007 წლის 7 ნოემბერს რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. მისივე თქმით, განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დაინიშნონ ის პირები, რომლებიც იყვნენ ან არიან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირები და თუ ასეთი პირები უკვე არიან აღნიშნულ თანამდებობებზე, ისინი ცვლილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. კობა დავითაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასეთ პირებს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეთ.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 16:20