| სხდომის ოქმი #45 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N45 18 სექტემბერი, 2013წ. 15 სთ. საქართველოს პარლამენტი დარბაზი N305
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, საყვარელიძე ფრიდონი , რატიანი სერგო, ლონდარიძე ტარიელი, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, ხეჩინაშვილი გიორგი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1.განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივის, საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა. (ივანე კიღურაძე - კომიტეტის თავმჯდომარე) 1.მოისმინეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ი. კიღურაძემ. მომხსენებელმა განმარტა, რომ ამ ინიციატივის მიღების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში იმის გამო, რომ ეროვნულ გამოცდებში, სპეციალურ საგნებში მიღებული უმაღლესი ქულებით, უნარების ზღვარის ვერგადალახვის გამო, გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩნენ.
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ს. რატიანმა, მ. მახარაძემ, ტ. ლონდარიძემ, ზ. პაპუაშვილმა, ა. ქანთარიამ, ე. ჩაფიძემ. ს. რატიანმა გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ ცვლილებები შესაძლებელია გახდეს პროვოკაციული სქემის საფუძველი. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა თუ გამოცდების გვერდის ავლის მაგივრად მოხდებოდა გადასალახი ზღვარის დაწევა. ი. კიღურაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გონივრული გამონაკლისები ყოველთვის ეწინააღმდეგება კორუფციულ სქემას. აქვე მოყვანილ იქნა მაგალითები ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი საატესტატო მონაცემების მიხედვით ყოველგვარი მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს სთხოვა, რომ კენჭი ეყარათ წარმოდგენილი ინიციატივისთვის. კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ ინიციატივას და კენჭისყრის შედეგების მიხედვით 12 მომხრე, 1-მა თავი შეკავა კომიტეტმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ეთხოვოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს მისცეს მსვლელობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






