| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 18:36 |
|
პირებზე, რომლებმაც 2009 წლის 1 იანვრამდე ქრთამი აიღეს ან დოკუმენტი გააყალბეს, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტია გავრცელდება, თუ ნებაყოფლობით განაცხადებენ აღნიშნული დანაშაულის შესახებ. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ამნისტია ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს. იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ზაურ აბაშვილის განმარტებით, მოქალაქეთა ნაწილი თავს არიდებს საიდენტიფიკაციო მონაცემების გასასწორებლად ან ახალი დოკუმენტის ასაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადებას იმის შიშით, რომ მისი დანაშაული გამჟღავნდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამის გამო მონაცემთა ბაზაში რჩება არასწორი ინფორმაცია. მისივე თქმით, საჯარო ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ სახელმწიფოს მიერ ზუსტი მონაცემების ფლობა. ამნისტია გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთა მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2011 წლის 14 ივნისის კანონის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა მათ მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 11:53 |






