ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,ზაქარია ქუცნაშვილის შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 20:32

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს პარლამენტში შეხვდა და საჯარო ლექცია თემაზე: „პარლამენტის როლი სახელმწიფო მოწყობის ერთიანი სისტემის ფარგლებში“ გამართა.

„ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი უზარმაზარ ინტელექტუალურ პოტენციალს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის და მივესალმები, რომ სტუდენტებს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის და სხვადასხვა საკითხების განხილვის ასეთი ინტერესი გაქვთ“,  - მიმართა პარლამენტის წევრმა სტუმრებს.
ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია მიმოიხილა და ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები, როლი და მნიშვნელობა დეტალურად განუმარტა. საჯარო ლექცია შეეხო არჩევნების სისტემასა და მერვე მოწვევის პარლამენტის სამუშაო სპეციფიკასაც. პარლამენტარი იმ კანონპროექტების შესახებაც ესაუბრა ახალგაზრდებს, რომელთა მიღებაზეც პარლამენტი ახლა მუშაობს და რომელთა მიღების შემდგომაც ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რაც მეტად დახვეწილს და მოქნილს გახდის ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობას, უფლება-მოვალეობების გადანაწილების გზით.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატმა ვრცლად მიმოიხილა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები და ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებები. „მთავარი, რისკენაც ჩვენი ხელისუფლება მიისწრაფვის არის ძლიერი ეკონომიკა, თავისუფლება და სამართლიანობა“, - აღნიშნა მან.
შეხვედრის დასასრულს, ზაქარია ქუცნაშვილმა მადლობა გადაუხადა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ინიციატივისთვის და სტუდენტებს დაინტერესების შემთხვევაში მსგავსი შეხვედრების მეტი სიხშირით ორგანიზებას დაჰპირდა.