პარლამენტის პლენარული სხდომა | Print |
Wednesday, 02 October 2013 22:03

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის პირველი ნახევარი საათი დეპუტატების განცხადებებს დაეთმო. განცხადებების ძირითადი თემები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან, პარლამენტში გუშინ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატები და სხვა საკითხები. პარლამენტის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და აღმასრულებელი ხელისუფლება, სოფლებში, დვანსა და დიცში განვითარებული მოვლენების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა მოვლენები გადააფასონ, რადგან მისი თქმით საზოგადოების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისადმი“ გაღიზიანება და აგრესია უკვე მმართველ გუნდზეც გადადის.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას "სისულელეებითა და ტყუილებით" გაჟღენთილი ანგარიში წარუდგინა. ირაკლი სესიაშვილმა ანგარიში დეპუტატებს გააცნო და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. მისივე თქმით სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთის მხრივ ამბობს, რომ ნატოსა და ევროინტეგრაციის საკითხში ერთიანი პოზიცია აქვთ მთავრობასა და ოპოზიციას, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ ცრუ ინფორმაციას უგზავნის ნატოს საპარლამენტო ასამბლეას.
პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ბრალდებების საპასუხოდ თიანეთის რაიონში ინფრასტუქტურის აღდგენა-მშენებლობის მიმართულებით ბოლო პერიოდში ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
განცხადებების დასრულების შემდეგ პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყო.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ორი კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტმა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის დადგენილებების პროექტები „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის შესახებ“. სასამართლოთა სადისციპლინო კოლეგიაში ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ქეთევან ბექაურის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები აირჩია.
მათ ასარჩევად პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ე.წ. მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, რადგან პირველ კენჭისყრაში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატურიდან ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად "პოლიციის შესახებ" კანონპროექტი განიხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტის თანახმად სპეციალურ საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებულ მუხლს დაემატა პუნქტი, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციის თანამშრომელთა აღჭურვის ვალდებულებას - ფორმის ტანსაცმელზე განთავსებული ვიდეო-გადამღები ტექნიკის მუდმივ რეჟიმში ჩართვას ითვალისწინებს. ასევე პროექტში დაზუსტდა პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურად გამოყენებამდე განსახორციელებელი გამაფრთხილებელი გასროლის პირობები.
ცვლილებით, ასევე, პოლიციის თანამშრომლები სამსახურში მიიღებიან სპეციალური კონკურსის შედეგად.
"პოლიციის შესახებ" კანონპროექტით რეგულირდება პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებანი, პოლიციურ და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის, პოლიციის დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და პოლიციის კონტროლის საკითხები. სიახლეა, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციები, განმარტებულია ტერმინები. კანონპროექტში ცალკე თავი აქვს დათმობილი პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს. მოქმედი კანონისგან გასხვავებით, ცალკე თავად არის ჩამოყალიბებული პოლიციური ღონისძიებები.
კანონპროექტი პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარუდგინა.
კანონპროექტი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, ითვალისწინებს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებების ახლებურად ჩამოყალიბებას. კანონპროექტით, რომელიც მოეორე მოსმენით განიხილეს, იზღუდება ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება. მასთან ერთად იზღუდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებიც. კანონში ცვლილებების შეტანა იმ ახალი კონსტიტუციური ნორმებით არის განპირიბებული, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის და რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი აღარ წარმართავს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
საქართველოს პრეზიდენტის ანდა პარლამენტის მორიგი არჩევნების შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების , პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, ასევე საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში - არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული კომისია საქმიანობას შეწყვეტს არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან. ამას ითვალისწინებს მეორე მოსმენით განხილული კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შესახებ“.
მეორე მოსმენით განხილული კანონპროექტი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ არეგულირებს ოპერატიულ-სამძებრო და პერსონალური მონაცემების გაცვლასთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვასთან, კონტროლირებადი მიწოდებისა და ტრანსსასაზღვრო ვიზუალური კონტროლის განხორციელებასთან, ასევე პირებისა და საგნების ძებნასა და დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. ამავე კანონპროექტთა პაკეტში კიდევ ერთი საკითხია წარმოდგენილი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც დიპლომატიურ თანამდებობებს ემატება პოლიციის, უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობები.
მთავრობა აღარ იქნება ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე, არამედ ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. ამ და მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, რომელიც მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა პარლამენტმა.
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა კანონპროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის N68-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
დღის ბოლოს პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილულ საკითხებს.
პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომა პარასკევს, 4 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება.