ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 16:36

ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და მისი პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივაა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, დღეს მოქმედი რეგულაციები საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „დეტალურად გაიწერება ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულების როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი დახმარების წესი, პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხები“,-განმარტა გედევან ფოფხაძემ. 
დღესვე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის, FATF-ის 22-ე და 23-ე რეკომენდაციების მოთხოვნების კანონმდებლობაში იმპლემენტაცია ხდება.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლის მიზანი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების ეფექტური კოორდინაციაა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი, საგამოძიებო დეპარტამენტსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იქნება სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოც. შესაბამისად, გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებები სამინისტროს იმ სამსახურებზეც გავრცელდება, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ახორციელებენ.
კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კანონპროექტები: „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.