პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის საჯარო სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა | Print |
Thursday, 03 October 2013 18:57

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის საჯარო სკოლას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კომიტეტი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ პროექტებს განახორციელებს, რაც გამწვანების აქციებს, ეკოლოგიური გარემოს დაცვა-შენარჩუნებას და მწვანე ნარგავების მოვლას ითვალისწინებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან იმერეთის რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ახალი ხელისუფლების მიერ ბუნების დაცვისა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სოფელ დიმის საჯარო სკოლა უკვე მეხუთეა, ვისთანაც კომიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა და აღნიშნული თანამშრომლობის სხვა სკოლებთან გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. “სკოლებთან თანამშრომლობის ინიციატივა კომიტეტს ეკუთვნის და ჩვენი სურვილია მსგავსი შეთანხმებები საქართველოს ყველა რაიონის თუნდაც ერთ სკოლასთან იყოს გაფორმებული.“ - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე ესწრებოდნენ. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი კომიტეტის თავმჯდომარემ და სკოლის დირექტორმა მოაწერეს.

Last Updated on Thursday, 03 October 2013 19:00