იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 21:49

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“. კანონპროექტი განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციურ ღონისძიებებს და უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი ფორმებს, პოლიციაში სამსხურის გავლის წესს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.

სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.
ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროული და ეფექტური მიწოდების, ასევე ამ მომსახურების მიწოდების შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრას ითვალისწინებს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა.
კანონპროექტში დეტალურადაა გაწერილი ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების წესი, პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხები. ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის ნაბაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება იმავე მექანიზმის გავლით, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. კერძოდ, მსჯავრდებულს შეუძლია ჩაიტაროს ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობით საკუთარი განცხადებით ან ინფორმირებული თანხმობით. ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულს არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარება უტარდება, როდესაც მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე. კანონპროექტით უქმდება საექსპერტო დასკვნის მოპოვების აუცილებლობა არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების დროს. კერძოდ, აღნიშნულ საჭიროებას განსაზღვრავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმი, რის საფუძველზეც, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციითა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მსჯავრდებული გადაყვანილი უნდა იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში/ სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილეს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისთვის, ქვეყნის თავდაცვასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს საგანგებო ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების შემუშავების მიზნით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად განსაზღვრულია: პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების მინისტრი და ფინანსთა მინისტრი. კანონპროექტის შემუშავება განაპირობა კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 10:42