|

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს დღევანდელ სხდომაზე შპს. „ალანიას“ დამფუძნებელი მამუკა თათოშვილი პასუხობდა.
მისი განმარტებით, შპს. „ალანიას“ მაუწყებლობამდე, იყო სტუდია „ერთობა“, რომელიც კონტენტს ამზადებდა. კომისიის წევრების კითხვაზე, თუ ვისი დაკვეთით მუშაობდა სტუდია, რომელი ტელევიზიებისთვის ამზადებდა ის კონტენტს, რა თანხებით ხდებოდა დაფინანსება და შეისყიდეს თუ არა ძმებ ზუბალაშვილებზე მდებარე „ალანიას“ კუთვნილი შენობა სახელმწიფოსგან, მამუკა თათოშვილმა სხდომის ღია ფორმატში საუბარი არ ისურვა. მან ინფორმაციის საიდუმლოებაზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც, მისივე მოთხოვნით, სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა. როგორც სხდომის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ინფორმაცია რომლის გამჟღვავნებისთვისაც მამუკა თათოშვილმა სხდომის დახურვა ითხოვა მას კომისიის წევრებისთვის არ გაუმჟღავნებია. „თათოშვილმა აღნიშნულ კითხვებზე მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტრომ ტელეკომპანიას სიმბოლურ ფასად, ვალდებულებით გადასცა თუმცა, თანხა მას არ დაუკონკრეტებია. მან არ ისაუბრა ხელშეკრულებაზე, რომელიც შსს-სა და „ერთობას“ შორის არსებობდა თუმცა, ჩვენ ამ დოკუმენტებს გამოვითხოვთ და გაცნობის შემდეგ სავარაუდოდ გრიფის საიდუმლოების ახდას მოვითხოვთ, რის შემდგომაც ის საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ. კომისიის წევრებმა კითხვები დღეს „ალანიას“ გენერალურ პროდიუსერს ალექსანდრე ფარულავასაც დაუსვეს. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორ მოხდა შპს. „ალანიას“ შპს. „PIK“ -ად გადაკეთება, რაზეც ალექსანდრე ფარულავამ განმარტა, რომ მოხდა მხოლოდ სახელის შეცვლა. კითხვაზე, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა კომპანიას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ფარულავამ განმარტა, რომ ურთიერთობა ჰქონდათ იმ დონეზე, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას და ამ ტერიტორიაზე მათ გადაადგილებას შეეხებოდა. სხვა ურთიერთობა მან სახელმწიფო სტრუქტურებთან უარყო. თუმცა, კომისიის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ იღებდა იგი ხელფასს, შპს. „ალანია“-ს გენერალურ პროდიუსერობის დროს, განმარტა, რომ ეს ხდებოდა როგორც ბარათზე დარიცხვით, ასევე ხელზე აღებით. „ტელეკომპანია „ალანიას“ თემას საგამოძიებო კომისიის რამდენიმე სხდომა მიეძღვნა. კომისიის ხელთ არსებული მასალებით და მის მიერ წარმოებული დაკითხვებით დასტურდება, რომ „ალანია“ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ - ლიცენციის გარეშე მაუწყებლობდა და როგორც იკვეთება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „PIK“ -ს ფარულავამ განმარტა, რომ ის დაფინანსებას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან იღებდა. კომისიის სხდომაზე დღეს, 2007-2010წწ. და 2010-2012წწ. „TV საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორებსაც მოუსმინეს. როგორც აღინიშნა, ეს კომპანია თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა და თანამშრომლობა მხოლოდ პრესსამსახურთან ჰქონდა, რადგან გადაცემები სამხედრო თემაზე მზადდებოდა. კომისია „TV საქართველოს“ და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ურთიერთკავშირით დაინტერესდა. დღესვე, საჯარო სხდომაზე რადიო „დარდიმანდი“- ს მფლობელს და „აფხაზეთის ხმის“ გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კორახაშვილს მოუსმინეს. კომისიის მიერ დასმულ შეკითხვაზე რომელიც შეეხებოდა „ქის ეფემის“ საჩივარს, სიხშირის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით დაკავშირებით, იგი განმარტვს, რომ მას წინადადებით მიმართა დავით იმედაშვილმა, რის შემდეგაც მოხდა სიხშირის გადაპირება და შეძენა. გიორგი კორახაშვილი, კომისიის წევრებმა „პირველი სტერეოს“ გათიშვასა და ტელეკომპანია „იმედის“ გარკვეული წილის მის მფლობელობაში აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკითხეს. გიორგი კორახაშვილის თქმით, მან რადიოს სიხშირე სოლიდურ თანხად შეიძინა, ხოლო „პირველი სტერეოს“ გათიშვასა და მის მიერ ანძაზე ყოფნას რაც შეეხება, ამბობს, რომ მას დახმარება მისმა მეგობარმა დავით ბეჟუაშვილმა სთხოვა. „დავით ბეჟუაშვილმა მთხოვა, რომ ის ტექნიკური ცოდნა, რაც მე გამაჩნდა, „პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებით მისთვის გამეზიარებინა. ჩემმა მეგობარმა ტელევიზია კი არ გათიშა, ის კონტენტი ჩართო, რაც მას ლიცენზიით ეკუთვნოდა“, - განაცხადა გიორგი კორახაშვილმა. ტელეკომპანია „იმედის“ წილთან დაკავშირებით, კორახაშვილმა განაცხადა, რომ ის წამგებიანი პროექტი აღმოჩნდა. „იმედის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის მიერ „იმედის“ დაბრუნების სურვილის გამოთქმის გამო ტელეკომპანიაში ჩემი 35%-იანი წილი სიმბოლურ ფასად დავუბრუნე“, - აღნიშნა გიორგი კორახაშვილმა. კომისიის წინაშე „რუსთავი2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წარსდგა. კომისია დაინტერესდა 2007 წლიდან დღემდე „რუსთავი2“- ის გასართობი გადაცემები იყო თუ არა დაფინანსებული სახელმწიფოსგან და როგორ ხდებოდა „რუსთავი2“- ში რეკლამის განთავსება. ეს ხდებოდა პირდაპირ თუ თუ შუამავლების მეშვეობით. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა 2007 წლიდან „რუსთავი2“-ში რეკლამის განთავსება შუამავლების მეშვეობით ხდებოდა. 2010 წლამდე ის „მედიაჰაუსის“ ხოლო 2011 დან 2013 წლამდე „ჯენერალ მედიის“ მეშვეობით ხდებოდა. მან ისიც განმარტა, რომ აღნიშნულ მომსახურებას ამჟამად კომპანიას „ინტერ მედია“ უწევს. ნიკა გვარიამ სხდომაზე ტელეკომპანია „საქართველოსა“ და „რუსთავი2“-ს შორის არსებულ კომერციულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძირითადად აპარატურის ქირავნობით; უძრავი ქონების ნასყიდობით; ტექნიკური მომსახურებით; იჯარის ხელშეკრულებით ხორციელდებოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 11.00 საათზე გაიმართება. |