პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 12:26


ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. დღის წესრიგში 45 საკითხია შეტანილი. პლენარულ სხდომაზე იგეგმება მესამე მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით ხდება კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მთავრობის მიერ ინციირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადებად. 
ბიუროს გადაწყვეტილებით პლენარული სხდომა განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ჭოლაძე, თეიმურაზ ღოღობერიძე, დავით თუთბერიძე) კანდიდატურების არჩევის საკითხს და კენჭს უყრის დადგენილების პროექტს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 16:36