იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:48

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის დადგენილების პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის მიზანი იქნება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადება.  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს. დადგენილების პროექტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად უნდა წარმოუდგინოს კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები, კომისიაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა ორგანიზაციული საკითხები. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს ასევე ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად უნდა წარმოუდგინოს კომისიის შემადგენლობა, ისე რომ გათვალისწინებული იყოს წარმომადგენლობის შემდეგი პრინციპები: 1.საპარლამენტო ფრაქციების და უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არა უმეტეს 20 წევრისა. 2.იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები. 3.იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთა მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა 3% -ზე მეტის მხარდაჭერას. 4.საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. 5. სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არა უმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტისა და ამავე სფეროში მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს 2014 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:52