ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | Print |
Friday, 04 October 2013 18:49
 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო მოძრაობის - ,,სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ წევრებისა და 20 000-ზე მეტი ხელმომწერი პირის N26617 განცხადების საფუძველზე 2004 -2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასების თაობაზე დასკვნა განიხილეს. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, განცხადებით მიმართეს სახალხო მოძრაობის ,,სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ წევრებმა, რომლებმაც მოითხოვეს უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში არსებული სახელმწიფო რეჟიმის შეფასება. აღნიშნული მიმართვის პასუხად, კომიტეტმა მიმოიხილა 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუციებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშებით საქართველოს შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნებით საქართველოში ვიზიტის შესახებ, გაეროს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის ანგარიშით საქართველოს შესახებ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის ანგარიშებით, Amnesty International-ის, FIDH-ის, Human Rights Watch-ისა და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა - ძალადობის მსხვერპლთა განცხადებებით.
„ბოლო ცხრა წლის განმვლობაში როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ოფიციალური შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო სამართალდამცავი ორგანოების წარმომდგენლების მონაწილეობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობის კონკრეტული ფაქტები - სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, სერგო თეთრაძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, როინ შავაძის, გიორგი გამცემლიძის და სხვა საქმეები“, -განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, მიდგომა, რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა ისეთი კატეგორიის საქმეების მიმართ, სადაც ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში ,,ი.ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გამოხატავდა განსაკუთრებულ ინტერესს ზემოთ მითითებული საქმეების მიმართ, სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში არ ხდებოდა მათი ობიექტური, ყოველმხრივი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა; ნაცვლად ამისა, ადგილი ჰქონდა სიმართლის გაყალბების მცდელობებს უკანონო ქმედებების გამოყენების გზით. „ოფიციალური პირების მიერ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები და მსგავსი ფაქტებისადმი წინა ხელისუფლების შემწყნარებლობა მიუთითებს სახელმწიფოს მიერ როგორც ნეგატიური, ისე, პოზიტიური ვალდებულებების დარღვევაზე ადამიანის სიცოცხლის უფლების ჭრილში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის დასკვნაში შეფასებულია ასევე 2012 წლის გაზაფხულზე, ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიერ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. „იმის გამო, რომ შესაბამისი ორგანოები არ ატარებდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას, წლების განმავლობაში არსებობდა დაუსჯელობის სინდრომი და პატიმრები სისტემატურად ექვემდებარებოდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ,,ციხის ჩანაწერების” გამოქვეყნების შემდეგ, 2012 წლის შემოდგომაზე ათასობით პატიმარმა მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და მთავარ პროკურატურას მათ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.
კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს ყველა იმ პირის უფლების აღდგენა, ვინც უკანონობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. კომიტეტმა იმ სახელმწიფო ორგანოების მიმართ, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე, შეიმუშავა რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების შესრულებაზე კომიტეტი მონიტორინგის განხორციელებას გააგრძელებს.

Last Updated on Friday, 04 October 2013 19:35