|
პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების, ეკა მაზმიშვილის და ავთანდილ ანთიძის განცხადებები გააცნო, რომლითაც ისინი საბჭოს წევრობის შეწყვეტას ითხოვენ. პარლამენტმა აღნიშნული განცხადებები ცნობად მიიღო.
პარლამენტმა ერთხმად, 103 ხმით, მესამე მოსმენით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა დაამტკიცა. საკითხს უმცირესობამაც დაუჭირა მხარი. კონსტიტუციური კანონის პროექტით ხდება კონსტიტუციის იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადებად. კანონპროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომლის მოქმედებაც კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წყდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, თუმცა, მისივე თქმით, არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ წინ არის. პარლამენტმა 85 ხმით 13-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმას დაუჭირა მხარი. კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხს 30 დღის განმავლობაში ეყრება კენჭი, რომლისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5 იქნება საჭირო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლის გათავისუფლების საკითხი 58 დეპუტატის შესაბამისი მიმართვით აღიძრა. დღესვე პარლამენტმა ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი კვლავ ვაკანტური რჩება. პარლამენტისთვის წარდგენილი ცისმარ ონიანის, ზურაბ სანიკიძის და თინათინ ტყეშელიაძის კანდიდატურებიდან ფარული კენჭისყრით ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა მიიღო. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 88-ხმით 8-ის წინააღმდეგ „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. დავით უსუფაშვილმა კანონპროექტზე გაწეული მუშაობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და არასამთავრობო ორაგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება პოლიციის მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კანონპროექტი პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციურ ღონისძიებებს და უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს. პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი დაამტკიცა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიამ კონსტიტუციის პროექტი პარლამენტს 2014 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს. დადგენილების პროექტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები, კომისიაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა ორგანიზაციული საკითხები. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს ასევე ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს წარმომადგენლობის შემდეგი პრინციპები: 1. საპარლამენტო ფრაქციების და უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არა უმეტეს 20 წევრისა. 2. იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები. 3. იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთა მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის მხარდაჭერას. სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიაში ასევე შევლენ საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ამავე პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არა უმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტისა და ამავე სფეროში მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღესვე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები კანონს კონსტიტუციურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ინიციატორმა შალვა შავგულიძემ წარმოადგინა. ცვლილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკისა და სხვა მოთხოვნების განსაზღვრის, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხებს ეხება. დღესვე განიხილეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ან/და პარლამენტის მორიგი არჩევნების შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, ასევე საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში - არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული კომისია საქმიანობას შეწყვეტს არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს კანონპროექტებს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“; „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ; „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“; „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პოლიციის შესახებ“; „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საგზაო მოძრაობის შესახებ“; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი განსაკუთრებულ, წინასაარჩევნო რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მომდევნო პლენარული სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 30 ოქტომბერს გაიმართება. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში კომიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმუშავებენ. |