საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 23:07

საკაბელო ტელევიზიის „მე-7 არხის“ და „ჯი-ემ-ჯის“ (GMG) ურთიერთობებზე ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შპს „მე-7 არხის“ დირექტორმა, დავით წერეთელმა. მან კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არხის დაფუძნებიდან გაწეული სამიანობის შესახებ. დავით წერეთლის განცხადებით 2008 წლიდან დაიწყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან შეზღუდვები, რუსული არხების გაშვებასთან დაკავშირებით.

2010 წელს კი კომისიის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მოთხოვნები გამკაცრდა. თუ აქამდე გასართობი არხების გაშვება ნებადართული იყო, უკვე ისინიც იკრძალებოდა. ასევე კომისიისგან მოდიოდა მითითება  რუსული არხების „ჯი-ემ-ჯის“ პროგრამებით ჩანაცვლების თაობაზე. დავით წერეთლის განმარტებით, „ჯი-ემ-ჯის“ ტარიფი არაადეკვატური იყო. მისი ინფორმაციით, ასეთივე ზეწოლას განიცდიდა „სუპერ ტივიც“, რომლის ხელმძღვანელმაც მასთან პირად საუბარში განაცხადა, რომ „ჯი-ემ-ჯი“-სთან ხელშეკრულება გაფორმებული იყო მისი ნების წინააღმდეგ, ზეწოლის შედეგად. დავით წერეთელმა ისაუბრა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე და აღნიშნა რომ კანონმდებლობა გადახედვას საჭიროებს საკაბელო ოპერატორების ხელშეწყობის მიზნით.

კომისიამ ტელეკომპანია „რიონსა“ და შპს „მეგა ტვ“-ის შორის წარმოშობილი დავის საკითხზე „მეგა ტვ“-ის წარმომადგენელს ნანა თოშხუას მოუსმინა. მისი განცხადებით „რიონსა“ და „მეგა ტვ“-ს შორის დავა 2006 წელს დაიწყო. მან დეტალურად ისაუბრა ლიცენზიის პირობებსა და გადამცემების სიმძლავრის, ასევე გეოგრაფიული არეალის შესახებ, რითაც ცდილობდა კომისია დაერწმუნებინა, რომ მოსარჩელე „რიონის“ მხრიდან წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მხოლოდ კონკურენტის მხრიდან მათი ჩამოშორების მოტივითაა განპირობებული. მან ასევე უარყო პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან ლობირების საკითხიც და განაცხადა, რომ ისინი თანასოფლელები და თანაკურსელები იყვნენ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ უსაფუძვლო კომპრომატად გამოიყენა. ნანა თოშხიას განცხადებით, მის ტელევიზიას იურიდიული და საფინანსო თვალსაზრისითაც ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, უფრო მეტიც, კომისიამ მათ არსებულ ლიცენზიაში კიდევ ორჯერ გადაახდევინა თანხა მისამართის შეცვლის გამო. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის (2007 წლის აპრილიდან 2007 წლის ნოემბრამდე), ზურაბ ნონიკაშვილისა და კომისიის ყოფილი წევრის (2004წლის ივლისიდან 2009 წლის იანვრამდე), გიორგი ფრუიძის მიმართ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეკითხვები ჰქონდათ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შედეგად ტელევიზიებზე განხორციელებული სანქციებისა და „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით. როგორც კომისიის წევრთა განმარტებებიდან გამოიკვეთა, კომისია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა. მათი განცხადებით მარეგულირებელი კომისია უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი.

სხდომაზე „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ თავმჯდომარემ გურამ ბერუაშვილმა ისაუბრა კავშირის მნიშვნელობაზე საკაბელო ტელევიზიების გაძლიერების საქმეში, თუმცა, მისი განცხადებით, კომისია ზეწოლას ახორციელებდა საკაბელო კომპანიებზე, რის შედეგადაც 2010 წლის ოქტომბერში კავშირი ერთდროულად ათმა კომპანიამ დატოვა. ბერუაშვილის განმარტებით კომისია დაინტერესებული იყო საკაბელო კომპანიების დასუსტებით. მან ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის მხრიდან არასწორად ხდებოდა ამ კანონის გამოყენება, რამდენადაც კომისია არ იყო უფლებამოსილი ორგანო  აღნიშნული კანონით ეხელმძღვანელა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს, რევაზ სვანიძესაც მოუსმინა, რომელიც 2000 წლიდან დღემდე კომისიის თანამშრომელია. მან ისაუბრა კომისიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობასა და პერსპექტივებზე. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მოსმენები მომავალ კვირაში გაგრძელდება.