საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
ხუთშაბათი, 22 ივლისი 2010 22:43

ვინაიდან  1921 წელს  საბჭოთა რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის გზით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის განხორციელების შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კლასი, არამედ ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე;

 

ვინაიდან საბჭოთა კავშირის მიერ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე ათეულმილიონობით ადამიანის მკვლელობის და სხვა დანაშაულთა მასშტაბი და სისასტიკე არ ჩამოუვარდება ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულებისას;

ვინაიდან 1939 წლის 23 აგვისტოს ყველა დროის ორმა ყველაზე დანაშაულებრივმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა – საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ – ე. წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერით გავლენის სფეროებად დაინაწილა ევროპა, რითაც სათავე დაუდო ყველაზე სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში;

 

ვინაიდან აღნიშნული პაქტის ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი მოქმედებდა, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მასთან ურთიერთქმედებით განახორციელა მეზობელი სახელმწიფოებისა თუ მათი ნაწილების ანექსია და ძალის გამოყენებით დაამხო ამ სახელმწიფოთა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები;

 

ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ჯერ კიდევ ისწრაფვის ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლისა და გავლენის სფეროების დაკანონებისკენ, ხოლო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების დამხობა კვლავაც მისი დეკლარირებული მიზანია;

ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ისე პოლიტიკური შეფასება, რათა საბოლოოდ დასრულდეს ამ დანაშაულთა ყოველგვარი გამართლება;

ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავს დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულმილიონობით მსხვერპლის ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;

ვინაიდან 23 აგვისტო ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წელს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადეს,

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. გამოცხადდეს ყოველი წლის 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

2. გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა და გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხზე; შემუშავდეს ახალი და სრულყოფილი გახდეს არსებული სასწავლო სახელმძღვანელოები, პროგრამები და ღონისძიებები ტოტალიტარიზმის ისტორიის შესახებ.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                           დავით ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

N3568-რს