საქართველოს პარლამენტის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი
ხუთშაბათი, 14 აგვისტო 2008 22:58

 მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი საქართველოს ფართომასშტაბიან ოკუპაციას. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა და სამხედრო ოკუპაცია  არის პირდაპირი გამოწვევა ევროპისა და მთელი დემოკრატიული თანამეგობრობის უსაფრთხოებისათვის.


სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციები და დაბომბვები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარბაროსულად დაბომბეს როგორც სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქ თბილისში, ქალაქებში: ქუთაისი, გორი, კასპი, ქარელი, მარნეული, ბოლნისი, ზუგდიდი, ფოთი, ონი, ხაშური, ხელვაჩაური, სენაკი, დედოფლისწყარო. დაიბომბა ასევე ჰოსპიტლები და საავადმყოფოები, რამაც დაჭრილებისა და სამედიცინო პერსონალის დაღუპვა გამოიწვია.

 

რუსეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ მიწასთან გაასწორა აგრეთვე ქალაქი ცხინვალი და მიმდებარე სოფლები, სადაც ქართველებთან ერთად უამრავი მშვიდობიანი ოსი დაიღუპა.

რუსეთის არტილერია და ავიაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდა ზემო აფხაზეთს, შემდეგ კი რუსეთის სადესანტო შენაერთებმა სახმელეთო შეტევა განახორციელეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სეპარატისტების უკანონო ფორმირებებთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით დაიკავეს ზემო აფხაზეთი.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ. ოკუპანტებმა დაიკავეს დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს შემაერთებელი ცენტრალური მაგისტრალი, გაწყვიტეს რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირები, ბლოკადაში მოაქციეს ფოთის პორტი და საქართველოს დედაქალაქი, რამაც შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ღია ტერორი და მოროდიორობა, ხორციელდება მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ზემო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოძევებულია მოსახლეობა. მოსახლეობის ნაწილი ტყვედ არის აყვანილი და მას სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობიან.

საერთაშორისო თანამეგობრობა წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას, სისასტიკეს და მიმდინარე ფართომასშტაბიან  ეთნიკურ წმენდას.

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია არის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ  მთელი მსოფლიოსთვის.

რუსეთის ფედერაციის აგრესიამ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი არ არის და არც შეიძლება იყოს მედიატორი ან მშვიდობისმყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების რეგიონებში. რუსეთის ძალები დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტმა.

საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე აგრესორი სახელმწიფოს საოკუპაციო ძალების რაიმე ფორმით ყოფნას.

საქართველოს პარლამენტი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს ოკუპირებულად აცხადებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო შენაერთებმა დაუყოვნებლივ მთლიანად დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და პარლამენტთაშორის ორგანიზაციებს, შეუწყვიტონ უფლებამოსილება რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს,  საპარლამენტო დელეგაციებს. 

თბილისი,

2008 წლის 14 აგვისტო.

238-რს

 

მიმაგრებული დოკუმენტები
Обращение Парламента Грузии к международному содружеству    76 KB