საქართველოს პარლამენტის მიმართვა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას
პარასკევი, 08 აგვისტო 2008 22:59

  საქართველოს ხელისუფლების სისტემატური მცდელობების მიუხედავად, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნილიყო პირობები კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, კოკოითის სეპარატისტული რეჟიმი და მისდამი დაქვემდებარებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიტუაციის გამწვავებასა და დაძაბვას. ბოლო დროს მათ მიერ განხორციელებული ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც შეიარაღებული აგრესია საქართველოს სახელმწიფოსა და პირველ რიგში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ. უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნების მიზნით უარს ამბობდა საპასუხო ცეცხლის გახსნაზე, გააგრძელეს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მასირებული დაბომბვა.


საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ყველა ზომა მიეღო, რათა რეგიონში დაცულ იქნეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიწმინდოს ტერიტორია უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისაგან და შეიქმნას აუცილებელი პირობები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის.
საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ურყევ ნებას, ააშენოს ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გარანტირებული იქნება თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.
საქართველოს პარლამენტი მიმართავს რეგიონის ოსი ეროვნების მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთიან ქართულ სახელმწიფოში მათ გარანტირებული ექნებათ უფლებებისა და თავისუფლებების სრული სპექტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება მათი თვითმყოფადობის დაცვა და განვითარება, ექნებათ ყველა აუცილებელი პირობა კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების რეალიზაციისათვის.
საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ინსპირირებულ სამხედრო მოქმედებებში.
საქართველოს პარლამენტი გამოხატავს რწმენას, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში აღდგება მშვიდობა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიქმნება ყველა პირობა მშვიდობის, განვითარების, სტაბილურობისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.

 
modules