კანონპროექტიდან კანონამდე

leg-process2საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის კომიტეტს, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
საქართველოში საკანონმდებლო წინადადებათა მთავარი ინიციატორები არიან პარლამენტის კომიტეტები და პრეზიდენტი. კომიტეტში მომზადებული ან საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტი განიხილება შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე.


 კანონპროექტი კომიტეტის დასკვნით და   განმარტებითი ბარათით გადაეცემა პარლამენტის სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს. კანონპროექტი იბეჭდება პარლამენტის სპეციალურ გამოცემაში "პარლამენტის უწყებანი". 


მანამ, სანამ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გამოტანის შესახებ, იგი აწყობს საკომიტეტო მოსმენას, სადაც კანონპროექტი მუხლობრივად განიხილება. საკომიტეტო მოსმენა ტარდება საჯაროდ.


საკომიტეტო მოსმენამდე არა უგვიანეს 7 დღისა, პარლამენტის პრეს-ცენტრი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს ინფორმაციას საკომიტეტო მოსმენის შესახებ. 


თუ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი მზადაა პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის, კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის აპარატს.


აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს დღის წესრიგში კანონპროექტის შეტანას. 
როდესაც კანონპროექტის ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოები, ან ამომრჩევლები, პარლამენტის ბიურო შემოსულ პროექტს გადასცემს შესაბამის კომიტეტს.


პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით.

I მოსმენა - 
კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს ხდება მისი ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების განხილვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში იგი ყველა გასათვალისწინებელ შენიშვნებთან ერთად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

II მოსმენა
 - პარლამენტის მიერ მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტში გადამუშავებული და განხილული კანონპროექტი მეორე მოსმენისათვის პარლამენტის სხდომას წარედგინება. მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება კარების, თავების, მუხლების ან მუხლთა ნაწილების მიხედვით და ყოველ მათგანს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

 

III მოსმენა - მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი. მათ შეუძლიათ მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანა, რის შემდეგაც კანონპროექტს კენჭი ეყრება მთლიანად.

 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გადაეცემა პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს კანონს. კანონი ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში და ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ კანონში არ არის მითითებული სხვა ვადა.

 
modules