ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვან გზაგასაყარს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ მათ შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება და ისინი იმსახურებენ ცვლილებას. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპულ ოჯახში ქვეყნის მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროცესის შეუქცევადობას, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ნება განაპირობებს, საქართველოს ახალი მთავრობა და პარლამენტი კი ამის გარანტი იქნება.

ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონალური პოზიციების გამყარების შესრულების მიზნით, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავების გარდა, კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებად განისაზღვრება: დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება, ქვეყანაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ძლიერი, ფუნქციონირებადი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრება.

აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში ის მუდმივად ითანამშრომლებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, სამოქალაქო სექტორთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად, რომლისთვისაც არ დაიშურებს ძალისხმევას, გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, მონაწილეობას მიიღებს და გამოიყენებს სხვადასხვა საერთაშორისო დიალოგის ფორმებს, რათა ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს მის წინ მდგარი ყველა პრობლემა და გადალახოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე მყოფი ყოველი ბარიერი.

ინტეგრაციის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. მოქალაქეთა ჩაბმულობა, განათლებული და ინფორმირებული საზოგადოების სიტყვა და ნება იქნება უმთავრესი ინსტრუმენტი პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის. სწორად დაგეგმილი საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანია და სათანადოდ გაშუქებული ახალი ამბები კი იქნება ის საშუალება, რომელიც გაზრდის ინტეგრაციულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხს. დღეს, განსაკუთრებით საჭიროა პოლიტიკის ფორმისა და შინაარსის ურთიერთთავსებადობისა და ჰარმონიულობის საკითხი: დეკლარირებულ და საჯაროდ გაცხადებულ პოლიტიკას პირდაპირპროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რაც თავის მხრივ მოითხოვს ამომრჩევლის მხრიდან დიდ აქტიურობასა და მონიტორინგს.

მჯერა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი გახდება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და თავის წვლილს შეიტანს ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების საქმეში.

 

ვიქტორ დოლიძე