სხდომის ოქმი N84

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის

საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

N 84                                              2012 წლის 22 მაისი                  

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები:

რ. კემულარია, რ. ფიფია, ნ. ჯანაშია - ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის”,  რ. თედორაძე – ფრაქცია “ძლიერი საქართველო”;                                                                                                             

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები: პ. დავითაია, ბ. ხურციძე, ბ. ბასიშვილი,  კ. ნაყოფია.

სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, დ. ლაცუზბაია,  ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, მ. ჩიქობავა, თ. ჭახრაკია.

მოწვეულები:

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლები: გ. ბობოხიძე, ა. მელია, ვ. ნიქაცაძე,  ბ. სილაგაძე, ნ. უბილავა.

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები: ე. გვაზავა (თავმჯდომარე), თ. ხუბუა, ა. წოწონავა (თავმჯდომარის მოადგილეეები), ა. ჯ. გამახარია კომისიის თავმჯდომარე), ა. გასვიანი, ო. ნაგორნინა (უ/ს წევრები), ე. ასტემიროვა, რ. გერგედავა, დ. დარსალია, კ. თორია, ვ. თორდია, რ. მუსერიძე, ხ. ქარდავა, ხ. შულაია (უ/ს აპარატის თანამშრომლები).

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია: ზ. ანთაძე (ხელმძღვანელის მოადგილე), ლ. ფუხაევა (ხელმძღვანელის თანაშემწე).

დღის წესრიგი:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში (2010 წლის …13 ივნისი _ 2012 წლის მაისი) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის პროექტის განხილვა

მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ საანგარიშო (2008 წლის …ივნისი _ 2010 წლის მაისი) პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში  (2010  წ. 13 ივნისი 2012 წ. მაისი) საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოგვარებისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინირების ფარგლებში  კომისია განაგრძობდა მუშაობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალების მოძიება და სისტემატიზაცია; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სათანადო გეგმების შემუშავება; რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებებზე რეაგირება; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის დეოკუპაციის ერთადერთი რეალური გზა მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლაა, რაც გულისხმობს კრემლთან დაპირისპირების გადატანას სამართლებრივ სიბრტყეზე, სამართლებრივი მეთოდების გამოყენებას, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ ინფორმირებას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობასკომისიამ თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ზემოთ ჩამოთვლილ პრიოირიტეტულ მიმართულებებთან ერთად, დაისახა რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის არსის, მისი მემკვიდრეობითობისა  და იმ საშიშროების სრულად წარმოჩენა, რაც რუსეთის ექსპანსიონიზმისადმი შემდგომი წაყრუების შემთხვევაში ემუქრება არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას.

ითქვა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს “ოკუპაცია”. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ 17 დოკუმენტურ ფილმში, დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით, ასახულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ავღანეთში სხვადასხვა დროს სსრკ-ის მიერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის, რეპრესიების, გენოციდის, აგრეთვე, კულტურული და დემოგრაფიული ექსპანსიის, ეთნიკური წმენდის  ფაქტები. ხაზი გაესვა, რომ ცალკე ფილმები მიეძღვნა აგრეთვე, გერმანიის, იაპონიის და  საქართველოს (2008 წლის აგვისტოს ომი) ტერიტორიების ოკუპაციას. სამი ფილმი მიეძღვნა გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიისა (ანშლუსი) და ჩეხოსლოვაკიის (სუდეტები) ანექსიის,K ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტი) საკითხებს. ხაზი გაესვა, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, _ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი. კომისიის აზრით, რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ნეოკომუნისტური ფაშიზმი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ ფილმების რუსულმა ვერსიამ, რომელიც გადაიცა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხაზი გაესვა, რომ YouTube-სა და ПИК-ზე  (ინტერნეტით) აღნიშნულ ფილმებს სამი თვის განმავლობაში უკვე უყურა 150 ათასამდე ადამიანმა (დღეში, საშუალოდ 3 ათასამდე). გამოხმაურება, ძირითადად, პოზიტიურია (75%-ზე მეტი). მას უყურებენ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ, მაგალითად, კანადაში, ავსტრალიაში. შ. მალაშხიას განცხადებით ახლო მომავალში ფილმები ითარგმნება ინგლისურ ენაზეც და მათ დაემატება კომისიის მიერ გადაღებული ეთნოწმენდის მასალები. გამოითქვა იმედი, რომ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ ფილმებით არანაკლებად დაინტერესდებიან ასევე დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც.    

ითქვა, რომ ნაწილობრივ, სხვა მნიშვნელოვან მიზანთან ერთად, იმავე მიზანს ემსახურება კომისიის მიერ შემუშავებული მეორე პროექტიც _ ”ჩვენ, კავკასიელები”. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა, უტყუარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გამახვილებელია ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ უმძიმეს დანაშაულზე.

საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა კომისიის საქმიანობაზე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, 1992-1993 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი მასალების მოძიების, სისტემატიზაციის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათ წარსადგენად შინგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთობლივად მიმდინარე სამუშაოებზე. ითქვა, რომ ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში კომისიამ კიდევ უფრო მეტად გაააქტიურა საქმიანობა. ამ საკითხს მიეძღვნა კომისიის ოთხი სხდომა. ამჟამად კომისიაში უკვე თავმოყრილია ეთნიკური წმენდის 700-მდე თვითმხილველის ვიდეოჩანაწერი.

კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა რწმენა, საქართველოს ტერიტორიაზე 1992–1993 წწ. და 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ეთნიკური წმენდის შესახებ არსებული უტყუარი ფაქტების საერთაშორისო სასამართლოებისთვის წარდგენის შემდეგ, იმ სახელმწიფოს, რომელიც არის ამ ეთნიკური წმენდის არა მარტო წამახალისებელი, არამედ უშუალო განმხორციელებელიც, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესრულება, საქართველოსთვის  მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჩათვლით.

მოხსენებაში სათანადო ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. ხაზი გაესვა, რომ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ დარღვევას იქ დღემდე მასშტაბური ხასიათი აქვს.  აღნიშნულ პრობლემებზე კომისია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. ითქვა, რომ ამავე პრობლემასთან დაკავშირებით, კომისიას საანგარიშო პერიოდში არა ერთი ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული.

კომისიის აზრით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კონფლიქტების სამართლებრივი გზით მოგვარება, უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ობიექტური ინფორმირება საქართველოში არსებული კონფლიქტების როგორც სამართლებრივი, ასევე ისტორიული ასპექტების შესახებ.

შ. მალაშხიამ ისაუბრა ასევე კომისიის თანამშრომლობაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ოკუპირებულ ზონებში ამჟამად შექმნილი ვითარების გაყალბების მიზნით რუს და სეპარატისტ მეცნიერთა მიერ შექმნილ ცრუ სამეცნიერო ნაშრომებზე მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური პასუხების გასაცემად.

საანგარიშო მოხსენებაში სათანადო ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური ფასეულობების სავალალო მდგომარეობას და კომისიის საქმიანობას აღნიშნული პრობლემის აქტუალიზაციისა და მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის  სათანადო ყურადღების მისაპყრობად.

ხაზი გაესვა, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ისტორიული და რელიგიური ძეგლები კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასთან ერთად, ითქვა, რომ ახალ რეალობაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღნიშნული ტერიტორიები ოფიციალურად გამოცხადდა ოკუპირებულ ტერიტორიებად, საქართველოს ხელისუფლოებას გაუჩნდა პრობლემაზე საერთაშორისო ზემოქმედების გაცილებით მეტი სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.  

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  კომისიას საანგარიშო პერიოდში, კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებთან ერთად, მუშაობა უწევდა იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა სოციალურ პრობლემებზეც.  ითქვა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან, განსაკუთრებით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოსთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციასთან.

ითქვა, რომ კომისიის სხდომაზე ორჯერ იქნა მოსმენილი სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე, სახელმწიფო მინისტრ, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია, მოსმენილ იქნა ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, ბატონ კობა სუბელიანის ინფორმაცია. გარდა ამისა, ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ჩატარდა გამსვლელი შეხვედრები დევნილებთან სამეგრელოსა და შიდა ქართლში. აღსანიშნავია, რომ კომისიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე (”ბუფერულ”) ზონაში მცხოვრებთა პრობლემებიც, რომლებიც ოპერატიულად მიეწოდებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას რეაგირებისთვის.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა სხვა პრობლემებზეც, რომლის აქტუალიზაციაზეც კომისიას უწევდა მუშაობა. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოსადმი მიყენებული ზარალი და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველო) ოკუპირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალის უკანონო გატანასთან დაკავშირებით შავი ზღვის რეგიონში მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარე და სამომავლო სამუშაოები.

აღინიშნა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კომისიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს შემოდგომისთვის პროექტის ”ჩვენ, კავკასიელები” 12 ფილმზე (ქართული და რუსული ვერსიები)  მუშაობის დასრულებას. აგრეთვე პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში გადაღებული 17 ფილმის (ქართული, რუსული, ინგლისური ვერსიები) საბოლოო დასრულება, ოკუპირეულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ამსახველი 10-15 წუთიანი მასალის დართვით და მინიმუმ, იმ ქვეყნებში ჩვენებით, სადაც ეს ფილმებია გადაღებული. სათანადო ყურადღება დაეთმობა აგრეთვე  კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის აქტუალიზაციის საკითხს.

აზრი გამოთქვეს: ე. გვაზავამ, ა. წოწონავამ, ა. გასვიანმა, თ. ხუბუამ, ნ. ჯანაშიამ, რ. თედორაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დადებითი შეფასება მისცეს კომისიის საქმიანობას და გამოთქვეს მადლიერება კომისიისადმი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურებთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

სხდომამ გადაწყვიტა:

  1. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი ანგარიშის პროექტი.
  2. წარმოდგენილი ანგარიში წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და ეთხოვოს მას მისი პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა.

კომისიის თავმჯდომარე:                                შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                      რ. ფიფია

 
modules