| სხდომის ოქმი N83 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოქმი: N 83 2012 წლის 15 მაისი სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, დ. ლაცუზბაია, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, მ. ჩიქობავა, თ. ჭახრაკია.
დღის წესრიგი: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან დამსწრეთ გააცნო ინფორმაცია "აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ამსახველ მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ". შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ კომისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან თანამშრომლობით განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფაქტების მოსაპოვებლად. აღინიშნა, რომ კომისიას უკვე 700-მდე ვიდეო ჩანაწერი აქვს (გასული წლის სექტემბრის მიწურულში - 200), სადაც თითოეული მოქალაქე საკუთარი თვალით ნანახ ტრაგედიებს 20-30 წუთის განმავლობაში აღწერს. თუმცა გაცილებით მეტია მათი რიცხვი, ვისაც მომხდარი ფაქტების შესახებ ვიდეოკამერის წინ საუბარი სურს. ითქვა, რომ მხოლოდ მიმდინარე მაისის თვის პირველ ნახევარში კომისიის აპარატის მიერ ფოთში 130-მდე ადამიანი იქნა ჩაწერილი. ხაზი გაესვა, რომ კომისია მუშაობას ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელებს. შ. მალაშხიამ მადლიერება გამოხატა საქართველოს შსს-სა და საქართველოს პროკურატურის მიმართ ოკუპირებულ ზონებში ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტებზე მუშაობის გააქტიურების გამო და ხაზი გაუსვა ამ მხრივ საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. მან აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს მოეპოვება ცალსახად დადასტურებული ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე 1992-1993 და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ და იმ სახელმწიფოს, რომელიც არის ამ ეთნიკური წმენდის არა მარტო წამახალისებელი, არამედ უშუალო განმხორციელებელიც, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს პასუხი აგოს, როგორც ევროპული სასამართლოების წინაშე, ასევე შეასრულოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და გადაწყვეტილებები. კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის, და მათ შორის დროებითი საპარლამენტო კომისიის მიმდინარე საქმიანობაზე, ამ მიმართულებით მუშაობის შემდგომი გააქტიურების მნიშნელობაზე. ხაზი გაუსვა რა ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევის ერთადერთ რეალურ გზას __ მშვიდობიან, სამართლებრივ ბრძოლას, რაც გულისხმობს კრემლთან დაპირისპირების გადატანას სამართლებრივ სიბრტყეზე, სამართლებრივი მეთოდების გამოყენებას, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ ინფორმირებას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, შ. მალაშხიამ ისაუბრა კომისიის საქმიანობაზე რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის არსის, მისი მემკვიდრეობითობისა და იმ სერიოზული საშიშროების სრულად წარმოჩენის მიმართულებით, რაც არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას ემუქრება რუსეთის ექსპანსიონიზმისადმი შემდგომი წაყრუების შემთხვევაში. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ როლზე, რაც ამ მხრივ ეკისრება კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს "ოკუპაცია”. ითქვა, რომ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ 17 დოკუმენტურ ფილმში, დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით, ასახულია სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს სსრკ-ის მიერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის, რეპრესიების, გენოციდის, აგრეთვე, კულტურული და დემოგრაფიული ექსპანსიის, ეთნიკური წმენდის ფაქტები. ხაზი გაესვა, რომ ცალკე ფილმები მიეძღვნა აგრეთვე, გერმანიის, იაპონიის და საქართველოს (2008 წლის აგვისტოს ომი) ტერიტორიების ოკუპაციას. სამი ფილმი მიეძღვნა გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიისა (ანშლუსი) და ჩეხოსლოვაკიის (სუდეტები) ანექსიის დაK ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტი) საკითხებს. ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი. ითქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ნეოკომუნისტური ფაშიზმი. ხაზი გაესვა, რომ თავის დროზე, არც ფაშისტურ გერმანიას და არც საბჭოთა კავშირს არ მოსვლიათ აზრად მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ეთნოწმენა მოხდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოეცხადებინათ, რაც ჩაიდინა რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასრულდა მუშაობა ამ ფილმების რუსულ ვერსიაზეც, რომელიც გადაიცა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე. Youtub-ზე ამ ფილმებმა უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მოსახლეობაშიც. ითქვა, რომ ფილმებს უკვე უყურა 80 ათასამდე ადამიანმა. გამოხმაურება ძირითადად პოზიტიურია (75%). მას უყურებენ არა მარტო ევროპაში, არამედ, კანადაში, ავსტრალიაში. ახლო მომავალში ფილმები ითარგმნება ინგლისურ ენაზეც და მათ დაემატება კომისიის მიერ გადაღებული ეთნოწმენდის მასალები. შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ ფილმებით დაინტერესდებიან ასევე დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყნაში. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე კომისიის მიერ შემუშავებულ მეორე პროექტზეც ”ჩვენ, კავკასიელები”. ითქვა, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა, უტყუარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ყურადღება გამახვილებელია ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ეს არ არის ანტირუსული პროექტი, პირიქით, პროექტი წარმოაჩენს კრემლის იმპერიული პოლიტიკის სავალალო შედეგებს თვით რუსეთის მოსახლეობისთვისაც. ითქვა, რომ დაგეგმილია ამ თემაზე 12 ფილმის გადაღება. შ. მალაშხიას განმარტებით, ფილმების ნახვის შემდეგ ჩრდილოკავკასიელი ერები კიდევ უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ ისინი ხელოვნურად არიან მოწყვეტილნი ევროპულ ცივილიზაციას და როგორც მისი ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი, მათივე სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაუბრუნდნენ მას. შ. მალაშხია ასევე შეეხო რუსეთში მიმდინარე პროცესებს და მათ რეალურ პერსპექტივას. აღინიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სამოქმედო რესურსი, მისი სამოქმედო პროგრამის არარეალურობიდან გამომდინარე (პროგრამა ფაქტობრივად, მიზნად ისახავს სსრკ-ის აღდგენას), 1-1,5 წელს არ აღემატება. შედეგად, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ის იძულებული გახდება დაეყრდნოს ნაციონალისტურად განწყობილ ძალებს, რომლებიც რუსეთს კავკასიის გარეშე მოიაზრებენ. ხაზი გაესვა პროექტის "ჩვენ, კავკასიელები” აქტუალობას აღნიშნულთან დაკავშირებითაც. კომისიის თავმჯდომარის ღრმა რწმენით, დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური რეფორმების და დეოკუპაციის სამშვიდობო პროცესისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულების საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო გააფართოვებს და გააღრმავებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულება, საოკუპაციო ჯარების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შეუქცევადი პროცესის დაწყება. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ უკვე დასავლეთის სახელმწიფოების უმაღლეს წრეებში ღიად საუბრობენ იმის შესახებ, აკეთებენ კი ისინი ყველაფერს, იმისთვიც, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მხარდაჭერა უფრო რეალური გახდეს. ასევე აღნიშნავენ, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელი ფაქტორი. აღნიშნული მიდგომების დასასაბუთებლად მათ მოჰყავთ იგივე არგუმენტები, რომლებიც ადრე დროებით კომისიას არაერთხელ გაუხმოვანებია, კერძოდ, პარალელები დასავლეთ გერმანიის მიღებასთან ნატოში. რეგლამენტის გათვალისწინებით, სხდომის მონაწილეებს წარედგინათ მომზადებული აუდიომასალის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელშიც დაფიქსირებულია აფხაზეთში 1992-1993 წლებში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველთა მონათხრობი, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, როგორ მარხავდნენ მათ ცოცხლად, როგორ ხვრეტდნენ და საკუთარ სახლებში წვავდნენ ადამიანებს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი აუდიომასალა ქართველთა ეთნოწმენდაზე არსებული საერთო მასალის ყველაზე "რბილი" ნაწილია. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდაზე ვიზუალური კადრებიც მრავლად არსებობს, თუმცა კომისიამ სხდომაზე მათი ჩვენებისაგან, გასაგები მიზეზების გამო, თავი შეიკავა. აზრი გამოთქვეს: ე. გვაზავამ, ა. გასვიანმა, ჯ. გამახარიამ, თ. ხუბუამ, ნ. ჯანაშიამ. სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან განაცხადა, რომ მსგავსი დანაშაულის რეაგირების გარეშე დატოვება XXI საუკუნეში სრულიად წარმოუდგენელია და გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ დამნაშავეები მაინც წარსდგებიან საერთაშორისო სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებენ ჩადენილი უმძიმესი და უსასტიკესი დანაშაულისათვის. შ. მალაშხიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს ამ მასალების მოძიების პროცესში კომისიასთან თანამშრომლობისთვის. განხილულ საკითხთან დაკავშირებით სხდომამ გადაწყვიტა: 1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი მასალის მოპოვების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომებზე პერიოდულად განხილვა. კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია კომისიის მდივანი: რ. ფიფია |






