სხდომის ოქმი N82

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

 

N 82                                         2011 წლის 29 მარტი 

                                                                          

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. კემულარია, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები მაჟორიტარები";   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კ. სუბელიანი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლები: მ. ესაიაშვილი, ე. გულუა, მ. სვანიძე;

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, მ. ჩიქობავა, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და   მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის პრიორიტეტების შესახებ

(საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგანსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის ინფორმაცია)

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

აღინიშნა, რომ კომისია ტრადიციულად, პერიოდულად ისმენს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების თაობაზე აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციას. ითქვა, რომ მოსახლეობისთვის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერი სრული ფორმატით გადაიცემა მეორე არხის ეთერით. კომისიის თავმდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ნულიდან მოუხდა დევნილთა განსახლების პრობლემებზე მუშაობა. ითქვა, რომ განვლილ  წლებში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების მიუხედავად დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილის საყოფაცხოვრებო პირობები  მოუგვარებელია. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და პრობლემა მთლიანად ამოწურული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დევნილები დაუბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს.

კომისიის თავმჯდომარე ასევე შეეხო დეოკუპაციის პრობლემებს და გამოეხმაურა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ი. ალასანიას განცხადებას ხელისუფლების მიერ დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისა და წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების შესახებ. შ. მალაშხიამ გაავლო პარალელები აღნიშნულ და ამავე საკითხზე რუსეთის საგარეო უწყების, ასევე  აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელთა განცხადებებს შორის, ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის კონფლიქტის ზონაში ვითარების ხელოვნურ ესკალაციაში დასადანაშაულებლად.  მან აღნიშნა, რომ ი. ალასანიას განცხადება უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ ყოველგვარ რეალობას არის მოკლებული. ითქვა, რომ სინამდვილეში, საქმე გვაქვს არა ”უკანონო შეიარაღებული ფორმირებებთან”, არამედ, 2008 წლის აგვისტოს განხორციელებულ რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს რეზერვის კომპლექტაციასა და მომზადებაში გამოვლენილი სერიოზული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სერიოზულ მუშაობასთან. მოტანილ იქნა მსგავსი პრეცედენტები ისრაელისა და კვიპროსის რეზერვის პრაქტიკიდან. შ. მალაშხიამ სინანული გამოხატა ”ქართული ოცნების” ლიდერთა, რუსეთის საგარეო უწყების მესვეურთა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების სრული თანხვედრის გამო. 

მოისმინეს:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კ. სუბელიანის ინფორმაცია ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის პრიორიტეტების შესახებ”

მინისტრმა აღნიშნა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულ ხელისუფლებას მემკვიდრეობად ერგო დევნილთა გაუსაძლისი მდგომარეობა. ითქვა, რომ ამჟამად დევნილთა (როგორც კერძოდ ჩასახლებულთა, ასევე კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელთა) ყოფითი პირობების გაუმჯობესება მათი ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების პროგრამების უზრუნველყოფის გზით მიმდინარეობს და ეფუძნება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას.

კობა სუბელიანმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების 4 ალტერნატიული მიმართულებით საქმიანობაზე:

I . პრივატიზებისთვის განკუთვნილი კოლექტიურ ცენტრების რეაბილიტაცია და მათი დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემა;

II. საქართველოს რეგიონებში არსებული დაცარიელებული სახლებისა და ბინების შესყიდვა და მათი იმ დევნილთათვის შეთავაზება, რომლებიც ცხოვრობენ კოლექტიურ ცენტრებში;

III. ფულადი დახმარება საცხოვრებელი ფართის შესაძენად;

IV. ახალი მშენებლობები

პირველ მიმართულებასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩატარებული მუშაობის შედეგად დაზუსტდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ცხოვრობდნენ კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, რომლებიც სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობისა და ძირითადი საცხოვრებელი პირობების შექმნის გათვალისწინებით პრივატიზებას ექვემდებარებოდნენ. ინტენსიურად მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაცია და მათი დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.

ითქვა, რომ დღეისთვის, დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემული ობიექტების რაოდენობამ შეადგინა 732 კორპუსი, მათ შორის ქ. თბილისში–247 ობიექტი, ხოლო რეგიონებში – 485. საერთო ჯამში დაკმაყოფილებულია 23 ათასზე მეტი ოჯახი. დევნილთა განსახლების პროცესში დაიხურა 115 კოლექტიური განსახლების ობიექტი.

მეორე მიმართულებასთან დაკავშირებით ითქვა, რომ 2000-მდე ოჯახისთვის, რომლებიც კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობდნენ, სოფლად შეძენილი იქნა დაცარიელებული სახლები საკარმიდამო ნაკვეთებით.

მესამე მიმართულებასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ 5500-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებლის შესაძენად. აღინიშნა ის ჩატარებული ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული დუბლირება განსახლების სხვა პროექტებთან მიმართებაში. 

მეოთხე მიმართულებასთან დაკავშირებით, კ. სუბელიანმა ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, წყალტუბო, ზუგდიდი ახალი საცხოვრებელი ბინებისა და კოტეჯების მშენებლობისა და მათი დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხებზე. ითქვა, რომ ეს ქალაქები შერჩეული იქნა იმ მოტივით, რომ იქ გაცილებით მეტი შესაძლებლობაა დევნილთა დასაქმებისთვის, ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში. ფოთში ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილადა 1055 ოჯახი (32 კორპუსი), წყალტუბოში–320, ბათუმში – 528 ოჯახი (22 კორპუსი),  ხოლო ზუგდიდში აშენდება 10 ახალი კორპუსი.

მინისტრმა ისაუბრა მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე და განაცხადა, რომ დევნილთათვის წლის ბოლომდე 10 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და რამდენიმე ათეული კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდება. მისი განცხადებით წლის ბოლომდე კიდევ 6 ათასი დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში. ითქვა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების მოსაძიებლად, რომლებიც საცხოვრებლად მოწყობის შემდეგ, შეთავაზებული იქნება დევნილთათვის, როგორც განსახლების ალტერნატიული საშუალება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დევნილებით დასახლებული კოლექტიურ ცენტრებში ელექტროგამრიცხველიანების, გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საკითხების გადასაწყვეტად მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო კომპაქტური ჩასახლების ობიექტების იმ ნაწილს, რომლებიც კერძო მფლობელობაშია და ვარგისია საცხოვრებლად. ითქვა, რომ მფლობელის თანხმობის შემთხვევაში, მოხდება გონივრულ ფასად სახელმწიფოს მიერ მათი გამოსყიდვა და დევნილებისთვის საკუთრებაში  გადაცემა. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთათვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და მათი დაცვა თვითნებური და დაუსაბუთებელი გამოსახლებისაგან.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებებზეც.

აზრი გამოთქვეს: ბ. ბასიშვილმა, რ. კემულარიამ.

სხდომის მუშაობა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

სხდომამ გადაწყვიტა: ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კ. სუბელიანის ინფორმაცია ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის პრიორიტეტების შესახებ”.

სხდომის თავმჯდომარე:                          შ. მალაშხია

სხდომის მდივანი:                                რ. ფიფია

 
modules