სხდომის ოქმი N81

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის (დახურული) სხდომის

ოქმი:

 

81                                          2011 წლის 13 არ                   

                                                                                                                                    

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

რ. კემულარია, რ. ფიფია - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

ე. ტყეშელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი;

ი. ფორჩხიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ნ. ტანგიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის  დეპარტამენტის უფროსი;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები:

ჯ. გამახარია, დ. გვაძაბია, რ. ქარაია;                                                        

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები: ე. ასტემიროვა,  ზ. გახარია, დ. დარსალია, კ. თორია, ვ. თორდია, ნ. კვარაცხელია, კ. კუჭეხიძე, .  ჯ. ლეთოდიანი,  გ. მაღლაკელიძე, ზ. მებონია, მ. ომანაძე, ხ. ქარდავა, რ. ცინდელიანი;

კ. სალია – აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში;               

ლ. ლაგვილავა - აფხაზეთის ა/რ-ის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი; 

ზ. ჯაფარიძე – აფხაზეთის ა/რ-ის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარ-ს მოადგილე; 

მ ჩხოტუა - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამასახურის უფროსი;

დ. სანაკოევი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცის ხელმძღვანელი;

ვ. სანებლიძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის მოადგილე;

თ. ბესტაევი-ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ. ანთაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ს. ცოტნიაშვილი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის განათლების  და კულტურის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;                

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, მ. ჩიქობავა, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და   მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ

(საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია).

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე მუშაობა ხელისუფლების საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა კომისიისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებით დაკავებული სტრუქტურების თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული დეოკუპაციისა და საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ითქვა, რომ სამუშაო რეჟიმში რეგულარულად მიმდინარეობს ინფორმაციათა გაცვლა, პოზიციათა შეჯერება, რაც შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებში აისახება. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაციის პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, მას დამოუკიდებლად, საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გადაწყვეტს.

მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერა  გაცილებით აქტიურია, რასაც ცალსახად ადასტურებს უმაღლეს საერთაშორისო დონეზე (გაერო, ეუთო, ევროპარლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტების მიღება. არის სერიოზული ბერკეტები, რომ ეთნოწმენდამომხდარ რეგიონებს არ მიეცეს დამოუკიდებლობა. მან ისაუბრა ქართული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საერთაშორისო დოკუმენტების მომზადების ყველა ეტგაპზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს საერთაშორისო დონეზე დაერქვა ოკუპირებული ტერიტორიები. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ XXI საუკუნეში ეთნოწმენდამომხდარი რეგიონის დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების საქმეა.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სსრკ-ის მიერ ავღანეთის 10 წლიანი ოკუპაცია კრემლისთვის სავალალო შედეგებით დამთავრდა. აურაცხელი ადამიანური და მატერიალური დანაკარგისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო  კრემლი იძულებული გახდა გამოეყვანა თავისი სამხედრო შენაერთები ავღანეთიდან და ხელი აეღო ავღანელი ხალხისთვის სრულიად მიუღებელი კომუნისტური იდეოლოგიის ძალადობრივი დანერგვის მცდელობაზე. ითქვა, რომ საბოლოოდ, ავღანეთის კამპანია კრემლისთვის კომუნისტური რეჟიმის კრახითა და სსრკ-ის დაშლით დასრულდა. 

შ. მალაშხიამ ისაუბრა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. კერძოდ ყურადღება გაამახვილა, კავკასიაში რუსეთის სახელმწიფოს არაკონსტრუქციულ პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია რეგიონში არა ჭეშმარიტი მშვიდობის დასამყარებლად, არამედ საკუთარი გავლენის გაძლიერებისა და ნეოიმპერიის შექმნისკენ. ხაზი გაესვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება,  აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმათა დარღვევით, საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს, ხოლო ამ მენტალობის შეცვლის გარეშე არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა დარჩება კომუნისტური რეციდივების აღდგენა-განმეორების სერიოზული საშიშროების წინაშე.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ თუ უახლოეს მომავალში რუსეთის ხელისუფლება დიამეტრალურად არ შეცვლის პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღსადგენად მის მიერ არჩეულ აგრესიულ კურსს და არ დაადგება მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ განვითარების გზას, არსებული რეჟიმის კრახი გარდაუვალი იქნება და რუსეთის შემდგომ დაშლას შესაძლოა, 10 წელიც არ დასჭირდეს.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდება მზარდი საერთაშორისო ზეწოლის გამო შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. ითქვა, რომ ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ პროცესის შეუქცევადობა დღეს, როგორც არასდროს ეჭვს აღარ იწვევს.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა, რომ იქ მდგომარეობა 2008 წლის აგვისტოს აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გართულებულია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამ ფაქტორზე: პრობლემები ადამიანის საყოველთაო უფლებათა დაცვის, ეკოლოგიის და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობისა და საერთაშორისო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შ. მალაშხიამ ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და   მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობისა და მათ განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ. ამ მიმართულებით აღინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის არსებული მენტალური განსხვავებებს და მათი აღმოფხვრის სირთულესა და აუცილებლობას. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოტანილ იქნა გერმანიის მაგალითი, სადაც გაერთიანების მიუხედავად, ჯერ კიდევ შეიმჩნევა გარკვეული მენტალური განსხვავება დასავლეთ გერმანიისა და ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მცხოვრებლებს შორის, ვინაიდან ნახევარი საუკუნის მანძილზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრებას არ შეეძლო მოსახლეობაზე თავისი უარყოფითი კვალი არ დაეჩნია. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სახის პრობლემები უფრო მნიშვნელოვნად იჩენს თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ვინაიდან დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას ცხოვრება უწევს ტოტალიტარული რეჟიმების წნეხის ქვეშ, ახალგაზრდობა იზრდება ფალსიფიცირებულ ისტორიაზე და ფასეულობებზე. გარდა ამისა, რუსეთის მიერ იქ ხორციელდება დემოგრაფიული ექსპანსია და მიმდინარეობს ასიმილაციის პროცესი.

კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლების გახსნილ პოლიტიკაზე მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. მოტანილ იქნა სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების მაგალითები ჯერ ჩრდილო კავკასიის, ხოლო შემდეგ მთლიანად რუსეთის მოსახლეობისთვის, რასაც სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა. ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებამ სერიოზულ საგონებელში ჩააგდო რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც არცთუ უსაფუძვლოდ აშფოთებს საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში ჩატარებული წარმატებული რეფორმების უშუალო დანახვა.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა, მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით სხდომამ მუშაობა დახურულ რეჟიმში განაგრძო.

მოისმინეს: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და   მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ.

მინისტრმა ისაუბრა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის პარალელურად ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისთვის 2011 წელს გაწეული საქმიანობისა და 2012 წლის პრიორიტეტების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელების საკითხში საქართველოს მთავრობის ხედვისა და მიდგომების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ითქვა, რომ ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას, გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.

ე. ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს, ეწინააღმდეგება ამ რეგიონების იზოლაციას. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს  დე-იზოლაციის პოლიტიკას, რომლის მიზანია ამ ტერიტორიებზე მცხოვრები, ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობის ხელშეწყობის გზით მათთვის იმ სარგებლის შეთავაზება, რაც მოჰყვება საქართველოს დაახლოებას ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

ვიცე-პრემიერმა მიმოიხილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია და დეტალურად ისაუბრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რომლის მიზანია ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის იმ უფლებებისა და პრივილეგიების უზრუნველყოფა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემის საკითხთან დაკავშირებით, მინისტრი დეტალურად შეჩერდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და სამოგზაურო დოკუმენტზე. ითქვა, რომ შემუშავებული ორი ტიპის ნეიტრალური დოკუმენტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის სოციალურ მომსახურებას, ასევე გაუმარტივებს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

აღინიშნა, რომ გამარტივებული წესით გაცემული ,,პირადობის ნეიტრალური მოწმობა» მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის არის განსაზღვრული; ასევე, აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში.

მინისტრი ასევე შეეხო აღნიშნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებსაც. 

ე. ტყეშელაშვილმა, ასევე, ისაუბრა სტრატეგიის განხორციელების პროცესში ქვეყნისთვის საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო გაერთიანებებს, ბიზნესერთეულებს, აგრეთვე პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურებად სტრატეგიის მიზნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.

მინისტრმა ასევე უპასუხა სხდომის მონაწილეთა მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას.

აზრი გამოთქვეს: ნ. ჯანაშიამ, თ. ხუბუამ, ჯ. გამახარიამ.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

სხდომამ გადაწყვიტა: ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ.

კომისიის თავმჯდომარე:                               შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                          რ. ფიფია  

 
modules