სხდომის ოქმი N80

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

N80                                           2012 წლის 23 თებერვალი                                                                      

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ.ბასიშვილი, რ.ფიფია - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – ფრაქცია “ძლიერი საქართველო”;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლ. გახელაძე;

ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლები:

ა ფარულავა (ხელმძღვანელი), თ. ჩაგელიშვილი (სცენარისტი), ს. ბრეგვაძე,

ნ. ბუკულოვა, მ. გაგიევა, მ. გაგუა, ა. გრიგორიანი, კ. მამედოვა,

მ. ვარძელაშვილი, თ. თუშური, დ. იოსელიანი, რ. კვარაცხელია,

თ. პაპალაშვილი, მ. რატიშვილი, დ. სადათიერაშვილი.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ნ. წიკლაური (თავმჯდომარე), ე. ხერხეულიძე (თავმჯდომარის მოადგილე) რ. სამყურაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე) ლ. დამენია, დ. ოვაშვილი,   თ. სხირტლაძე;

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

საპარლამენტო კომისიისა და ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობის დაწყების შესახებ სატელევიზიო პროექტ ”ჩვენ, კავკასიელების” ფარგლებში

სხდომა შესავალის სიტყვით გახსნა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციით გამოვიდა  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ “პირველი საინფორმაციო კავკასიური” უკვე დაასრულა კომისიის პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის მიერ გადაღებული 17 დოკუმენტური ფილმის რუსულ ვერსიაზე მუშაობა და 25 თებერვლიდან მის ჩვენებას დაიწყებს. ხაზი გაესვა, რომ ახლო მომავალში ეს ფილმები გამოვა ინგლისური სუბტიტრებითაც.  შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ ამ ფილმებს ინტერესით გაეცნობა არა მარტო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაც.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმებში სრულყოფილად აისახა საბჭოთა კავშირის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების ოკუპაციის შემთხვევები, ისტორიულ-დოკუმენტური მასალის საფუძველზე გავლებულია პარალელები ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. ხაზი გაესვა, რომ ცალკე ფილმები მიეძღვნა გერმანიის, იაპონიის და  საქართველოს (2008 წლის აგვისტოს ომი) ტერიტორიების ოკუპაციას. სამი ფილმი მიეძღვნა გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიისა (ანშლუსი) და ჩეხოსლოვაკიის (სუდეტები) ანექსიის,Kასევე ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტი) საკითხებს. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი.

შ. მალაშხიამ განაცხადა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტები თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ტრილოგიის სახით: I – ოკუპაცია, II _ ”ჩვენ კავკასიელები” და III _ კონფლიქტები, მაგრამ ამის გაცხადებისგან თავი შეიკავა, სანამ ცხადი არ გახდა, რომ I პროექტმა მიიპყრო, არა მარტო საქართველოს საზოგადოებისა და სპეციალისტთა ყურადღება და საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ II და ასევე III პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც I პროექტი.

შ. მალაშხიას თქმით, რომ ამის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის შემოქმედებითმა ჯგუფმა, მწირი დაფინანსების პირობებშიც კი, ძალზე შემჭიდროვებულ ვადებში, შეძლო, როგორც პროექტ ”ოკუპაციის” რუსული ვერსიის წარმატებით დასრულება, ასევე, ენერგიულად შეუდგა კომისიის მეორე პროექტზე მუშაობას ”ჩვენ კავკასიელები,. აღინიშნა, რომ დღეისათვის, უკვე შესრულებულია ამ მეტისმეტად რთული და  დიდი მოცულობის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და შემოქმედებითი კოლექტივისადმი.

შ. მალაშხიამ ისაუბრა პროექტის ’ჩვენ კავკასიელები” შესახებ. მან შეახსენა, რომ პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა. ითქვა, რომ პროექტში სათანადო ადგილი დაეთმობა კავკასიის ზოგად აღწერილობას (შემადგენლობა, რესპუბლიკების ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ეთნიკური-ენობრივი და რელიგიური სიჭრელე. შენარჩუნებული ტრადიციები, საერთოკავკასიური მენტალიტეტი); ისტორიულ-დოკუმენტური მასალების საფუძველზე ნაჩვენები იქნება რუსეთის მიერ კავკასიის ოკუპაცია-დაპყრობა (მეფის რუსეთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდები), გენოციდი, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ექსპანსია (ჩერქეზები, უბიხები, ვაინახები). ნაჩვენები იქნება ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების დღევანდელი რეალური მდგომარეობა; ასევე აისახება კრემლის დანაშაულებრივი პოლიტიკა  კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების თანამედროვე ხელმძღვანელთა მიმართ.

კომისიის თავმჯდომარემ დამსწრეთ შეახსენა, რომ 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის ”ბრწყინვალე დღეს” დაიჭყო კრემლის სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგად სამ დღე-ღამეში ჩეჩნები და ინგუშები, დიდიან-პატარიანად, ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. ამ ბარბაროსულმა აქციამ უამრავი ადამიანი შეიწირა. სიმბოლურია, რომ პროექტის ”ჩვენ, კავკასიელები” განხილვა ხდება სწორედ დღეს, 23 თებერვალს - ვაინახი ხალხის დეპორტაციის დღეს.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ დეპორტაციის დღე ჩეჩნეთში პირველად პრეზიდენტ ჯ. დუდაევის მმართველობის დროს, 1991 წელს აღნიშნეს. კომისიის თავმჯდომარემ დამსწრეთ შეახსენა, რომ საქართველოს პირველი პრზიდენტი ზ. გამსახურდია გროზნიში სწორედ 23 თებერვალს (1994 წ) იქნა დაკრძალული.

შ. მალაშხიას აზრით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მსოფლიოს გააცნოს კავკასია, როგორც ბუნებრივად ერთიანი რეგიონი, სადაც, ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების მიუხედავად, დღემდე შენარჩუნებულია საერთკავკასიური მენტალიტეტი. ითქვა, რომ კავკასიაში ოდითგანვე არსებობდა  მაღალ-ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ქცევის განსაკუთრებული ადათ-წესები, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას და მინიმუმადე დაჰყავდათ მათ შორის დაპირისპირება. საარქივო მასალებზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნება, თუ რა ხერხებით ცდილობდნენ მეფის რუსეთი, სსრკ-ის ხელისუფლება და თანამედროვე კრემლი კავკასიელ ხალხთა შორის ერთობის, სოლიდარობის დარღვევას, მათი მენტალობის შეცვლას. ითქვა, რომ ჩრდილო კავკასიაში აღიზარდა მთელი თაობები, რომლებიც ხელოვნურად დააშორეს მამა-პაპათა მიერ საუკუნეების განმავლობაში ნალოლიავებ ტრადიციებს.

შ. მალაშხიამ ისაუბრა რუსეთის სამივე პერიოდის ხელისუფლებათა  მიდგომებზე კავკასიის მიმართ და აღნიშნა, რომ ამ მიდგომებში პრაქტიკულად არაფერი იცვლება, რაც, კრემლის მესვეურთა “მენტალურ ნათესაობაზე” მიუთითებს.

ამასთან ერთად, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიუხედავდ ზემოაღნიშნულისა, ეს  არ არის  ანტირუსული პროექტი. ერთ-ერთ ფილმში საგანგებოდ იქნება წარმოჩენილი თვით რუსეთი, ამ ქვეყნის მოსახლეობა, როგორც კრემლის დანაშაულებრივი მმართველობის, სხვადასხვა ეპოქისა და იდეოლოგიის ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლი.

შ. მალაშხიამ ასევე ისაუბრა რუსეთში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე, მათ საერთაშორისო გამოხმაურებაზე, ტენდენციებზე, რომლებიც რუსეთში იკვეთება ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში. ითქვა, რომ ამ პროცესებს საქართველო ყოველმხრივ მომზადებული უნდა შეხვდეს და განახორციელოს შესაბამისი პოლიტიკა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად, მცდარი იქნება თვალის დახუჭვა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ითქვა, რომ წარმოდგენილი პროექტი საშუალებას იძლევა მოხდეს კავკასიასთან დაკავშირებით არსებული ობიექტური ისტორიული მასალის ვიზუალიზაცია, რათა კავკასიის რეალობის აღქმა უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გახდეს.

შ. მალაშხიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მსოფლიომ დღეს მაინც გაიგოს სიმართლე ადიღების (ჩერქეზების) გენოციდის შესახებ, მით უფრო, როცა 2014 წელს, სოჭში ზამთრის ოლიმპიადის გამართვა იგეგმება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მეფის რუსეთის მიერ ადიღების მიმართ, ხოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ - ვაინახების მიმართ განხორციელებული გენოციდი და ეთნიკური წმენდა.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებას _ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის უფრო ცხადი გახადოს ჩრდილო კავკასიაში არსებული საკვანძო პრობლემები და დაისახოს მათი მოგვარების გზები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ანტიიმპერიული, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ჩრდილო კავკასიაში და კავკასიის დაბრუნებას მის რეალურად სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცეში, ევროპაში. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გადაღებული იქნება 12 ფილმი.

აზრი გამოთქვეს: ნ. წიკლაურმა, ლ. გახელაძემ, ა. ფარულავამ,  თ. ჩაგელიშვილმა. თ. პაპალაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნ. წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა კავკასიელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, აღნიშნა, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ურთიერთობათა მთელი სპექტრი, მათ შორის: სამეცნიერო, პოლიტიკური, კულტურული, ურთიერთობა ადამიანურ, ყოფით დონეზეც კი და ა. შ.  ითქვა, რომ ამ მხრივ მე-20 საუკუნე უფრო ხელმისაწვდომია. ბევრი რამ კავკასიელთა ისტორიიდან ხელოვნურად ამოგლეჯილია. მან მოიტანა ციტატა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2010 წლის 25 სექტემბრის გამოსვლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე:

“ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფოს შვილები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ვიყოთ და ვცხოვრობდეთ მთების სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ადამიანებისა და მათი კულტურების გათვალისწინებით, არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არის მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ეკუთვნის ევროპას”.

ნ. წიკლაურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ეს სიტყვები საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და კიდევ უფრო გამყარებას. ითქვა, რომ ჩრდილო კავკასია არის ევროპის ნაწილი და ის  ხელოვნურად არის მოწყვეტილი ამ სივრცეს.

ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კავკასიის მიმართ ითვალისწინებს სწორედ ამ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. მან ასევე ისაუბრა ჩრდილო კავკასიის რეგიონებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოკავკასიელებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი პრობლემების გადაწყვეტა და ინტერესების დაცვა საქართველოსთვის არ არის მეორეხარისხოვანი; საქართველომ, როგორც სრულიად კავკასიის ისტორიულ-კულტურულმა  ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს ჩრდილო კავკასიის ევროპასთანს მტკიცედ დაკავშირებას.

ნ. წიკლაური ასევე შეეხო ჩეჩენი და ინგუში ხალხებისთვის ტრაღიკულ თარიღს, 23 თებერვალს და ხაზი გაუსვა, რომ XXI საუკუნეში არავის არ უნდა მიეცეს მე-19 საუკუნის მეთოდებით მოქმედების საშუალება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლ. გახელაძემ ისაუბრა კომისიის მიერ შემუშავებული პროექტების აქტუალობაზე პირველი პროექტის (”ოკუპაცია”) წარმატებაზე. მან გამოთქვა იმედი, რომ მეორე პროექტიც ”ჩვენ, კავკასიელები” ასეთივე წარმატებული იქნება და შესაძლოა, პირველ პროექტზე უფრო წარმატებულიც გახდეს.  ამის საფუძველს მას აძლევს სცენარის გაცნობა და სცენარისტ თ. ჩაგელიშვილისა და რეჟისორ გ. ოვაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. მან მადლობა გადაუხადა კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნული პროექტების შემუშავებისა და მათ განხორციელებაში თანადგომისთვის.

ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ხელმძღვანელმა ა.ფარულავამ ისაუბრა ტელეკომპანიის მიერ ორივე პროექტის ფარგლებში უკვე გაწეულ და უახლოეს მომავალში ჩასატარებელ სამუშაოებზე. ითქვა, რომ პირველი პროექტით გათვალისწინებული ფილმების რუსულენოვანი ვერსიები ეთერში გავა 25 თებერვლიდან, ხელო მეორე პროექტით _ მაისში.  ტელეკომპანია უზრუნველყოფს მათ გადაცემას თანამგაზავრით, ფილმები დაიდება კომპანიის ვებ-გვერდზეც. პარალელურად იგეგმება ფილმების რადიოვერსიის შექმნაც. ფილმები დაიბეჭდება დისკებზე, ფლეშებზე, გადაეცემა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ითქვა, რომ ფილმზე სამუშაოდ მოწვეულია ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილიც. ა. ფარულავამაც აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებას აუცილებლად შეუწყობს ხელს სცენარის ავტორის თ. ჩაგელიშვილისა და რეჟისორ გ. ოვაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. საგანგებოდ აღინიშნა, რომ დღემდე მსგავსი ტიპის არათუ ფილმი, არამედ, სახელმძღვანელოც არ გამოცემულა. მან მადლობა გადაუხადა კომისიას პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

სცენარისტმა თ. ჩაგელიშვილმა გამოხატა მადლიერება პროექტში მოწვევისთვის. მან აღნიშნა, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს თემების დალაგება. მან გამოთქვა იმედი, რომ შემოქმედებითი ჯგუფი შეძლებს შექმნას ადვილადაღსაქმელი და ფართო მაყურებელზე გათვლილი კინოპროდუქტი. ხაზი გაესვა რეჟისორის მაღალ პროფესიონალიზმს.

ტელეკომპანიის რედაქტორმა თ. პაპალაშვილმა აღნიშნა,  რომ კომისიის მიერ შემუშავებულ სამივე პროექტში კონცენტრირებულია სიმართლე და ის საბოლოოდ არასდროს არ იმალება. ითქვა, რომ ტელეკომპანიის შემოქმედებითი ჯგუფისთვის დიდი პატივია აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა. ხაზი გაესვა, რომ პროექტმა “ჩვენ, კავკასიელები” უნდა ჩააფიქროს მაყურებელი კავკასიის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ვინაიდან, ის რაც დღეს ხდება ჩრდილო კავკასიაში (გაუცხოება ევროპისგან) არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. თ. პაპალაშვილმა რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსნის წერილიდან მოიტანა ციტატა, რომელიდანაც კარგად ჩანს, რომ ჯერ კიდევ 200 წლის წინათ რუსეთი დიდ ფულს ხარჯავდა კავკასიელთა გაუცხოებისთვის.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან კმაყოფილება გამოხატა აღნიშნულ ეტაპზე ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მიერ ორივე პროექტის ფარგლებში   გაწეული სამუშაოსთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მეორე პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პროექტი ”ოკუპაცია”.

სხდომამ გადაწყვიტა:

ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საპარლამენტო კომისიისა და ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობის დაწყების შესახებ სატელევიზიო პროექტ ”ჩვენ, კავკასიელების” ფარგლებში.

კომისიის თავმჯდომარე:                                     შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                           რ. ფიფია