სხდომის ოქმი N79

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის
ოქმი:


N79                                           2012 წლის 10 თებერვალი  

                                                                          

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. Fფიფია _ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – ფრაქცია “ძლიერი საქართველო”;

ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლები:

ს. ბრეგვაძე, ნ. ბუკულოვა, მ. გაგიევა, მ. გაგუა, ა. გრიგორიანი, მ. ვარძელაშვილი, თ. თუშური, დ. იოსელიანი, რ. კვარაცხელია, კ. მამედოვა, თ. პაპალაშვილი, მ. რატიშვილი, დ. სადათიერაშვილი;

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

პროექტ “ოკუპაციის” რუსული ვერსიის ფარგლებში კომისიისა და ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობით მიმდინარე სამუშაოების შესახებ


მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შ. მალაშხიას ინფორმაცია პროექტ “ოკუპაციის” რუსული ვერსიის ფარგლებში კომისიისა და ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მიერ, ფაქტობრივად, დასრულებულია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ გადაღებული 17 დოკუმენტური ფილმის რუსულ ვერსიაზე მუშაობა, რომელიც უახლოეს დღეებში გადაიცემა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე. ითქვა, რომ ახლო მომავალში ფილმები გამოვა ინგლისური სუბტიტრებითაც.  კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ამ ფილმებს დიდი ინტერესით გაეცნობა არა მარტო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაც. შ. მალაშხიამ გამოხატა მადლიერება პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის შემოქმედებითი ჯგუფისადმი, რომელმაც მწირი დაფინანსების პირობებში ძალზე შემჭიდროვებულ ვადებში შეძლო ამ რთული და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება.

კომისიის თავმჯდომარემ  აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გადაღებულ 17 დოკუმენტურ ფილმში, დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით, ასახულია ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, უკრაინაში (გოლოდომორი), აზერბაიჯანში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში სხვადასხვა დროს სსრკ-ის მიერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის, რეპრესიების, გენოციდის, აგრეთვე, კულტურული და დემოგრაფიული ექსპანსიის, ეთნიკური წმენდის  ფაქტები. ხაზი გაესვა, რომ ცალკე ფილმები მიეძღვნა აგრეთვე, გერმანიის, იაპონიის და  საქართველოს (2008 წლის აგვისტოს ომი) ტერიტორიების ოკუპაციას. სამი ფილმი მიეძღვნა გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიისა (ანშლუსი) და ჩეხოსლოვაკიის (სუდეტები) ანექსიის,K ასევე ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტი) საკითხებს.  შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ნეოკომუნისტური ფაშიზმი.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იყენებდა და იყენებს კრემლი ერთსა და იმავე პროვოკაციულ მეთოდს კონფლიქტის დაწყებაში მსხვერპლის დასადანაშაულებლად, მაგალითისთვის, კომისიის თავმჯდომარემ ერთმანეთს  შეადარა სსრკ-ფინეთის ომის დროს (1939-1940) კრემლის მიერ გამოქვეყნებული  ოფიციალური ტექსტები და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები; ითქვა, რომ თუ მაშინ ოფიციალურ საკავშირო პრესაში იწერებოდა: „ჩვენ გვიყვარს ფინელი ხალხი, მაგრამ არ გვიყვარს ფინეთის ბურჟუაზიული ხელისუფლება“, ახლა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს:  ...“ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ არ ვაპირებთ არავითარ ურთიერთობას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან“.

მან აღნიშნა, რომ ამ ფილმებში ისტორიულ _ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გავლებულია პარალელები ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ მასალას თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეების (ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, ლეხ კაჩინსკი, ვიტაუტას ლანდსბერგისი და სხვები), ცნობილი პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, მოვლენათა თვითმხილველების კომენტარებით მაყურებელი სრულიად კანონზომიერად და დამაჯერებლად მიჰყავს ობიექტურ დასკვნამდე _ ზემოაღნიშნულ რეჟიმებს შორის არსებულ პრინციპულ მსგავსებებთან.  
მაგალითისთვის, შ. მალაშხიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ფინეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შორის არსებულ პარალელებზე ორ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ხაზი გაესვა, რომ ფინეთის ”ზამთრის ომსა” (1939-1940 წწ) და 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიას თითქმის 70 წელიწადი აშორებს ერთმანეთს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მიზანი, ”სცენარის” ავტორი და შემსრულებელი იგივეა – კრემლი.  ხაზი გაესვა, ფინეთის 1939-1940 წლების მოვლენების მსგავსება-განსხვავებებს საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვლის, 1991-1992 წლის და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან: საომარი მოქმედებების პროვოცირების ერთი და იგივე მეთოდი, სამხედრო აგრესიის დაწყება და თანაც მეორე მხარის დადანაშაულება ”პირველ გასროლაში”, მოწინააღმდეგეზე არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენება, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, საზღვრების გადაწევა. ითქვა, რომ სსრკ-მა შეძლო ფინეთისთვის წაერთმია ქვეყნის ტერიტორიის 10%, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია, მაგრამ ვერ შეძლო ფინელი ხალხის საბოლოო დამარცხება და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფა. ხაზი გაესვა, რომ მხოლოდ   საქართველო და ფინეთი გადაურჩნენ კრემლის სამხედრო აგრესიის შედეგად ხელისუფლების შეცვლას.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ერთი მხრივ, ფაშისტური გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის და, მეორე მხრივ, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას შორის არსებულ პარალელებსა და განსხვავებებზე. კერძოდ, ითქვა, რომ 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისა (სუდეტები) და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს შორის პარალელებს ცხადყოფს არა მარტო ოკუპაციისა და ანექსიის საბაბი (საკუთარი მოქალაქეების დაცვა), არამედ ამ ოკუპაციების გამართლების ”იდეოლოგიური უზრუნველყოფაც”, რასაც ნათლად ადასტურებს ბერლინში 1938 წლის 5 ოქტომბერს, ნახევრადოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან დაბრუნებული ფაშისტური გერმანიის კანცლერის ა. ჰიტლერისა და 2009 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დ. მედვედევის საჯარო გამოსვლების შინაარსის იდენტურობა. 
შ. მალაშხიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები და ამ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს (გერმანიის კანცლერმა 70-იან წლებში, ვილი ბრანდტმა, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას), სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია. კერძოდ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება,  აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმათა დარღვევით, საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას. 
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს, ხოლო ამ მენტალობის შეცვლის გარეშე არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა დარჩება კომუნისტური რეციდივების აღდგენა-განმეორების სერიოზული საშიშროების წინაშე. აღნიშნული საშიშროების თავიდან აცილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ისევე როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.
სხდომის მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა კრემლის ცინიკურ დამოკიდებულებაზე მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელებისადმი. კერძოდ, ითქვა, რომ თავის დროზე კრემლმა წაუყრუა ავღანეთის პრეზიდენტის თარაკის ფიზიკურ განადგურებას ამინის მიერ, ხოლო მოგვიანებით, ისარგებლა რა ავღანეთში სსრკ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე  უკვე გაპრეზიდენტებული ამინის თხოვნით, ამინის სასახლის შტურმის ბრძანება გასცა. სსრკ-ის უშიშროების სამსახურის ელიტარულმა ქვედანაყოფებმა 43-წუთიანი სპეცოპერაციის შედეგად ამინი და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად გაანადგურეს. ითქვა, რომ ასევე იოლად გაწირა კრემლმა ავღანეთის შემდგომი მარიონეტი პრეზიდენტი ნაჯიბულა, რომელიც დარჩა რა საბჭოთა ჯარების დაცვის გარეშე, განრისხებული ავღანელი ხალხის მსხვერპლი გახდა.  ავღანეთისა და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის სტატუსს შორის არსებული განსხვავების მიუხედავად,  კომისიის თავმჯდომარემ ზემოაღნიშნულ კონტექსტში გარკვეული მინიშნება გააკეთა ამ რეგიონების მარიონეტულ ხელმძღვანელთა შესაძლო ხვედრთან დაკავშირებით. მაგალითისთვის მოტანილ იქნა უკანასკნელ დღეებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

შ. მალაშხიას განცხადებით, რიგ შემთხვევაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები თავისი მასშტაბით არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ გაცილებით უფრო მძიმეა ნაცისტთა დანაშაულობებზე. მაგალითისთვის მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომელიც გოლოდომორის სახელით დამკვიდრდა ისტორიაში. ხაზი გაესვა, რომ უკარაინაში ”გოლოდომორს” ემსხვერპლა თითქმის იმდენივე ადამიანი, რამდენიც ”ჰოლოკოსტს” მთელს ევროპაში.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სსრკ-ის დაშლა XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხადად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, სამწუხაროდ, მენტალურ დონეზე, კრემლში ცვლილებები არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის გამო რუსეთი რჩება არაპროგნოზირებად ქვეყნად და ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ ქმედებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით _  ბალტიის ქვეყნების: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიმართ, რომელთა სამივე პირველი პირი, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს უმწვავეს პერიოდში იმყოფებოდა თბილისში და ცოცხალ ფარად ედგა  საქართველოს სუვერენიტეტს. 
შ. მალაშხია ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხებს. მან ხაზი გაუსვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008-2011 წლებში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების დინამიკა, ევროსტრუქტურების, ევროპარლამენტისა და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებულად აღიარება, საქართველოს პრეზიდენტის ნაყოფიერი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აძლიერებს რწმენას, რომ თანამედროვე მსოფლიო არ შეურიგდება ოკუპაციის შედეგებს და აუცილებლად შეიმუშავებს ქმედით საერთაშორისო მექანიზმს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის განსახორციელებლად, დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად, რაც ბოლოს და ბოლოს აიძულებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შ. მალაშხიამ ისაუბრა ასევე 
საქართველოს რეალურ პერსპექტივებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

ინფორმაცია პროექტ “ოკუპაციის” რუსული ვერსიის ფარგლებში  ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ გააკეთა ტელეკომპანიის რედაქტორმა თ. პაპალაშვილმა.

მან  ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობასა და მის აქტუალობას. ითქვა, რომ კომისიის მიერ მოპოვებული და დამუშავებული დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებრიობისთვის. თ. პაპალაშვილმა განაცხადა, რომ “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” შემოქმედებითი ჯგუფი დიდი ინტერესით მუშაობდა აღნიშნული ფილმების გახმოვანებაზე. მან აღნიშნა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მაღალპროფესიული მუშაობა, რომელმაც შეძლო მაღალი ხარისხის კინოპროდუქციის შექმნა. მისი აზრით, ტელეპროექტი აუცილებლად გამოიწვევს საერთაშორისო ინტერესს. თ. პაპალაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფილმებზე: ”ჰოლოკოსტი”, ”ამომავალი მზის ქვეყანა” და ”აგვისტო”. ითქვა შემოქმედებით ჯგუფის  უმძიმეს პირად განცდებზე ფილმებზე ”ჰოლოკოსტი”, და ”აგვისტო” მუშაობისას. განსაკუთრებით, აღინიშნა ფილმის ”ჰოლოკოსტი” დამთრგუნველი და შოკისმომგვრელი ზემოქმედება. თ. პაპალაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 17-ვე ფილმის ნახვის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს სამწუხარო დასკვნა იმის შესახებ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში (იგულისხმება ნაცისტური გერმანიის, სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებისადმი წაყრუების პოლიტიკა) დამოკიდებულება ან საერთოდ არ იცვლება, ან იცვლება არასაკმარისად. ისტორიის გაკვეთილებიდან არც ევროპა, არც სსრკ და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია, და ხანდახან ჩვენც, არაფერს არ ვსწავლობთ. თ. პაპალაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და პროექტის შემქმნელებისადმი.

აზრი გამოთქვეს: ნ. ჯანაშიამ, რ. ფიფიამ.


სხდომამ გადაწყვიტა:O

1. ინფორმაცია ”პროექტ “ოკუპაციის” რუსული ვერსიის ფარგლებში კომისიისა და ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობით მიმდინარე სამუშაოების შესახებ” მიღებულ იქნეს ცნობად.

კომისიის თავმჯდომარე:                                     შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                           რ. ფიფია