| სხდომის ოქმი N78 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:
N 78 2012 წლის 20 იანვარი სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”; ნ. კალანდაძე -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ქ. კანდელაკი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, იუნესკოს კომისიის გენერალური მდივანი; გ. გაგოშიძე -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი; პ. კანკავა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს . ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი; ნ. ტანგიაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; ე. გვაზავა – აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; თ. ხუბუა – აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ჯ. გამახარია – აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე; დ. ხომერიკი – აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრი; ა. აპლაკოვი – აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე; საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები: მეუფე იაკობი (იაკობაშვილი), მამა ბიძინა (გუნია), იღუმენი პიმენი; ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიისა ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკები: მ. თორია, ი. კვაშილავა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ჯჯ. აფაქიძე (რექტორი), ლ. ახალაძე, ბ. ხორავა, ე. ჟვანია, რ. გოგინაშვილი; აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე შ. შარიაშვილი; საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია. დღის წესრიგი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდროების არსებული მდგომარეობისა და მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა განპირობებულია პრობლემის აქტუალობით. ითქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდროების შენარჩუნება, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საპარლამენტო კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შ.მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველად წარმოდგენილი პრობლემა ახალი არ არის –კერძოდ, აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და მისი ტერიტორიების 200-წლიანმა ოკუპაციამ გამოიწვია ქართული კულტურული და ისტორიული ფასეულობების ფიზიკური დაკნინება. განადგურებულია ან ნადგურდება უდიდესი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე, უნიკალური ქრისტიანული ნაგებობები, შუა საუკუნეების ფეოდალური ანსამბლები, კედლის მხატვრობის უიშვიათესი ნიმუშები და უძველესი ქართული წარწერები. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობების სავალალო მდგომარეობის შესწავლისა და მათი გადარჩენის მიზნით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან, ეროვნული მუზეუმთან, საქართველოს მარლმადიდებლური ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიასთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად 2005 წლიდან დღემდე შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. აღნიშნული საკითხი, შესაბამის ოფიციალურ და არასამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით, კომისიაში პერიოდულად იხილება, კეთდება შესაბამისი განცხადებებია და მიმართვები საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ისტორიული და რელიგიური ძეგლები კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ამასთან ერთად, ახალ რეალობაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღნიშნული ტერიტორიები ოფიციალურად გამოცხადდა ოკუპირებულ ტერიტორიებად, საქართველოს ხელისუფლოებას გაუჩნდა პრობლემაზე საერთაშორისო ზემოქმედების გაცილებით მეტი სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. შ. მალაშხიამ ისაუბრა ანალოგიურ პრობლემაზე კოსოვოში და ხაზი გაუსვა არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს. ითქვა, რომ 2010 წ. 3 ოქტომბერს კოსოვოში გაიმართა სერბეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია, რომელსაც დაესწრო სერბეთის პრეზიდენტი, მრავალი უცხოური დელეგაცია და 6000-ზე მეტი მორწმუნე სხვადასხვა ქვეყნიდან. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე _ ერთი მხრივ, რუსეთმა ოფიციალურად დასვა იუნესკოს წინაშე კოსოვოში სერბეთის კულტურულ-ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაცვის აუცილებლობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის რესტავრაციაში მონაწილეობის მიღების საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, საოკუპაციო რეჟიმებთან ერთად, კატეგორიულად ეწინააღმდეგება არა მარტო ქართველი სპეციალისტებისა და სამღვდელოების ჩასვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უკრძალავს დეტალური მონიტორინგის ჩატარებას; და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთში ადგილი აქვს ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური ფასეულობების მიზანმიმართულ ხელყოფას. მაგალითად, მოტანილ იქნა "რუსთავი-2”-ის ჟურნალისტთა მიერ ფარულად გადაღებული ილორის წმ. გიორგის ეკლესიის 2010 წელს განხორციელებული ე. წ. რესტავრაციის, რეალურად კი, ვანდალური ფაქტის შედეგის ამსახველი ვიდეომასალა. მოისმინეს: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნ. კალანდაძის ინფორმაცია ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდროების დაცვის მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული და მომავალი საქმიანობის შესახებ” ნ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურად შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად მუშაობს. ითქვა, რომ ოკუპაციის გამო იქ არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ქართული მხარე ”ფარული მონიტორინგის” საშუალებით ახერხებს. ხაზი გაესვა, რომ ამ მონიტორინგში მონაწილეობის სურვილს ქართველებთან ერთად, ნებაყოფლობით გამოთქვამენ იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, მათ შორის, აფხაზებიც, რომელთათვისაც ქრისტიანული ისტორიული და რელიგიური ძეგლების მდგომარეობა სულ ერთი არ არის. ნ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ საგარეო უწყებამ არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების ვანდალურად განადგურების გამო. აგრეთვე, იმ ფაქტის გამო, რომ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ ამ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ქართველ ექსპერტებს, არამედ სამღვდელოებასაც. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს უპირველესი საშუალება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაა. საგარეო უწყება ცდილობს, რომ მისი სულისკვეთება პრობლემასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნეს გაზიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ითქვა, რომ სამწუხაროდ, იუნესკო ჯერჯერობით ვერ ახერხებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნის დაკმაყოფილებას აფხაზეთში მონიტორინგის მისიის გაგზავნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის დაინტერესებულია ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტით. დღემდე მისიის გაგზავნის ხელშემშლელი მიზეზები იყო როგორც უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობა, ასევე საოკუპაციო რეჟიმის კატეგორიული უარი მისიის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიღებასთან დაკავშირებით. ნ. კალანდაძის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი იმდენად მწვავე და მტკივნეულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაუშვას გარკვეული გამონაკლისი და დათანხმდეს მისიის რუსეთის ტერიტორიიდან ჩაყვანას.. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა მისიის შემადგენლობაში ქართველ ექსპერტთა მონაწილეობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ითქვა, რომ თუ მისიის შემადგენლობა არაინფორმირებული იქნება, ობიექტურ მონაცემებს ვერ შეაგროვებს. ხაზი გაესვა, რომ მსგავს ფაქტებს ადრე უკვე ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ამ ეტაპზე აუცილებელია ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოძრავი და უძრავი ძეგლების სრული სია. ნ. კალანდაძის მიერ სხდომაზე გამოითქვა წინადადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული, სამუზეუმო და სხვა ფასეულობების რეესტრის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ, რათა მუზეუმებიდან და ეკლესია-მონასტრებიდან გატანილი არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, სასულიერო და სხვა ფასეულობების საზღვარგარეთ უკანონო გატანისა და გაყიდვის აღსაკვეთად ინფორმირებულ იქნეს ინტერპოლი. ნ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ძეგლების განადგურება დიდი ხნის წინ, იმ მოტივით დაიწყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქართული კვალი სრულად მოისპოს. ამგვარი ქმედებები უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ისეთ ძირითად ვალდებულებას, როგორიცაა შეიარაღებულოი კონფლიქტების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენცია, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს თავიდან აიცილონ ისტორიული ძეგლების ხელყოფა და განადგურება, ხოლო ოკუპაციის პირობებში _ განახორციელოს შესაბამისი ზომები ძეგლთა დაცვის მიზნით. აზრი გამოთქვეს: მამა ბიძინამ (გუნია), ქ. კანდელაკმა, შ. შარიამ, თ. ხუბუამ, გ. გაგოშიძემ, ჯ. აფაქიძემ, პ. კანკავამ, ე. გვაზავამ, ლ. ახალაძემ, ჯ. გამახარიამ, ა. აპლაკოვმა. აღინიშნა, რომ……რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში. ირღვევა ადამიანის ელემენტარული ეროვნული და სამოქალაქო უფლებები. მათ შორის, უაღრესად აქტუალური ხდება ამ ტერიტორიებზე მდებარე ეროვნული საგანძურის დაცვის საკითხი. ხაზი გაესვა, რომ მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმები და მათი მფარველები მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ ცდილობენ ქართული ისტორიული საგანძურის მიზანმიმართულ გაყალბებასა და მათი წარმომავლობის ფალსიფიცირებას. ამ მიზნით, ისინი ანადგურებენ ყოველივე ქართულს (უძველეს წარწერებს, ფრესკებს, არქეოლოგიურ ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს და ა. შ.), რითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იმ საგანძურს, რომელიც ამ ტერიტორიებზე მდებარეობს, საქართველოს ისტორიასთან და კულტურასთან საერთო არაფერი აქვს. ამ ფსევდომეცნიერული პროპაგანდით რუსეთის ფედერაციის შოვინისტური ძალები მარიონეტული ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად ცდილობენ აღნიშნული ტერიტორიების საბოლოო ანექსიას, ჩადენილი ეთნიკური წმენდისა და სამხედრო დანაშაულობების შედეგების ნიველირებას, მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანას. აღინიშნა, რომ გასული წლის 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით "რუსეთ-აფხაზეთის” კულტურული სეზონის ფარგლებში აფხაზეთში მუშაობდა მსოფლიოს მეზეუმების კავშირის (ICOM) რუსეთის კომიტეტის ექსპერტთა მისია, რომლის მიზანი იყო რესპუბლიკაში ძეგლთა მდგომარეობის შესახებ ობიექტური სურთის შედგენა და აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე, შექმნილ ვითარებაზე მაპროფილებელი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა. ICOM-ის რუსეთის კომიტეტის მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილორის წმ. გიორგის ტაძარი ნამდვილად შეთეთრებულია ხოლო გუმბათი შეცვლილი, რაც მას უნდა მოსცილდეს. ანალოგიური დარღვევა ადრე დაფიქსირდა დრანდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშიც. კერძოდ, უძველეს სანათლავს, რკინა-ბეტონის სანათლავი დაადგეს, რომელმაც პირვანდელი ძეგლი დააზიანა. ამასთან, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა მიუთითებს, რომ ამ სანათლავის მდგომარეობა გამოსასწორებელია. ხაზი გაესვა, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც. გამოითქვა შეშფოთება ბედიის ტაძარში (გალის რაიონი) რუსული კომპანის ”ტექტონიკის” მიერ, სარესტავრაციო წესებისა და ნორმების დარღვევით, ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რასაც შედეგად უნიკალური ქართული ფრესკებისა და წარწერების წაშლა მოჰყვა. კერძოდ, უკვე აღარ არსებობს გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პირველი მეფის ბაგრატ მესამე ბაგრატიონის (978-1014) ფრესკა, ასევე განადგურებულია სხვა ქართველ დიდებულთა ფრესკული გამოსახულებები ქართული ასომთავრული წარწერებით. არის საშიროება, რომ აღნიშნულ ტაძარსაც, ისევე როგორც ილორის ტაძარს, რუსული გუმბათი დაედგას, რაც დაუშვებელია. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე იმ გარემოებაზეც, რომ არქეოლოგიურ გათხრები სპეციალისტების გარეშე ტარდება, რაც, ძეგლების, არქეოლოგიური მასალის განადგურებას იწვევს. სხდომაზე ისაუბრეს აგრეთვე ე. წ. ”შავ არქეოლოგიაზე”, რამაც განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი აფხაზეთში ბოლო პერიოდში. სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან ისაუბრა სხდომაზე წარმოდგენილ სტრუქტურათა საქმიანობის კოორდინირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მიზანი უნდა გახდეს პრობლემის აქტუალიზაცია და მისი გადაწყვეტის გზების ძიების პროცესით საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური დაინტერესება, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. შ. მალაშხიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიულ-კულტურული და რელიგიური ძეგლების შესახებ ალბომის შექმნის მნიშვნელობაზე, მათ შორის ინგლისურ ენაზე. ითქვა, რომ სასურველია, ალბომში აისახოს ძეგლების მდგომარეობა 1993 წლამდე და ოკუპაციის შემდგომ პერიოდებში. ასევე აღინიშნა ამავე საკითხზე სპეციალური ვებ-საიტის შექმნისა და მიმდინარე წელს პრობლმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სხდომამ გადაწყვიტა: 1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ამა წლის 23-27 იანვარს დანიშნული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე კულტურული გენოციდის თაობაზე, რათა რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდეს პატივი სცეს "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ” 1954 წლის ჰააგის კონვენციას და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებს; 2. ეთხოვოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუნესკოს ეროვნულ კომისიას: - აქტიურად გააგრძელონ იუნესკოსთან თანამშრომლობა და მიმდინარე მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს; - განაგრძონ ევროკავშირის, ეუთოს, განათლებისა და კულტურის სფეროში გაეროს ორგანიზაციის სისტემატური ინფორმირება "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ” 1954 წლის ჰააგის კონვენციის დარღვევის კონკრეტული ფაქტების შესახებ; 3. ეთხოვოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს: -განაგრძოს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურულ-ისტორიული ფასეულობების ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფრმაციის მოსაპოვებლად (ამ ზონებში განლაგებულ ფასეულობათა ანოტირებული ჩამონათვალი, მათი მიზანმიმართული დაზიანების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, მუზეუმებიდან და ეკლესია-მონასტრებიდან გატანილი არქეოლოგიური, სასულიერო და სხვა ფასეულობების დადგენა); -შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული სტრუქტურების მონაწილეობით მოამზადებს და ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოსცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლების მდგომარეობის ამსახველ მასალას (ალბომი, წიგნი, ბუკლეტი); -მოამზადოს კულტურული გენოციდის ამსახველი მასალების ელექტრონული ვერსია, რომელიც ცალკე გვერდად განთავსდება საიტებზე; - ჩატარდეს წინასწარი სამუშაოები და მომზადდეს შესაბამისი წინადადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდროების არსებული მდგომარეობისა და მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ. 4. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობა კულტურული ფასეულობების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაგეგმილ საქმიანობაში. 5. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, განაგრძოს მის ხელთ არსებული კანონიკური მექანიზმების გამოყენებით მრთლმადიდებლური სამყაროსა და მსოფლიოს სხვა რელიგიური გაერთიანებების ინფორმირება სამართლიანი რეაგირების მიღწევის მიზნით. კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია კომისიის მდივანი: რ. ფიფია |






