| სხდომის ოქმი N77 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:
N 77 2011 წლის 28 დეკემბერი სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”; საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, დ. ლაცუზბაია, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია; დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ 2011 წელს ჩატარებული სამუშაოს შეჯამება და მომავალი წლის სამუშაო გეგმები მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შ. მალაშხიას ინფორმაცია კომისიის მიერ 2011 წელს ჩატარებული სამუშაოსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ კომისია, ხელმძღვანელობდა რა პარლამენტის ბიუროს მიერ 2004 წლის 2 აგვისტოს დამტკიცებული "საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დებულებით”, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განაგრძობდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოგვარებისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინირებას, კონტროლს უწევდა მათ განხორციელებას, ამზადებდა შესაბამის რეკომენდაციებს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კოორდინაციის ფარგლებში კომისია განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტის რიგ კომიტეტთან და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და რეგიონულ სტრუქტურებთან. კომისია განვლილ პერიოდში განაგრძობდა მუშაობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მასალების მოძიება და სისტემატიზაცია; - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სათანადო გეგმების შემუშავება; - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებებზე რეაგირება; -აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სოციალურ პრობლემების მოგვარება. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ არის ქვეყნის დეოკუპაციის ერთადერთი რეალური გზა მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლა, რაც გულისხმობს კრემლთან დაპირისპირების გადატანას სამართლებრივ სიბრტყეზე, სამართლებრივი მეთოდების გამოყენებას და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ ინფორმირებას. ხაზი გაესვა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაისახა რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ბუნების, არსის, მისი მემკვიდრეობითობისა და იმ საშიშროების სრულად წარმოჩენა, რაც რუსეთის ექსპანსიონიზმისადმი შემდგომი წაყრუების შემთხვევაში ემუქრება არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას. ითქვა, რომ ამ ამოცანის შესრულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კომისიის მიერ შემუშავებულმა პროექტმა "ოკუპაცია”. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ 17 დოკუმენტურ ფილმში, რეალური დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით ასახულია ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, უკრაინაში (გოლოდომორი), აზერბაიჯანში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში სხვადასხვა დროს სსრკ-ის მიერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის, რეპრესიების, გენოციდის, აგრეთვე, კულტურული და დემოგრაფიული ექსპანსიის, ეთნიკური წმენდის ფაქტები. ხაზი გაესვა, რომ ცალკე ფილმები მიეძღვნა აგრეთვე, გერმანიის, იაპონიის და საქართველოს (2008 წლის აგვისტოს ომი) ტერიტორიების ოკუპაციას. სამი ფილმი მიეძღვნა გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიისა (ანშლუსი) და ჩეხოსლოვაკიის (სუდეტები) ანექსიის, ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტი) საკითხებს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რეალურ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი. ითქვა, რომ, რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ნეოკომუნისტური ფაშიზმი. იმის დასადასტურებლად, რომ აგრესორი ქვეყანა ყოველთვის ერთნაირად იყენებს პროვოკაციის თემას კონფლიქტის დაწყებაში მსხვერპლის დასადანაშაულებლად, შ. მალაშხიამ ერთმანეთს შეადარა სსრკ-ფინეთის ომის დროს (1939-1940) კრემლის მესვეურთა იმდროინდელი ოფიციალური ტექსტები და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები: ითქვა, რომ თუ მაშინ იწერებოდა: "ჩვენ გვიყვარს ფინელი ხალხი, მაგრამ არ გვიყვარს ფინეთის ბურჟუაზიული ხელისუფლება", ახლა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს: ..."ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ არ ვაპირებთ არავითარ ურთიერთობას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან". შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფილმებში აისახა თანამედროვეობის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შეფასებები, როგორებიცაა: ვაცლავ ჰაველი, ლეხ ვალენსა, ლეხ კაჩინსკი, ვიტაუტას ლანდსბერგისი და სხვები, რამაც ფილმებს დამატებითი დატვირთვა შესძინა. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფის პროფესიონალიზმი და პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი თავდადება გახდა მაღალი ხარისხის კინოპროდუქციის შექმნის საფუძველი. ითქვა, რომ ფაქტობრივად დასრულებულია ამ ფილმების რუსული ვერსიაც, რომელიც თებერვალში გადაიცემა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე. შემდეგ გამოვა ფილმები ინგლისური სუბტიტრებითაც. შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ ამ ფილმებსუდიდესი ინტერესით გაეცნობა არა მარტო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაც. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პროექტი ”ოკუპაცია” დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ. მან მადლიერებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიების, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ითქვა, რომ ნაწილობრივ, სხვა მნიშვნელოვან მიზანთან ერთად, იმავე მიზანს ემსახურება კომისიის მიერ შემუშავებული მეორე პროექტიც ”ჩვენ, კავკასიელები”, რომლის განხილვას მიეძღვნა კომისიის ბოლო ორი სხდომა. შ. მალაშხიას მიერ კომისიის საქმიანობის კიდევ ერთ აქტუალურ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებად სხდომაზე დასახელდა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, 1992-1993 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი მასალების მოძიების, სისტემატიზაციის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათ წარსადგენად მიმდინარე სამუშაოები. ითქვა, რომ 2011 წელს კომისიამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაააქტიურა საქმიანობა. აღინიშნა, რომ ამ საკითხს მიეძღვნა კომისიის ორი სხდომა. ამჟამად კომისიაში უკვე თავმოყრილია ეთნიკური წმენდის 700-მდე თვითმხილველის ვიდეოჩანაწერი (გასულ წელს სულ – 100). ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ შსს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, როგორც ეთნიკური წმენდის ფაქტების მოძიებასა და დადგენაზე, ასევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამადაც პერმანენტულად მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, წამებისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტების გამოვლენაზე. საქართველოს პროკურატურის მიერ კი ტარდება სერიოზული მუშაობა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით მოძიებული ვიზუალური მასალის ელექტრომატარებლებზე გადასატანად. მიმდინარეობს ძველი მასალების გადამუშავება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მათთვის ახალი კვალიფიკაციის მინიჭება. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებულ ზონებში ქართველი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტებზე სრულყოფილი და ყოვლისმომცველი მასალის შეგროვება და საერთაშორისო სასამართლოებისა და ორგანიზაციებისთვის წარდგენა მოითხოვს საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობის კიდევ უფრო მეტად დახვეწას და გააქტიურებას. ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 1992–1993 წწ. და 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ეთნიკური წმენდის შესახებ არსებული უტყუარი ფაქტების საერთაშორისო სასამართლოებისთვის წარდგენის შემდეგ, იმ სახელმწიფოს, რომელიც არის ამ ეთნიკური წმენდის არამარტო წამახალისებელი, არამედ უშუალო განმხორციელებელიც, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესრულება, ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჩათვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს შეახსენა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც როგორც წინა ასევე ამ წელს, მუდმივად იყო კომისიის ყურადღების ცენტრში, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ დარღვევას იქ დღემდე მასშტაბური ხასიათი აქვს. აღნიშნულ პრობლემებზე კომისია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გამომდინარე ვინაიდან, ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას შიდასახელმწიფოებრივი სამართალდამცავი მექანიზმების მეშვეობით, ამ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად რჩება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოსათვის მიმართვა. ამ მიზნების მისაღწევად კომისიას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კომისიის მიერ ინიცირებული საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 17 მარტის დადგენილებების: - "კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" და, -"კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად საქმეების მომზადების მიზნით იურიდიული ფირმის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების შესახებ” იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. კომისია საჭიროდ მიიჩნევს იმის შეხსენებასაც, რომ იმავე 2006 წლის აპრილში, ხელმძღვანელობდა რა გარკვეული მოსაზრებებით, იმ მოწვევის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კომისიის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის დადგენილების მესამე პროექტს - ”რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის აღიარებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მუშაობის წარმმართველი ჯგუფის შექმნის შესახებ”, რომელიც პრაქტიკულად დღის წესრიგში აყენებდა ასევე კონფლიქტურ რეგიონებში ეთნოწმენდის აღიარების პოლიტიკას. როგორც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ და თანმდევმა მოვლენებმა ცხადყო, ამ დადგენილების მიღება მაშინაც, არა მარტო გამართლებული, არამედ, აუცილებელიც იყო. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წელს კომისია ეცდება ამ პრობლემის აქტუალიზაციას და იმედოვნებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დაინტერესებას და აქტიურ ჩართვას აღნიშნულ პროცესში. ითქვა, რომ ამჟამად, როდესაც არსებობს ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საერთშორისო მისიის (ჰ. ტალიავინის კომისიის) დასკვნა რუსეთ - საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთი, ფაქტობრივად, დადანაშაულებულია საერთაშორისო სამართლის უმძიმეს დარღვევებში, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომის დროს და შემდგომ პერიოდში ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდის დაშვებაში, ასევე არსებობს 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შეფასება ევროპის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (მაგალითად, ნატოს საბჭოსა (27. 08. 2008) და ევროპის საბჭოს რეზოლუციები (¹1633, 1647, 1648, 1664), ევროკავშირის საგანგებო სამიტის 2008 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიის 2009 წლის 4 მარტის დასკვნა), აგრეთვე - საერთაშორისო თანამეგობრობის ცალსახა პოზიცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედრაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტისა და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებულად აღიარება, ყოველივე ეს საშუალებას იძლევა გაააქტიურდეს მუშაობა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელების მოსაგებად. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეს უთუოდ წაადგება ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ის ვიდეომასალაც, რომელზედაც კომისია მუშაობს. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კონფლიქტების სამართლებრივი გზით მოგვარება, უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ობიექტური ინფორმირება საქართველოში არსებული კონფლიქტების როგორც სამართლებრივ, ასევე ისტორიულ ასპექტებზე. ხაზი გაესვა, რომ სეპარატისტთა არც ერთი ცრუ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ოკუპირებულ ზონებში ამჟამად შექმნილი ვითარების გაყალბებისკენ, ქართული მხარის მიერ უპასუხოდ არ უნდა იქნეს დატოვებული. ამ მიმართულებით ქართველ მეცნიერთა პოტენციალის სათანადო დონეზე გამოყენების მიზნით კომისია მიმდინარე წელს აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. კომისიის მიერ შემუშავებული მეორე ტელეპროექტის ”ჩვენ, კავკასიელები” ფარგლებში ისახება მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგებთან. ხაზი გაესვა სამივე დაწესებულების მეცნიერთა დაინტერესებას ზემოაღნიშნული პროექტით და მათ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის. ითქვა, რომ საანგარიშო პერიოდში კომისიას კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებთან ერთად ერთად მუშაობა უწევდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალურ პრობლემებზეც. კერძოდ, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს კომისიაში დევნილებისგან პერმანენტულად შემოდიოდა განცხადებები, რომლებშიც ისინი სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტასთან ერთად ითხოვდნენ კონკრეტულ ინფორმაციასა და განმარტებებს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიმართულებით მუშაობისას კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან, განსაკუთრებით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოსთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციასთან. კომისიის სხდომაზე სპეციალურად იქნა მოსმენილი სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ვიცე-პრემიერ, სახელმწიფო მინისტრის ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია, ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ჩატარდა გამსვლელი შეხვედრები დევნილებთან სამეგრელოსა და შიდა ქართლში. აღსანიშნავია, რომ კომისიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე (”ბუფერულ”) ზონაში მცხოვრებთა პრობლემებიც, რომლებიც ოპერატიულად მიეწოდებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას რეაგირებისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური ფასეულობების სავალალო მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა, რომ ქართველმა საზოგადოებრიობამ, საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის პარლამენტმა, დროებითმა კომისიამ წინა წლებში არაერთგზის სცადა აღნიშნული პრობლემის აქტუალიზაცია, მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ყურადღების მიპყრობა, მაგრამ საკითხი კვლავ პრობლემატურად რჩება და ის გადაუდებელი პრაქტიკული ღონისძიებების დასახვას საჭიროებს. ამიტომ, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პრობლემა ახალი, 2012 წლის საქმიანობის კომისიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა იმედი, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც შესაბამისი დაინტერესება და აქტიური ჩართულობა იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოსადმი მიყენებულ ზარალზე და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველო) ოკუპირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალის უკანონო გატანასთან დაკავშირებით შავი ზღვის რეგიონში მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარე და სამომავლო სამუშაობზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს კომისიის მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხზე გამოიცა წიგნი ”კონფლიქტების ანატომია”, რომელმაც სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში სათანადო აღიარება მოიპოვა. კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. აღინიშნა, რომ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბატონ მასაიოში კამოჰარასთან შეხვედრისას გახმოვანდა კომისიის ინიციატივა საქართველოს კანონში «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» დამატებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, «მუხლში 91. ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, დაემატოს: ყველა ადმინისტრაციული ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ ან/და ავტორობით გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე (სასკოლო სახელმძღვანელოები, ბროშურები, ბუკლეტები, ლიფლეტები, ბარათები, გზამკვლევები, ინსტრუქციები და ა.შ.) განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სახის წარწერა: «საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ...”. ითქვა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, იაპონიამ, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალის მიუხედავად, მაინც შეძლო სასკოლო სახელმძღვანელოებში იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიის (კურილიის კუნძულების) ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დროებითი კომისიის მიერ 2011 წელს სულ ჩატარდა 22 სხდომა. მათ შორის 13 სხდომა მიეძღვნა კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს "ოკუპაცია”, 2 სხდომა მიეძღვნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალების მოძიებისა და სისტემატიზაციის სამუშაოებს, თითო სხდომა მიეძღვნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და კონსტიტუციური შეთანხმების მე-20 წლისთავს, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავს, დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა მოგვარების საკითხებზე, აფხაზთა იდენტობის დაცვის საკითხს ერთიან ქართულ სახელმწიფოში, მათი ინტეგრირების საკითხებს, არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს, პერსპექტივებს და ა. შ. ითქვა, რომ კომისიის მიერ მიმდინარე წელს გაკეთდა 3 ოფიციალური განცხადება, მათ შორის ერთი _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ერთობლივად. კომისიის მიერ აღნიშნულ პერიოდში მომზადდა და გამოქვეყნდა რამდენიმე ოფიციალური პასუხი რუსეთის მედიაში გამოქვეყნებულ ანტიქართულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით. აზრი გამოთქვეს: ნ. ჯანაშიამ, რ. თედორაძემ, რ. ფიფიამ, რ. კემულარიამ. სხდომამ გადაწყვიტა: ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შ. მალაშხიას ინფორმაცია კომისიის მიერ 2011 წელს ჩატარებული სამუშაოსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია კომისიის მდივანი: რ. ფიფია. |






