სხდომის ოქმი N76

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

 

 

N76                                           2011 წლის 23 დეკემბერი                    

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში კავკასიის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები:

რ. აბაშია, ნ. აბესაძე, ც. ბარამიძე, გ. გოგინაშვილი, ს. ზედელაშვილი, მ. თეთრაძე, ი. თიგიევა, ა. კვახაძე, გ. ლომთაძე, მ. ჩუხუა (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი), ვ. კიკნაძე, ჯ. კვიციანი, ნ. ჯალაბაძე, ლ. ჯანიაშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), ჯ. აფაქიძე, მ. ალფენიძე, ლ. ახალაძე, თ. გვანცელაძე, ბ. კვარაცხელია, კ. კვაშილავა, ზ. ლომთათიძე, მ. ნაჭყებია, ზ. პაპასქირი, ე. ქავთარაძე, რ. ხარებავა, ბ. ხორავა, დ. ჯალაღონია, ვ. ჯაფარიძე, დ. ჯოჯუა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია;

დღის წესრიგი:

დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული სატელევიზიო პროექტის

”ჩვენ, კავკასიელები” განმეორებითი განხილვა

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ დღეს 23 დეკემბერს არის ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის დღე. შ. მალაშხიამ ისაუბრა ვ. ჰაველის უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებაზე ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრების პროცესში. ხაზგასმულ იქნა ვ. ჰაველის მიერ საქართველოსადმი ცალსახად გამოხატული მხარდაჭერა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასების დროს. ითქვა, რომ ვ. ჰაველი იყო საერთაშორისო მასშტაბის, მაღალზნეობრივი პოლიტიკოსის განსახიერება. აღინიშნა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ”ოკუპაცია” Fფარგლებში, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შესახებ, ვ. ჰაველის Uმონაწილეობით,  გადაღებულ იქნა ორი დოკუმენტური ფილმი: ”გაწირული ჩეხოსლოვაკია” და ”სუდეტები”, რომლებიც, ვ. ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად, საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეარხით 23 და 24 დეკემბერს განმეორებით გადაიცემა. შ. მალაშხიამ გაიხსენა ვ. ჰაველის სიტყვები, რომლებშიც ის მიესალმა აღნიშნული ფილმების გადაღებას და გამოთქვა გულწრფელი სინანული იმის გამო, რომ თავის დროზე, გარკვეული ქვეყნების კონიუქტურული პოზიციიდან გამომდინარე, მას არ მიეცა მსგავსი ფილმების გადაღების საშუალება.

კომისიის თავმჯდომარის წინადადებით სხდომის მონაწილეებმა ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვ. ჰაველის ხსოვნას.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ზუსტად სამი კვირის თავზე კომისია განმეორებით იხილავს მის მიერ შემუშავებულ, უკვე მეორე პროექტს ”ჩვენ, კავკასიელები”. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა დამსწრეთა ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე და მისი შექმნის განმაპირობებელ ფაქტორებზე. კომისიის თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა სსრკ-ის დაშლის შემდგომ პერიოდში საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის არსებული მსგავსებები და განმასხვავებელი ფაქტორები. კერძოდ, ის შეეხო 1991 წლის დეკემბრის თბილისისა და 1992-1993 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ცხინვალის რეგიონი, სამეგრელო, აფხაზეთი), ასევე ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს. შ. მალაშხიამ ისაუბრა კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიის ფაქტორის გამოყენებაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს ზ. გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამორიცხული იყო. ითქვა, რომ ეროვნული ხელისუფლების დროს კრემლი ასევე ვერ ბედავდა ღიად დაპირისპირებოდა ჯ. დუდაევის ხელისუფლებას. 

შ. მალაშხიამ ასევე ისაუბრა რუსეთში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე, მის საერთაშორისო გამოხმაურებაზე, ტენდენციებზე, რომლებიც რუსეთში იკვეთება ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში. ითქვა, რომ ამ პროცესებს საქართველო ყოველმხრივ მომზადებული უნდა შეხვდეს და განახორციელოს შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად, მცდარი იქნება თვალის დახუჭვა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ითქვა, რომ წარმოდგენილი პროექტი საშუალებას იძლევა მოხდეს კავკასიასთან დაკავშირებით არსებული ობიექტური ისტორიული მასალის ვიზუალიზაცია, რათა კავკასიის რეალობის აღქმა უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გახდეს. შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ სკოლებში ისტორიის სწავლებისას მომავალში გარკვეული ადგილი დაეთმობა კავკასიას, ერთიან რეგიონს.  კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთდამოკიდებულებაში არსებული გარკვეული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ითქვა, რომ დოკუმენტური ფილმები შეიქმნება ქართულ და რუსულ ენებზე და მათი მეშვეობით ხელი უნდა შეეწყოს ანტიიმპერიული, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ჩრდილო კავკასიაში. ეს ფილმები უნდა გავრცელდეს რეგიონის ფარგლებს გარეთაც, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის უფრო ცხადი გახდეს ჩრდილო კავკასიაში არსებული საკვანძო პრობლემები და დაისახოს მათი მოგვარების გზები.

შ. მალაშხიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პროექტი არ ატარებს ანტი- რუსულ ხასიათს. ერთ-ერთ ფილმში საგანგებოდ იქნება წარმოჩენილი თვით რუსეთი, როგორც კრემლის დანაშაულებრივი მმართველობის, სხვადასხვა ეპოქისა და იდეოლოგიის ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლი.

აზრი გამოთქვეს: პროფესორებმა: ჯ. აფაქიძემ, ვ. კიკნაძემ, მ. ალფენიძემ, ც. ბარამიძემ, ზ. პაპასქირმა. 

საუბარი შეეხო საქართველო – ჩრდილო კავკასიის ურთიერთობას შორეული წარსულიდან დღემდე. აღინიშნა, რომ უძველესი დროიდან ჩრდილო კავკასია და ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (სამეფოები თუ რესპუბლიკები) საიმედო ”ზურგს” ქმნიდნენ ერთმანეთისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა იმპერია, რომელიც კავკასიას იპყრობდა, ყოველთვის ცდილობდა ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის შუღლი დაეთესა და გაეღვივებინა. კავკასიელთა ურთიერთგადამტერების მიზნით, იმპერიები რეგიონის ეთნიკურ-ენობრივ და რელიგიურ მრავალფეროვნებას იყენებდნენ. კავკასიელთათვის განსაკუთრებით მძიმე, ცალკეული ეთნოსებისთვის კი, მართლაც, დამღუპველი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის (როგორც მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის) გამანადგურებელი პოლიტიკა. ხაზგასმით ითქვა, რომ აუცილებელია მსოფლიომ დღეს მაინც გაიგოს სიმართლე ადიღების (ჩერქეზების) გენოციდის შესახებ, მით უფრო, როცა 2014 წელს, სოჭში ზამთრის ოლიმპიადის გამართვა იგეგმება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მეფის რუსეთის მიერ ადიღების მიმართ, ხოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ - ვაინახების მიმართ განხორციელებული გენოციდი და ეთნიკური წმენდა.

პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა კონკრეტული წინადადებები არქეოლოგიის, ისტორიის, ეკოლოგიისა და სხვა მიმართულებით.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან მადლობა გადაუხადა მეცნიერებს სხდომაში მონაწილეობისა და პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ საქმიან წინადადებებთან დაკავშირებით.

ს. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში გაგრძელდება კავკასიის პრობლემებზე მომუშავე მეცნიერების საქმიანი თანამშრომლობა საპარლამენტო კომისიასთან.

სხდომამ გადაწყვიტა: პროექტის ”ჩვენ, კავკასიელები” ფარგლებში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და მეცნიერ-კავკასიოლოგთა თანამშრომლობა.

კომისიის თავმჯდომარე:                          შ. მალაშხია

კომისის მდივანი:                                 რ. ფიფია