სხდომის ოქმი N72

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:

 

N 72                                           2011 წლის 6 ოქტომბერი                    

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ო. თოიძე;

მ. ბასილაძე   – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ნ. დურმიშიძე, ა. ბესელია, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ანშლუსი”  ფრაგმენტების დემონსტრირება.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე კომისიის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეთა ყურადღება შეაჩერა ევროპისა და აზიის რიგი ქვეყნის მიერ რუსეთის სახელმწიფოსგან საბჭოთა და რუსული ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის მოთხოვნის საკითხზე.

ითქვა, რომ მსგავსი პრეტენზიები რუსეთისადმი საქართველოსაც  გააჩნია. საქართველოს პროკურატურის 1998 წლის მონაცემებით, მარტო აფხაზეთში 1992-1993 წწ. სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიყენებულმა ზარალმა და დანაკარგებმა 10,7 მილიარდი აშშ-ის დოლარი შეადგინა, რასაც ემატება 90-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის რეგიონში და რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიისა და ქვეყნის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალი.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ 2006  წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები:

_ კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და

_  კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად საქმეების მომზადების მიზნით იურიდიული ფირმის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების შესახებ.

ითქვა, რომ პარლამენტმა მაშინ მხარი არ დაუჭირა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის დადგენილების მესამე პროექტს _ ”რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონის  ანექსიის აღიარებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მუშაობის წარმმართველი  ჯგუფის შექმნის შესახებ”.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში, რომელთაც სხვადასხვა დროს თავის თავზე იწვნიეს სსრკ-ისა და რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები. კომისიის თავმჯდომარემ მოიტანა ამ მიმართულებით ლიტვის, ლატვიის,  ესტონეთის, მოლდოვას, რუმინეთის,Aაზერბაიჯანის, ავღანეთის, ირანის მიერ რუსეთის სახელმწიფოსადმი წაყენებული კონკრეტული მაგალითები.

კერძოდ, ითქვა, რომ ლიტვა რუსეთისგან 24 მილიარდ ევროს მოითხოვს, ლატვია – 20 მილარდ დოლარს, ესტონეთი – 50 მილიარდ დოლარს, მოლდოვა – 27,8 მილიარდ დოლარს, რუმინეთი – 2 მილიარდ დოლარს და ა.შ.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭოთა და რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ქვეყნების მიერ ერთიანი ფრონტის შექმნა და ძალისხმევის გააქტიურება მიყენებული ზარალის  კომპენსაციისა და ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრისთვის. ითქვა, რომ გარკვეულ კონტექსტში საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებული ტელეპროექტის ("ოკუპაცია”) ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციაა.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ კომისია კვლავ დასვამს საკითხს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და ოფიციალურად მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნული ზარალის დათვლის მოთხოვნით.

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში პრაქტიკულად დასრულებულია დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიო საზოგადოებრიობას აჩვენოს ის მსგავსება, რომელიც არსებობს ნაციზმსა და საბჭოთა კომუნიზმს შორის.

ფილმ ”ანშლუსთან” დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ უპრეცედენტო მსგავსებებს, რომლებიც იკვეთება სუვერენული ავსტრიის სახელმწიფოს ნაცისტური გერმანიის ქმედებებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს შორის.

ითქვა, რომ ორივე შემთხვევაში, აშკარაა დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ოკუპაცია. ითქვა, რომ ჯერ კიდევ 1938 წლის ე.წ. ”ვენის ანშლუსამდე” ნაცისტური გერმანია უხეშად ერეოდა ავსტრიის სახელმწიფოს საკადრო საკითხებში და, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის ხელმძღვანელობა ვერმახტის მესვეურთა თითქმის Yყველა მოთხოვნას ასრულებდა, საქმე მაინც გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაციით და ამ სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტით დასრულდა.

საქართველოსთან პარალელების გავლებისას შ. მალაშხიამ მაგალითად მოიტანა 2008 წლის 13, 19 და 21 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმაში გაიმართული დახურული საპარლამენტო მოსმენა, რომელზეც განხილულ იქნა მიმართვები აფხაზეთისა და ე. წ. ”სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ითქვა, რომ დუმამ მოუწოდა მთავრობას აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისადმი დახმარებისა და მათი დაცვის მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებისკენ, განსაკუთრებით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ მისწრაფების გათვალისწინებით. მან ასევე შესთავაზა მთავრობას განეხილა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი.

კომისიის თავმჯდომარემ ასევე შეახსენა სხდომის მონაწილეებს საქართველოს ხელისუფლების საკადრო საკითხებში რუსეთის ხელისუფლების ჩარევის უშედეგო მცდელობებისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებული მუქარების ფაქტები.  ითქვა, რომ სწორედ საქრთველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიცია გახდა იმის საფუძველი, რომ ავსტრიისგან განსხვავებით, საქართველომ, მართალია ტერიტორიის ნაწილის დროებითი დაკარგვის ფასად, მაგრამ მაინც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ამჟამად სარგებლობს მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერით, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის, ევროკავშირის, ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების, აშშ-ის სენატის მხარდამჭერი რეზოლუციებით. ხაზი გაესვა, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვა. ითქვა, რომ ეს უპრეცედენტო მხარდაჭერა საბოლოოდ აუცილებლად დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, მისი გაწევრიანებით ნატოსა და ევროკავშირში.

კომისიის თავმჯდომარემ მიმოიხილა ასევე პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები. ითქვა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან 20-ვე ფილმს ყოველდღიურად აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ფილმების გატანა იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ისინი ეხება. ამასთანავე, აღნიშნულ ქვეყნებში ნაჩვენები იქნება ძირითადი ფილმი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ აგრესიაზე, აგრეთვე, შემაჯამებელი ფილმი იმ პარალელების შესახებ, რომლებიც არსებობს ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, და მათი მენტალური მემკვიდრის კრემლის დღევანდელი ბინადრების ქმედებათა შორის.

ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები, და ამ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს (გერმანიის კანცლერმა 70-იან წლებში, ვილი ბრანდტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას), სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია. კერძოდ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება,  აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმათა დარღვევით, საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს, ხოლო ამ მენტალობის შეცვლის გარეშე არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა დარჩება კომუნისტური რეციდივების აღდგენა-განმეორების სერიოზული საშიშროების წინაშე. აღნიშნული საშიშროების თავიდან აცილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ისევე როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.

სხდომაზე ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები ფილმიდან ”ანშლუსი”.

აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, რ. ფიფიამ, ო. თოიძემ.

მ. ბასილაძემ ისაუბრა ნაცისტური გერმანიისა და რუსეთის ქმედებების იდენტურობაზე ავსტრიისა და საქართველოს წინააღმდეგ და არსებულ განსხვავებებზე.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ო. თოიძემ ისაუბრა პროექტის ”ოკუპაცია” მნიშვნელობაზე, კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატა მადლიერება აღნიშნული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და გააკეთა მინიშნებები პარალელებზე, ნაცისტური გერმანიის ქმედებებთან ავსტრიის წინააღმდეგ 1938 წელს და საბჭოთა რუსეთის ქმედებებთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1921 წელს.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის ”ანშლუსი”  დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით პარასკევს, 7 ოქტომბერს,  22 საათზე.

კომისიის თავმჯდომარე:                       შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                             რ. ფიფია

 
modules