| სხდომის ოქმი N71 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი: N71 2011 წლის 27 სექტემბერი სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა. წოწონავა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: ჯ. გამახარია, რ. შამუგია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები: რ. გახარია, რ. გერგედავა, ბ. დანელია, დ. დარსალია, ნ. დარსანია, ჯ. ლეთოდიანი, გ. მაღლაკელიძე, ნ. კვარაცხელია, ვ. სანაია, ი. ფარფალია, ხ. ქარდავა, ვ. თორდია, რ. ცინდელიანი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯ. აფაქიძე; საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: თ. ჭახრაკია, ი. არჩუაშვილი, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, ლ. სულაბერიძე. დღის წესრიგი: 1. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ 2.საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადება სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა სიმბოლურად დაემთხვა სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ განვლილი წლების მანძილზე, განსაკუთრებით კი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი არაერთი ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო. ითქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები ყველგან კრემლის მიერ იყო პროვოცირებული და, შესაბამისად, მათი მოგვარება იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა მისი გავლენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებსა და სახელმწიფოებზე. სწორედ ამიტომ, შ. მალაშხიას განცხადებით, 2008 წლამდე, რუსეთის ხელისუფლება Yყოველნაირად ცდილობდა სტატუს-კვოს შენარჩუნებას და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების ”გაყინულ მდგომარეობაში” დატოვებას. შ. მალაშხიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია, ქართული მოსახლეობის განმეორებითი ეთნიკური წმენდა და ათეულათასობით ახალი დევნილის წარმოშობა, აგრეთვე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეში დარღვევა და აფხაზეთისა და ე. წ. «სამხრეთი ოსეთის” «დამოუკიდებლობის” ცალმხრივი ცნობა, ძირითადად, განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისი თანამეგობრობის მზარდი პოზიტიური აქტიურობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების, უპირველესად კი, აფხაზეთის რეგიონში დევნილთა დაბრუნების მიმართულებით. კომისიის აზრით, სწორედ ამიტომ გადადგა კრემლმა უპრეცედენტო და, სამომავლოდ, თვით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის სახიფათო ნაბიჯი და მის მიერ ოკუპირებული რეგიონები «დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით კრემლის დღევანდელი ბინადრები თავიანთ მენტალურ წინაპრებზე უფრო «შორს წავიდნენ”, რადგან არც ნაცისტურ და არც საბჭოურ-კომუნისტურ რეჟიმებს «დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” არ გამოუცხადებიათ ტერიტორია, სადაც მანამდე ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლებისა და დროებითი საპარლამენტო კომისიის მიმდინარე საქმიანობაზე, ამ მიმართულებით მუშაობის შემდგომი გააქტიურების მნიშნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიასა და აქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ცალსახა შეფასებებს აძლევს. მისი ღრმა რწმენით, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებას; ამ ტერიტორიებზე მომხდარი ეთნოწმენდის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი წახალისება. რაც შეეხება კრემლის უკანონო ქმედებებს (იგულისხმება 2008 წლის სამხედრო აგრესია, ოკუპაცია, ეთნოწმენდა და შემდეგ საქართველოს ამ ტერიტორიების ”დამოუკიდებლობის” ცნობა), ეს ყველაფერი XXI საუკუნეში დაუსჯელი არ დარჩება. შ. მალაშხიას განმარტებით ასეთ რწმენას, განამტკიცებს 2008 წლის შემდგომ პერიოდში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების დინამიკა. ითქვა, რომ ამ რეზოლუციებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული ძალის გამოყენებით დემოგრაფიულ ცვლილებათა მიუღებლობა, აღიარებელია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და მისი შთამომავლის უფლება (განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა) დაბრუნდეს თავის სახლში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის ჩათვლით. გაეროს გენერალური ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციებში ხაზგასმულია ასევე სპეციალური გრაფიკის შემუშავების აუცილებლობა საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ყველა იძულებით გადაადგილებულ პირის თავის სახლში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნებისთვის. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ევროკავშირის მკაფიო პოზიციას საქართველოს მიმართ, აშშ-ის სენატის რეზოლუციას და ისაუბრა აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის უახლოეს პერიოდში განხილვის თაობაზე. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მრავალმხრივი პროვოკაციისა და შანტაჟის, მათ შორის, ტერორისტული აქტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია დეოკუპაციის სამშვიდობო კურსის, რასაც ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასული წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტისა და ამა წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მიცემული მტკიცე პირობა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად საქართველო არასდროს არ გამოიყენებს ძალას. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მაშინ როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მილიტარიზაცია, სამხედრო ბაზების უკანონო მშენებლობა, ადამიანის უფლებათა მასობრივი, ტოტალური ხელყოფა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ სხვა კატეგორიის პროცესები მიმდინარეობს, სახელდობრ, აღმშენებლობითი სამუშაოები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც სულ უფრო ფართო საერთაშორისო აღიარებითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ პროექტად შ. მალაშხიას მიერ დასახელებულ იქნა სოხუმის დევნილი სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობა და მისი წარმატებები სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში. კომისიის თავმჯდომარის ღრმა რწმენით, დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური რეფორმების და დეოკუპაციის სამშვიდობო პროცესისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულების საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულება, საოკუპაციო ჯარების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შეუქცევადი პროცესის დაიწყება. I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შ. მალაშხიას ინფორმაცია ”აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ” კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხი კომისიის სხდომაზე მსგავს ფორმატში მეხუთედ იხილება. შ მალაშხიამ ხაზი გაუსვა აღნიშნულ საკითხზე მასალების მოძიების, სისტემატიზაციის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში წარსადგენად მათი მომზადებისა და მათზე საერთაშორისო რეაგირების მიღწევის უდიდეს მნიშვნელობას. ოკუპირებულ ზონებში ქართული მოსახლეობისადმი განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების მოძიების პროცესში კომისიისთვის გაწეული დახმარებისთვის კომისიის თავჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო დროებითი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა ამ მხრივ საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. რეგლამენტის გათვალისწინებით, სხდომის მონაწილეებს წარედგინათ მომზადებული აუდიომასალის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებშიც დაფიქსირებულია აფხაზეთში 1992-1993 წლებში და ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველთა მონათხრობი, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, როგორ მარხავდნენ მათ ცოცხლად, როგორ ხვრეტდნენ და საკუთარ სახლებში წვავდნენ ადამიანებს. განსაკუთრებით ამაზრზენი იყო სხდომის მონაწილეთათვის თვითმხილველთა ჩანაწერების მოსმენა. კომისიამ გასაგები მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდაზე მოპოვებული ვიზუალური კადრების ჩვენებისაგან. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ მუშაობა ვიდეო - აუდიო ჩაწერებზე კომისიაში კვლავ გაგრძელდება. ხაზი გაესვა, რომ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიგზავნება საერთაშორისო სასამართლოებში. მოპოვებული მასალის ნაწილი კი, შ. მალაშხიას განცხადებით, გამოყენებული იქნება კომისიის ინიციატივით მიმდინარე პროექტში (”ოკუპაცია”). ამ პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების გადაღება ევროპის 15-მდე ქვეყანაში, პრაქტიკულად, უკვე დამთავრებულია. აღინიშნა, რომ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” უკვე უჩვენა უკრაინის, ფინეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, გერმანიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოვლენებისადმი მიძღვნილი 13 დოკუმენტური ფილმი. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტურ ფილმებს აუცილებლად თან დაერთვება კომისიის მიერ მომზადებული 15 წუთიანი ვიდეომასალა, რომელზეც ასახული იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უპირატესად ქართული მოსახლეობის მიმართ 1992-1993 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტები. შ. მალაშხიას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობას აუცილებლად მიეწოდება სრული ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ და მსოფლიოს ღირსების საკითხია, რომ XXI საუკუნეში არავის შერჩეს ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. აზრი გამოთქვეს: ჯ. აფაქიძემ, რ. Fთედორაძემ, ნ. ჯანაშიამ, თ ხუბუამ. II. მოისმინეს: სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადება. სხდომამ გადაწყვიტა:
დანართი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადება 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია კიდევ ერთხელ მიაპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. კომისია აცხადებს, რომ განვლილი წლების მანძილზე, განსაკუთრებით კი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი არაერთი ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები კრემლის მიერ იყო პროვოცირებული და, შესაბამისად, მათი მოგვარება იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა კრემლის გავლენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებსა და სახელმწიფოებზე. კომისიის აზრით, სწორედ ამიტომ, 2008 წლამდე, რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა სტატუს-კვოს შენარჩუნებას და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების ”გაყინულ მდგომარეობაში” დატოვებას. კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია, ქართული მოსახლეობის განმეორებითი ეთნიკური წმენდა და ათეულათასობით ახალი დევნილის წარმოშობა, აგრეთვე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეში დარღვევა და აფხაზეთისა და ე. წ. «სამხრეთი ოსეთის” «დამოუკიდებლობის” ცალმხრივი ცნობა, ძირითადად, განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისი თანამეგობრობის მზარდი პოზიტიური აქტიურობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების, უპირველესად კი, აფხაზეთის რეგიონში დევნილთა დაბრუნების მიმართულებით. კომისიის აზრით, სწორედ ამიტომ გადადგა კრემლმა უპრეცედენტო და, სამომავლოდ, თვით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის სახიფათო ნაბიჯი და მის მიერ ოკუპირებული რეგიონები «დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით კრემლის დღევანდელი ბინადრები თავიანთ მენტალურ წინაპრებზე უფრო «შორს წავიდნენ”, რადგან არც ნაცისტურ და არც საბჭოურ-კომუნისტურ რეჟიმებს «დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” არ გამოუცხადებიათ ტერიტორია, სადაც მანამდე ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. კომისია სრულად იზიარებს ყველა იმ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკავშირის, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას, რომელთა მიერ რუსეთის აღნიშნული ქმედებები შეფასდა როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა. კომისია მიესალმება აშშ-ის სენატის, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ რუსეთის ქმედებების «უკანონო ოკუპაციად” შეფასებას. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მრავალმხრივი პროვოკაციისა და შანტაჟის, მათ შორის, ტერორისტული აქტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია დეოკუპაციის სამშვიდობო კურსის, რასაც ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასული წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტისა და ამა წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მიცემული მტკიცე პირობა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად საქართველო არასდროს არ გამოიყენებს ძალას. საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიან პოზიციას ადასტურებს აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჩართულობის სამოქმედო გეგმა (2010). კომისიას მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შემგუებლური დამოკიდებულება საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებისადმი, ანუ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ძველი გავლენის აღდგენის მცდელობისადმი, ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის რუსეთში ნეოკომუნისტურ-ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესს, ეს კი მზარდ საფრთხეს წარმოშობს არა მარტო საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, რეგიონული და მთლიანად ევროპიული უსაფრთხოების სისტემისთვის. აღნიშნულის კიდევ ერთი დასტურია, ა/წ 22 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ…… მიღებული კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმების რატიფიციკაციის თაობაზე” (ეს არალეგიტიმური შეთანხმება გაფორმდა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის). კომისია სრულად იზიარებს "ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების საერთაშორისო დაგმობის აუცილებლობის შესახებ" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2006 წლის 25 იანვრისა და "ევროპული ცნობიერებისა და ტოტალიტარიზმის შესახებ" ევროპარლამენტის 2009 წლის 2 აპრილის რეზოლუციების ფუნდამენტურ დებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის ოფიციალურად დაგმობას. კომისიას მიაჩნია, რომ კომუნისტური სისტემის საყოველთაო დაგმობა და, ნაციონალ-სოციალიზმის მსგავსად, მისი საერთაშორისო გასამართლება, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობდა კრემლის პოლიტიკური მენტალიტეტის შეცვლას და ნეოიმპერიალისტურ- მილიტარისტული კურსის ნაცვლად ადამიანის უფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას. კომისია იმედოვნებს, რომ დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური რეფორმების და დეოკუპაციის სამშვიდობო პროცესისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულების საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო გააფართოვებს და გააღრმავებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულება, საოკუპაციო ჯარების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შეუქცევადი პროცესის დაიწყება. აღნიშნულ იმედს, ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, განამტკიცებს 2008 წლის შემდგომ პერიოდში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების დინამიკაც. ამ რეზოლუციებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული ძალის გამოყენებით დემოგრაფიულ ცვლილებათა მიუღებლობა, აღიარებელია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და მისი შთამომავლის უფლება (განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა) დაბრუნდეს თავის სახლში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის ჩათვლით. გაეროს გენერალური ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციებში ხაზგასმულია ასევე სპეციალური გრაფიკის შემუშავების აუცილებლობა საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ყველა იძულებით გადაადგილებულ პირის თავის სახლში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნებისთვის. კომისია გამოხატავს ღრმა რწმენას, რომ XXI საუკუნეში საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კონფლიქტებისა და სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილ დანაშაულებს (უპირველესად კი, ეთნოწმენდის ფაქტებს), რომ აუცილებლად მოხდება მათი გამოძიება და დამნაშავეთა გასამართლება, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საქართველოს პარლამენტის თბილისი, 2011 წლის 27 სექტემბერი |






