| სხდომის ოქმი N68 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა ო ქ მ ი: №68 2011 წლის 8 აგვისტო სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია _ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია _ ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”; რ. ბლუაშვილი _ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი; მ. ბასილაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი; ლ. ახობაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიისა და პროექტის რეჟისორი; ე. გვაზავა – აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; თ. ხუბუა – აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; რ. შამუგია, რ. ქარაია _ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრები ; ე. ასტემიროვა, ო. ჩარკვიანი, გ. მაღლაკელიძე, ზ. მებონია, დ. ჯონჯუა _ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები; დ. სანაკოევი _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ვ. სანებლიძე _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; თ. ბესტაევი _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ზ. ანთაძე _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლ. ფუხაევა _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინ.ისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი; ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, გ. მაისურაძე, ნ. დურმიშიძე, ლ. სულაბერიძე _ დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: დღის წესრიგი: 1.პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”აგვისტო” (2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია) ფრაგმენტების დემონსტრირება. 2.რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების პროექტის განხილვა.სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მალაშხიას წინადადებით სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული მეომრებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას. ითქვა, რომ აქვე ნაჩვენებია რუსული მხარის მიერ განხორციელებული სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის ქმედებები, მათ შორის: 2007 წლის 12 დეკემბრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმის დაწესება, ანუ ამ ხელშეკრულებიდან ფაქტობრივი გამოსვლა და მისი მოქმედების შეჩერება; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაცია და მოქალაქეობის მინიჭება; 2008 წლის 6 მარტს, პრეზიდენტ ვ. პუტინის დეკრეტით რუსეთის გამოსვლა 1996 წლის დსთ-ის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა; 2008 წლის 13,19,21 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამართული მოსმენების დროს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ მიმართვების განხილვა და განცხადება, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციის წინაშე წამოიჭრა საკითხი პოლიტიკის კორექტირების აუცილებლობისშესახებ; დუმის მოწოდება რუსეთის მთავრობისადმი, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისადმი დახმარებისა და მათი დაცვის მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებისკენ, განსაკუთრებით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში ინტეგრირებისკენ მისწრაფების გათვალისწინებით; დუმის შეთავაზება მთავრობისადმი, განეხილა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის დაჩქარების საკითხი; 2008 წლის 16 აპრილს ვ. პუტინის მიერ გამოცემული დეკრეტი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის” მარიონეტულ რეჟიმებთან პირდაპირი ურთიერთობების დაამყარების თაობაზე ფედერალური მთავრობისადმი მოწოდებით; რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაცია, კერძოდ: აფხაზეთში რუსეთის სამხედრო კონტიგენტის, ტექნიკისა და სამხედრო სპეციალისტების რიცხვის ზრდა, სარკინიგზო ჯარებისა და მედესანტეების შემოყვანა, ჩრდილოეთ კავკასიაში უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ჩატარება და Uუშუალოდ სამხედრო აგრესია. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად, როგორც უშუალოდ აგვისტოს Aაგრესიამდე, ასევე მის შემდეგ. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ფილმში ასევე ასახულია: საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ქვეყანაში ძირეული რეფორმების ჩასატარებლად, ევროსტრუქტურებში და მათ შორის NAთO-ში გასაწევრიანებლად, რუსეთის ხელისუფლების შიში და არაადეკვატური რეაგირება ამ ფაქტებზე; საქართველოსთვის MAPMAP-ის მიცემის გადადება და მისი მაპროვოცირებელი გავლენა რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო აგრესიის განხორციელებაზე; სამხედრო აგრესიის განხორციელება, შედეგები. მსხვერპლი. ზარალი. 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი სარკოზი _ მედვედევის 6-პუნქტიანი გეგმა. მისი პირველი ვარიანტის ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ კატეგორიული უარის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნ. სარკოზიმ აშკარად მიანიშნა, რუსული ტანკები უკვე თითქმის თბილისის მისადგომებთან იყვნენ და პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ფილმში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმისა და საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმების აშკარა დარღვევით ზუსტად ორი კვირის თავზე, 26 აგვისტოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე; გამოკვეთილია საერთაშორისო თანამეგობრობის ცალსახა პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძოდ, ევროსტრუქტურების, 4 ქვეყნის პარლამენტისა და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებულად აღიარება. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის გასამართლებლად ოფიციალური რუსული პოზიციის სიყალბის დასამტკიცებლად შ. მალაშხიამ მოიტანა ა.წ. 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის უპრეცედენტო განცხადება საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ნამდვილ მიზნებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ XXI საუკუნეში რუსეთის ამგვარ ქმედებებთან შეუგუებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების საკითხია. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სსრკ-ის დაშლა XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხადად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, სამწუხაროდ, მენტალურ დონეზე, კრემლში ცვლილებები არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის გამო რუსეთი რჩება არაპროგნოზირებად ქვეყნად და ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ ქმედებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით _ ბალტიის ქვეყნების: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიმართ, რომელთა სამივე პირველი პირი, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს უმწვავეს პერიოდში იმყოფებოდა თბილისში და ცოცხალ ფარად ედგა საქართველოს სუვერენიტეტს. შ. მალაშხია ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხებს. მან ხაზი გაუსვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008-2011 წლებში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების დინამიკა, ევროსტრუქტურების, ევროპის რიგი ქვეყნის პარლამენტისა და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებულად აღიარება აძლიერებს რწმენას, რომ თანამედროვე მსოფლიო არ შეურიგდება ოკუპაციის შედეგებს და აუცილებლად შეიმუშავებს ქმედით საერთაშორისო მექანიზმს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის განსახორციელებლად, დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად, რაც ბოლოს და ბოლოს აიძულებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აზრი გამოთქვეს: რ. ბლუაშვილმა, მ. ბასილაძემ, ლ. ახობაძემ, დ. სანაკოევმა, ე. გვაზავამ. რ. ბლუაშვილმა ისაუბრა ფილმის მნიშვნელობაზე და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პიროვნულ აღქმაზე, როცა იგი იმ პეროდში აშშ-ში იმყოფებოდა. ხაზი გაუსვა რიგითი ამერიკელების მიერ იმ დღეებში საქართველოთი აღფრთოვანებისა და ქართველი ხალხისადმი ცალსახად გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვას, ასევე _ ფილმის მნიშვნელობას მომავალი თაობებისათვის. მ. ბასილაძემ აღნიშნა, რომ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისთვის პრიორიტეტი იყო არა უშუალო სამხედრო აგრესიის, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის, ტაქტიკისა და სტრატეგიის, არა ხელისუფლების ქმედებების ჩვენება აგრესიის პერიოდში, არამედ, მთავარ მიზანს წარმოადგენდა Eეჩვენებინა სამხედრო აგრესიის მთელი ანატომია _ თუ რა იყო მისი გამომწვევი მიზეზები, როგორ თანმიმდევრულად ემზადებოდა რუსეთის ხელისუფლება აგრესიისთვის, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რა საერთაშორისო ძალისხმევა იყო მიმართული ამისთვის. ლ. ახობაძემ ისაუბრა შემოქმედებითი კოლექტივის მიერ პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებულ წინა ფილმებზეც და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ფილმზე მუშაობისას ცხადად დაინახა, რომ საქართველომ რუსეთისგან განიცადა ყველა სახის აგრესია, რაც კი რუსეთსა და სსრკ-ის განუხორციელებია სხვა ქვეყნების მიმართ. მისთვის გაუგებარი რჩება ის ფაქტი, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მნიშნელოვანია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დღემდე მისტირის ძველ კომუნისტურ რეჟიმს, რომელმაც რუსეთს და რუს ხალხს მოუტანა არა ნაკლები უბედურება ვიდრე ნაციზმმა ევროპას. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დ. სანაკოევმა აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. მან გაიხსენა 2003 წლის მოვლენები, როდესაც რუსეთმა დაიწყო ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების განახლების მზადება, რისთვისაც რეგიონის 5 ათასამდე ახალგაზრდისგან შეაკოწიწა შეიარაღებული ფორმირებები. მათ არწმუნებდნენ, იმისთვის, რომ ”სამხრეთ ოსეთმა” მიიღოს დამოუკიდეობლობა, საჭიროა, რომ 1000-ამდე ახალგაზრდა დაიღუპოს ქართველებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ხაზი გაესვა, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფორმირებებში გაწევრიანებულ იქნა ძალდატანებით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავამ ისაუბრა აფხაზეთში 1992-93 წლების შეირაღებული დაპირისპირებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსება-განსხვავებაზე. აღინიშნა, რომ აფხაზეთშიც მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთი იყო, მაგრამ ის იქ მოქმედებდა ფარულად, არაოფიციალურად, 2008 წელს კი მან ბოლომდე ჩამოიხსნა მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და სუვერენული საქართველოს წინაშე მიმართა აშკარა აგრესიას. ე. გვაზავამ აღნიშნა აგვისტოს ომში ქართველ მეომართა თავდადება და მაღალორგანიზებულობა, ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯარი ძირეულად განსხვავდებოდა იმ შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც გააჩნდა საქართველოს 1992-93 წლებში. 2. მოისმინეს: რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების ტექსტის პროექტი. დაადგინეს: მიღებულ იქნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების ტექსტი. (ოქმს თან ერთვის). სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით დღეს, 8 აგვისტოს, 22.00 საათზე. კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია კომისიის მდივანი: რ. ფიფია დ ა ნ ა რ თ ი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მესამე წლისთავზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია კიდევ ერთხელ მიაპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. რუსეთის ფედერაციამ, იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა 12 აგვისტოს შეთანხმების პირობები და თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაებრუნებინა, რუსეთის პრეზიდენტის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმების აშკარა დარღვევით, ჯერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის (ასევე მიმდებარე ტერიტორიების) უკანონო ოკუპაცია განახორციელა, ხოლო შეთანხმების ხელმოწერიდან ორ კვირაში საქართველოს ორივე რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ორივე რეგიონში მოხდა "უპირატესად ქართული მოსახლეობის" ეთნოწმენდა, რაც დაფიქსირებულია ეუთოს 1994, 1996 და 1999 წლების სამიტების რეზოლუციებში (რუსეთმაც, როგორც ეუთოს წევრმა, დაადასტურა ეთნოწმენდის ფაქტები), ასევე ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ასეთი ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარება ნიშნავს ეთნიკური წმენდის _ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის - შედეგთა დაკანონების მცდელობას, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა და უახლესი სამხედრო ტექნიკის განლაგება. ხაზგასასმელია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექსის ჩ - 300-ის განლაგება დამატებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონს და ამგვარი ქმედება სერიოზული გამოწვევაა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და იქ სამხედროთა ოჯახების ჩასახლება კიდევ უფრო ამძიმებს ეთნიკური წმენდის შედეგად ისედაც რადიკალურად შეცვლილ დემოგრაფიულ ვითარებას. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს მისიათა საქმიანობა სწორედ რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა და საქართველოში განლაგებულ ევროკავშირის დამკვირვებლებს დღემდე არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გათვალისწინებულია მათი მანდატით. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს არ დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგი ამ რეგიონებში, რათა მათი ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ყოველგვარი "მოწმეების" გარეშე მიიყვანოს ბოლომდე. კრემლს "მოწმეები" არ სჭირდება არც იმის დასაფიქსირებლად, თუ როგორ იყენებს იგი ადგილობრივ საოკუპაციო რეჟიმებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვითარების შემდგომი ესკალაციისა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის პროვოცირებისთვის. კომისია გამოხატავს მადლიერებას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ რუსეთის ქმედებების უკანონო ოკუპაციად შეფასებასთან დაკავშირებით. კომისია მიესალმება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთა მიერ რუსეთის აღნიშნული ქმედებები შეფასდა როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისა და საქართველოს ორი რეგიონის "მცოცავი ანექსიის" მცდელობა. ამგვარ შეფასებათა სრულიად ლოგიკური გაგრძელება იყო ა. წლის 29 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, აშშ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობისადმი მხარდაჭერას და რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. კომისიის აზრით, სენატის აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანმიმდევრული პოლიტიკა კავკასიაში ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და იგი მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. 2008 წლის 8 აგვისტოს სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ა/წ 18 მარტის უპრეცედენტო განცხადება (ანუ სამხედრო აგრესიის ნამდვილი მიზეზის უნებლიე აღიარება), მისი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაადეკვატური რეაგირება აშშ-ის სენატის ზემოაღნიშნულ რეზოლუციაზე, აგრეთვე რუსეთის პრემიერის მიერ ახლახან, 1 აგვისტოს, ახალგაზრდებთან შეხვედრისას იმის თქმა, რომ იგი არ გამორიცხავს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის ფედერაციის ფარგლებში გაერთიანებას, ააშკარავებს კრემლის რეალურ მიზნებს. განსაკუთრებით აბსურდულად და ცინიკურად ჟღერს ა. წლის 4 აგვისტოს რადიოსადგურ "ეხო მოსკვისადმი" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, იმის შესახებ, რომ იგი მიესალმებოდა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემას "საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის"; ამას ამბობს იმ ქვეყნის მეთაური, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცალსახად აკისრებს პასუხისმგებლობას 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ეთნიკური წმენდის დაშვებისთვის და მოუწოდებს, შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმების პირობები, ანუ აღმოფხვრას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შედეგები. კომისიას მიაჩნია, რომ სსრკ-ის აღდგენის იდეით შეპყრობილი რუსეთის ხელისუფლება, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რომლისთვისაც საბჭოთა იმპერიის დაშლა XX საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა", ფაქტობრივად, არასდროს უწევდა ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობას და როგორც დ. მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუდან ირკვევა, არც მომავლში აპირებს 12 აგვისტოს შეთანხმების პირობათა შესრულებას. ასეთი ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ მსოფლიო თანამეგობრობა არ შეიმუშავებს ქმედით მექანიზმებს კრემლის "მოსათვინიერებლად". წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ახალი, უფრო მასშტაბური აგრესიის რეციდივები. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008-2011 წლებში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების დინამიკა აძლიერებს კომისიის რწმენას, რომ მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოები, გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში განახორციელებენ ქმედით ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის განსახორციელებლად, დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად, რაც საბოლოოდ აიძულებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია თბილისი, 8 აგვისტო, 2011 წელი |






