| სხდომის ოქმი N66 |
|
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი: N66 2011 წლის 1 ივლისი სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: ჯ. გამახარია, რ. ქარაია, ო. ნაგორნინა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები: ე. ასტემიროვა, დ. დარსალია, ჯ. ლეთოდიანი, მ. ომანაძე, ხ. ქარდავა, რ. ცინდელიანი, ა. ლომთაძე, რ. მუსერიძე, ნ. მიქაძე ე. პაჭკორია ვ. თორდია, კ. თორია, ნ. კვარაცხელია ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლ. ალექსიძე; საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია. დღის წესრიგი: ქართულ-აფხაზური ურთიერთობები (პრობლემები, გადაწყვეტის გზები) და კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავი სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ერთიან ქართულ სახელმწიფოში ქართველი და აფხაზი ხალხების მრავალსაუკუნოვან მჭიდრო ურთიერთობასა და თანაცხოვრებას. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ისტორიული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება უტყუარი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კატაკლიზმების დროს წარმოშობილი და მნიშვნელოვანწილად გარედან ინსპირირებული უთანხმოებები, ძირითადად, პირდაპირი დიალოგის მეშვეობით – შუამავლებისა და მედიატორების ჩარევის გარეშე გონივრული კომპრომისებისა და ურთიერთმისაღები შეთანხმებების გზით გადაიჭრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოტანილ იქნა კონკრეტული მაგალითები დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში – 1918-1921 წლებიდან. ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისების დაშვებით, 1919 წელს აფხაზეთში გაიმართა პირველი დემოკრატიული, პირდაპირი არჩევნები და აფხაზეთის სახალხო საბჭოს 40 წევრიდან 18 ეთნიკურად აფხაზი იყო, 16 კი _ ქართველი. უფრო მეტიც, მმართველი მენშევიკური პარტიის მიერ გაყვანილი 27 დეპუტატიდან მხოლოდ 10 იყო ქართველი, 12 კი _ აფხაზი. კომისიის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს შეახსენა, რომ დემოკრატიულად არჩეული, მრავალპარტიული საქართველოს პარლამენტის მიერ 1921 წ. 21 თებერვალს დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლი აფხაზეთს ავტონომიურ მმართველობას ანიჭებდა. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა 1991 წლის ზაფხულში, თბილისსა და სოხუმს შორის, კრემლის შუამავლობის გარეშე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ საკონსტიტუციო შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს მიენიჭათ გარანტირებული უმრავლესობა. ხაზი გაესვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის (ეთნიკური ქართველების) დემოკრატიულ უფლებებს ზღუდავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთ, საერთაშორისო პრაქტიკისთვის მართლაც უპრეცედენტო კომპრომისზე დათანხმება, იმ ვითარებაში გონივრული და გამართლებული ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კრემლის მიერ აფხაზეთში დაგეგმილი კონფლიქტის პროვოცირების, ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას. შ. მალაშხიამ ისაუბრა აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის "ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა აფხაზური მხარისთვის შეთავაზებულ არაერთ სამშვიდობო ინიციატივაზე. ითქვა, რომ ამ მხრივ უპრეცედენტოა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ 2008 წლის 28 მარტს სოხუმის რეჟიმისთვის შეთავაზებული ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა: საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, (აღნიშნულ პოსტს ეროვნებით აფხაზი დაიკავებდა), აფხაზების გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო კანონზე, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას და საზღვაო პორტებზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას, სამართალდამცავი უწყებებისა და საბაჟო სამსახურის თანდათანობით გაერთიანებას და საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთის შეუზღუდავი ავტონომიისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავდა აფხაზური ენის, კულტურის და ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ითქვა, რომ ახალგაზრდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1920 წელს ანტანტის წინაშე დასვა საკითხი თურქეთში მოჰაჯირობის დროს გადასახლებულ აფხაზთა შთამომავლების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე, იმ რეალურ საშიშროებაზე, რომელიც აფხაზი ერის იდენტობის შენარჩუნებას ემუქრება. მისი თქმით, რომ ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საიმედო გარანტი არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობასა და ერთიან კავკასიურ სივრცეში დარჩენა. შ. მალაშხიამ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ გაეროს ტრიბუნიდან კავკასიასთან მიმართებაში დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვის შესახებ, კერძოდ – წინადადებაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კავკასიის პრობლემების განხილვა მოხდეს ერთიან კონტექსტში, პარალელურად, რუსეთისადმი მოწოდებაზე, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში. ითქვა, რომ გაეროს ტრიბუნიდან დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვა გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი კურსის განხორციელებას მთლიანად კავკასიის რეგიონში, როგორც ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ისტორიული კავშირების აღდგენას, ამიტომ, ჰუმანიტარულ-პოლიტიკური მოტივებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 2010 წლის 3 ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოს საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში უვიზო რეჟიმში ყოფნის უფლება მიეცათ. შ. მალაშხიას აზრით, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული სამართლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა, როცა ა/წ 20 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები შეფასებულია, როგორც გენოციდის აქტი. კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე დინამიური პროცესები და მასში საქართველოს აქტიური ჩართულობა, უსათუოდ გაზრდის საქართველოს დეოკუპაციის- კენ მიმართულ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რაც აიძულებს კრემლს, შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, რაც ქართველებსა და აფხაზებს ორმხრივი, უშუალო დიალოგის საშუალებას მისცემს. შ. მალაშხიამ აღნიშნული იმედის განსამტკიცებლად მოიტანა მაგალითები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების დინამიკიდან. ითქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს აძლევენ ხმას. აღინიშნა, რომ თვით ნაურუმაც არ დაუჭირა მხარი რუსეთს ბოლო ასამბლეის სხდომაზე, ხოლო ვანუატუმ ხმა მისცა საქართველოს სასარგებლოდ. შ. მალაშხიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ იყო ეთნოკონფლიქტები, როგორც ამის წარმოჩენა ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს სურთ. შ. მალაშხიას აზრით, ქართველები და აფხაზები (ასევე, ქართველები და ოსები) აუცილებლად გამონახავენ გზას მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გადასალახავად და ერთიანობის, მრავალსაუკუნოვანი ძმური კავშირების აღსადგენად. აღნიშნულის განსამტკიცებლად მოტანილ იქნა მაგალითები ქართულ-აფხაზური შერეული ქორწინებების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის, გარე ძალის მიერ პროვოცირებულ თავსმოხვეულ სამხედრო დაპირისპირებაში ჩართული მოსახლეობის დაბალი პროცენტისა და არაფორმალურ დონეზე ქართველებსა და აფხაზებს შორის დღემდე არსებული ურთიერთობებიდან. მოისმინეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კონფლიქტების მოგვარების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ჯ. გამახარიას მოხსენება "ქართულ – აფხაზური ურთიერთობები (პრობლემები, გადაწყვეტის გზები) და კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავი” (მოხსენება ოქმს თან ერთვის). აზრი გამოთქვეს: ლ. ალექსიძემ, ე. გვაზავამ. აკადემიკოსმა ლ. ალექსიძემ სხდომის მონაწილეებს გააცნო 1991 წლის ზაფხულში მიღწეული საკონსტიტუციო შეთანხმების პერიპეტიები. მან დეტალურად გაიხსენა აფხაზურ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები. აღინიშნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას პოლიტიკური ნება, თუნდაც სერიოზული კომპრომისების ხარჯზე მიეღწია აღნიშნული შეთანხმებისთვის. 1991 წლის ზაფხულში თბილისსა და სოხუმს შორის კრემლის შუამავლობის გარეშე გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს (17, 3%) მიენიჭათ გარანტირებული უმრავლესობა – 28 ადგილი, ქართველებს კი (45,7%) – მხოლოდ 26. დანარჩენი 11 მანდატი გადანაწილდა რეგიონში მცხოვრებ სხვა ეროვნებებზე). ლ.ალექსიძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება, გარკვეულ უპირატესობას კი ანიჭებდა აფხაზებს, მაგრამ არც ერთ მხარეს თერთმეტივე სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატის მიმხრობის შემთხვევაშიც არ ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვების შანსი. ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად ვერ შეცვლიდნენ კონსტიტუციას, აფხაზეთის სტატუსს, ვერ დანიშნავდნენ მთავრობას. ითქვა, რომ მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ ვ. არძინბა ხელს მოაწერდა ნოვო-ოგარიოვოს სამოკავშირეო შეთანხმებას, რის საფუძველზეც ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი გაუტოლდებოდა მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსს და საქართველოს შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ლ. ალექსიძემ ისაუბრა ასევე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების სხვა ასპექტებზეც. აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია პრობლემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულ იქნა ევროპის საბჭოს მიერ 2009 წელს საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ რეზოლუციის 1633 (2008) განხორციელების თაობაზე მიღებული 1647 რეზოლუციის მკაცრ ტონზე რუსეთის მიმართ. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ რეზოლუციაში რუსეთი ოფიციალურად არის მიჩნეული აგრესორად. ითქვა, რომ მსგავსი ტონის რეზოლუცია დიპლომატიურ პრაქტიკაში უპრეცედენტოა. ლ. ალექსიძემ გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება. მან ასევე განაცხადა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად აფხაზებთან საერთო ენა მაინც უნდა გამოინახოს. სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. სხდომამ მიიღო ერთობლივი განცხადება. ტექსტი ოქმს თან ერთვის (დანართი N№ 2). კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია კომისიის მდივანი: რ. ფიფია დანართი № 1 მოხსენება ქართულ–აფხაზური კონსტიტუციური შეთანხმების 20 წლისთავისთვის პატივცემულო პარლამენტის წევრებო! პატივცემულო კოლეგებო! ქალბატონებო და ბატონებო! ქართულ-აფხაზური ურთიერთობები არ შედგება მხოლოდ დაპირისპირებისაგან, უთანხმოებებისაგან, რომლებიც, როგორც წესი, გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენს ურთიერთობებში ყოფილა გონივრული კომპრომისებისა და ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებების მიღწევის შემთხვევებიც. მხედველობაში გვაქვს არა იმდენად შორეული წარსული, არამედ საბედისწერო ომის წინაპერიოდი-1991 წლის გაზაფხული და ზაფხული, როდესაც თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა კონსტიტუციურ შეთანხმებას მიაღწიეს. სანამ შეთანხმების საგანს შევეხებოდეთ, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ 20 წლის წინანდელი საქართველო, აფხაზეთში არსებული ვითარება.წარმატებით ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე საქართველომ 1991წ 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ქვეყანა მტკიცედ მიიწევდა წინ რეალური დამოუკიდებლობისკენ. აფხაზეთში ამ დროს მძლავრობდა სეპარატისტული მოძრაობა; ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენდა 1990წ. 25 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს სესიაზე, მართალია, უკანონოდ, მაგრამ მაინც მიღებული დადგენილება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ’’, რომელიც "სუვერენული” აფხაზეთის სსრ-ს აღდგენას ითვალისწინებდა. მცირე დრო იყო გასული 1989წ. 15-16 ივლისს სოხუმში მომხდარი სისხლისღვრიდანაც; სეპარატისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ ამ სისხლიან აქციაზე, თუმცა სასურველ შედეგს, კერძოდ, ყარაბახის მაგალითისამებრ, მოსკოვის პირდაპირი მმართველობის შემოღებას, ვერ მიაღწიეს. დაშლის პირამდე მისულ საბჭოთა იმპერიას და შიდადაპირისპირებებში ჩაფლულ კრემლს 1991 წლის გაზაფხულ-ზაფხულში აფხაზეთისთვის დიდად არ ეცალა. სეპარატისტული ძალები სერიოზულად ჩააფიქრა ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991წ. 17 მარტს ჩაშლილი და 31 მარტს წარმატებით ჩატარებული რეფერენდუმის, ასევე 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა. ისინი არ მოელოდნენ, რომ "აიდგილარასა’’ და მთლიანად ბლოკ "სოიუზის” მიერ გამოცხადებული ბოიკოტის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობა ავტონომიურ რესპუბლიკაში 60% -ს მიაღწევდა. შექმნილ ვითარებაში, როდესაც იმპერიული ცენტრი საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული, საქართველო კი დამაჯერებლად მიიწევდა დამოუკიდებლობისაკენ, ხოლო თავად აფხაზეთში ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ხმათა მყარ უმრავლესობას ფლობდა, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ მარტო დარჩენილები ვერც ძალისმიერი და ვერც სამართლებრივი მეთოდებით თავიანთ ავანტიურისტულ, შორს მიმავალ მიზნებს ვერ მიაღწევდნენ. სხვა გზა, გარდა ქართულ მხარესთან მშვიდობიანი მოლაპარაკებისა, მათ არ რჩებოდათ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 1990წ 25 თებერვალს გაუვიდა და DDდღის წესრიგში ახალი არჩევნების ჩატარება იდგა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991წ. 27 თებერვალს მიიღო კიდევაც სპეციალური დადგენილება "აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’, რომლითაც უფლებამოსილება გაუგრძელდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და წინადადება მიეცა მას, არაუგვიანეს 1991წ. 1 ოქტომბრისა, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. აი, მოკლედ, ის ვითარება და პირობები, რა ვითარებაში და პირობებშიც დაიწყო დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ თბილისიდან – გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ლევან ალექსიძე, აფხაზთა მხრიდან – ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი პროკურორი ანრი ჯერგენია. დელეგაციების შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები იოსებ ფუტკარაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, ლადო ჭანტურია, აფხაზეთის შსს მინისტრი გივი ლომინაძე, ვახტანგ ყოლბაია. აფხაზთა მხრიდან – ზურაბ აჩბა, სერგეი შამბა, კონსტანტინე ოზგანი და სხვები. მოლაპარაკებათა პროცესში დიდ როლს თამაშობდნენ უზენაესი საბჭოს, ამჟამად კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ბატონები ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია და თეიმურაზ ლორთქიფანიძე. საკმაოდ ხანგრძლივი, დაძაბული მოლაპარაკებებისა და «აიდგილარასთან” კულუარული მუშაობის შედეგად მოხერხდა ძირითადი საკითხების შეთანხმება. 1991 წ. 9 ივლისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელმაც მიიღო საარჩევნო კანონი, დანიშნა არჩევნები და შეიტანა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ახალი საარჩევნო კანონის 15-ე მუხლი ითვალისწინებდა ერთმანდატიანი ოლქების შექმნას "ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის ძირითადი პრინციპების დაცვით’’. კანონის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა აფხაზთა, ქართველთა და სხვა ერების თანაბარი წარმომადგენლობით უნდა დაკომპლექტებულიყო, გადაწყვეტილების მიღება კი წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედით ხდებოდა.საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 12-ე მუხლით განისაზღვრა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შედგება ძირითადად ამომრჩეველთა თანაბარი ოდენობის საარჩევნო ოლქებში არჩეული 65 დეპუტატისაგან. გადაწყდა აგრეთვე "აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) ტექსტში სიტყვები "საქართველოს სსრ”’ შეიცვალოს სიტყვებით "საქართველოს რესპუბლიკა.’’ ეს იყო არა უბრალო რედაქციული ცვლილება, არამედ სერიოზული პოლიტიკური დათმობა აფხაზთა მხრიდან და, აი, რატომ. როგორც ცნობილია, 1990წ. 14 ნოემბერს უზენაესმა საბჭომ თავის პირველსავე სესიაზე მოახდინა საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია, კონსტიტუციიდან ამოიღო სიტყვები "საბჭოთა სოციალისტური’’, 1991 წ. 9 აპრილს კი მიიღო აქტი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ სეპარატისტები მოსკოვის კარნახითა და მხარდაჭერით საქართველოსაგან ავტომატურად გამოყოფის დაფიქსირებას აპირებდნენ იმ მოტივით, რომ კონსტიტუციურად აფხაზეთის ასსრ იყო სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საბჭოთა საქართველოს და არა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ნაწილი. ამგვარი უცნაური ლოგიკით, აფხაზეთის ასსრ თითქოს ახალი საქართველოს სამართლებრივი სივრცის მიღმა რჩებოდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე კონსულტაციებიც ჩატარდა მოსკოვში, რის შემდეგაც სეპარატისტები სპეციალური სესიის მოწვევას და გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდნენ. თბილისსა და სოხუმს შორის გამართულმა მოლაპარაკებამ აფხაზურ მხარეს ხელი ააღებინა ჩაფიქრებულ ავანტიურაზე და აფხაზეთის ასსრ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ნაწილად აღიარა. თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კრემლის ერთგულმა სეპარატისტებმა ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას მიანიჭეს უპირატესობა სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შედარებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წ. 27 აგვისტოს სესიამ მიიღო გადაწყვეტილება 65 მანდატის ეთნიკური ნიშნით გადანაწილების შესახებ. აფხაზებს და ქართველებს, როგორც მკვიდრ ერებს, ერგოთ შესაბამისად 28 და 26 მანდატი, დანარჩენ ეროვნებებს – 11 მანდატი. ფორმულა 28-26-11 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მთავარ თავისებურებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ფორმულას მოჰყვა იმავე სესიაზე განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები. კერძოდ, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 98-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო კვალიფიციური უმრავლესობა. შესაბამისი კანონი ძალაში შედიოდა «საქართველოსა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოების მიერ აფხაზეთის ასსრ პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.» ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმება. პირდაპირ თუ ირიბად აფხაზური მხარე აღიარებდა, რომ ავტონომიის სტატუსის საფუძველი არის არა ცალკე აფხაზი ხალხის თვითგამორკვევა ან რომელიმე საკავშირო-იმპერიული აქტი, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მასთან შეთანხმება. ფორმულა 28-26-11, მართალია, მცირე უპირატესობას ანიჭებდა აფხაზებს, მაგრამ არც ერთ მხარეს თერთმეტივე არაქართველი და არააფხაზი დეპუტატის მიმხრობის შემთხვევაშიც არ ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვების შანსი. ასეთი უმრავლესობა კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითად კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სჭირდებოდა არა მხოლოდ კონსტიტუციური თუ სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას, არამედ რეფერენდუმის დანიშვნას, მთავრობის წევრების დამტკიცებას. ერთი სიტყვით, ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად ვერ შეცვლიდნენ კონსტიტუციას, აფხაზეთის სტატუსს, ვერ დანიშნავდნენ მთავრობას. სწორედ დიალოგისა და კომპრომისების გზით უნდა მომხდარიყო დაძაბულობის განმუხტვა ავტონომიურ რესპუბლიკაში. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობებიც ეთნიკური ნიშნით გადაინაწილეს (აფხაზებს ერგოთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობები, ქართველებს _ მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა), შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის საშუამავლო მისიისა და მედიატორული როლის გარეშე 1991წ. ზაფხულში მიღწეული კონსტიტუციური შეთანხმება მთლიანობაში წარმოადგენდა ორივე მხარისთვის მისაღებ მოდელს, ფორმას ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა, ეფექტურ საშუალებას კონფლიქტების თავიდან აცილებისა, საფუძველს და წინაპირობას აფხაზური ეთნოკრატიის ინტეგრაციული ვექტორის თანდათანობითი შემობრუნებისა მოსკოვიდან თბილისისკენ. დღევანდელი გადასახედიდან სრულიად აშკარაა, რომ ეს იყო რეალობით ნაკარნახევი ბრძნული გადაწყვეტილება, საღი აზრის გამარჯვება. თანაც ეს გამარჯვება ორივე მხარეს თანაბრად ეკუთვნის. ქართულ-აფხაზური კონსტიტუციური შეთანხმების შემუშავებისას, ცხადია, შემოქმედებითად იქნა გამოყენებული და ჩვენს რეალობას მორგებული პოლიტიკურ-ეთნიკური თუ პოლიტიკურ-კონფესიური კვოტირების პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ზოგიერთი სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემას. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლიბანი, კვიპროსი 1974 წლის კრიზისამდე, ტიროლი იტალიაში, ცალკეული კანტონები შვეიცარიაში და ა.შ. მსგავსი სისტემები გამოიყენებოდა და გამოიყენება როგორც პოსტკონფლიქტური დარეგულირების ან ანტიკონფლიქტური პრევენციის საშუალება. ბოლო პერიოდში ანალოგიური სისტემა ამოქმედდა კოსოვოშიც სერბული უმცირესობის დასაცავად. აი, რატომ არის მიუღებელი იმათი პოზიცია, ვინც ფორმულაში 28-26-11 მარტო აპარტეიდის ნიშნებს ხედავს და ვერ «ამჩნევს» გამაწონასწორებელ საკონსტიტუციო დათმობებს აფხაზთა მხრიდან. იმათაც ვერ დავეთანხმებით, ვინც აცხადებს, რომ 1991 წლის ქართულ-აფხაზური შეთანხმება იყო მკვდრადშობილი და მან თითქოს ვერ იმუშავა. ამაზე ჩვენ ვპასუხობთ, რომ შეთანხმებამ ძალიან კარგადაც იმუშავა, მაგრამ მხოლოდ კრემლის მიერ ადგილობრივ კოლაბორაციონისტებზე და მოტყუებულ ადამიანებზე დაყრდნობით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე, სახელმწიფოში ლეგიტიმური პოლიტიკური ცენტრის მოშლამდე, მწვავე სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც, საბოლოო ჯამში, აფხაზეთში განცდილი კატასტროფით დაგვირგვინდა. 1991-1992 წლების მწარე გაკვეთილი დღესაც უაღრესად აქტუალურია. 1991 წლის ქართულ-აფხაზური კონსტიტუციური შეთანხმება ჩვენთვის საინტერესოა ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისით. ეს გამოცდილება კი გვეუბნება, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება და შენარჩუნება, კონფლიქტის მოგვარება, ურთიერთმისაღები კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ არამკითხე შუამავლისა და მედიატორის ჩარევის გარეშე. მთლიანად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას შეთანხმების სულისკვეთება – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პირობებში აფხაზთა კანონიერი ეროვნული ინტერესების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა თუნდაც ქართველთა პოზიტიური დისკრიმინაციის ხარჯზე. აფხაზეთში დღეს განსხვავებული პირობებია, იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შექმნილ ვითარებაში გამოსავალი რეგიონის დეოკუპაციაშია და არა მის აღიარებაში, როგორც ამას სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან დაცლილი გარედან მართული "ექსპერტები” გვთავაზობენ. ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზა გადის ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაციაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვეყნის ფარგლებიდან გაყვანაზე, იდეოლოგიურ, დიპლომატიურ და სამართლებრივ ბრძოლაზე. ამ ბრძოლის წარმატებას უეჭველად შეუწყობს ხელს იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებაც, რომლის მე-20 წლისთავსაც დღეს აღვნიშნავთ. ჯემალ გამახარია–აფხაზეთის ავტონომიური რერსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კონფლიქტების მოგვარების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე 2011 წლის 1 ივლისი დანართი № 2 საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს ერთობლივი განცხადება
ერთიან ქართულ სახელმწიფოში ქართველი და აფხაზი ხალხების მჭიდრო ურთიერთობა და თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის და არამც და არამც არ წარმოადგენს დაპირისპირებათა უწყვეტ ჯაჭვს, როგორც ამის წარმოჩენა ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს სურთ. სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კატაკლიზმების დროს წარმოშობილი და მნიშვნელოვანწილად გარედან ინსპირირებული უთანხმოებები, ძირითადად, გონივრული კომპრომისებისა და ურთიერთმისაღები შეთანხმებების გზით გადაიჭრებოდა. ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი სირთულის პრობლემური საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლად ხდებოდა პირდაპირი დიალოგის მეშვეობით – შუამავლებისა და მედიატორების ჩარევის გარეშე. ასე იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში – 1918-1921 წლებში. ასე მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისების დაშვებით, 1919 წელს აფხაზეთში გაიმართა პირველი დემოკრატიული, პირდაპირი არჩევნები და აფხაზეთის სახალხო საბჭოს 40 წევრიდან 18 ეთნიკურად აფხაზი იყო, 16 კი – ქართველი. უფრო მეტიც, მმართველი მენშევიკური პარტიის მიერ გაყვანილი 27 დეპუტატიდან მხოლოდ 10 იყო ქართველი, 12 კი –აფხაზი. 1921 წ. 21 თებერვალს დემოკრატიულად არჩეული, მრავალპარტიული საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლი აფხაზეთს ავტონომიურ მმართველობას ანიჭებდა. 1991 წლის ზაფხულშიც, თბილისსა და სოხუმს შორის კრემლის შუამავლობის გარეშე გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს მიენიჭათ გარანტირებული უმრავლესობა (65 სადეპუტატო მანდატიდან აფხაზებს, რომელთა რაოდენობა იმ დროისთვის აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 17, 3 %-ს შეადგენდა, ჰქონდათ 28 ადგილი, ქართველებს კი (45,7%) _ მხოლოდ 26. დანარჩენი 11 მანდატი გადანაწილდა რეგიონში მცხოვრებ სხვა ეროვნებებზე). დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის (ეთნიკური ქართველების) დემოკრატიულ უფლებებს ზღუდავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთ, საერთაშორისო პრაქტიკისთვის მართლაც უპრეცედენტო კომპრომისზე დათანხმება, იმ ვითარებაში გონივრული და გამართლებული ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კრემლის მიერ აფხაზეთში დაგეგმილი კონფლიქტის პროვოცირების, ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას, თუნდაც «ზედმეტი” დათმობის გზით. "ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ძალისხმევა არ დაუკლია, რათა აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზები მოეძებნა, რასაც ადასტურებს აფხაზური მხარისთვის შეთავაზებული არაერთი სამშვიდობო ინიციატივა. ამ მხრივ უპრეცედენტოა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ 2008 წლის 28 მარტს სოხუმის რეჟიმისთვის შეთავაზებული ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს ინიციატივა ითვალისწინებდა: საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რომელსაც ეროვნებით აფხაზი დაიკავებდა, აფხაზების გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო კანონზე, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას და საზღვაო პორტებზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას, სამართალდამცავი უწყებებისა და საბაჟო სამსახურის თანდათანობით გაერთიანებას და საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთის შეუზღუდავი ავტონომიისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავდა აფხაზური ენის, კულტურის და ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საკმარისია ითქვას, რომ ახალგაზრდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1920 წელს ანტანტის წინაშე დასვა საკითხი თურქეთში მოჰაჯირობის დროს გადასახლებულ აფხაზთა შთამომავლების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად შექმნილმა ვითარებამ არ შეიძლება არ დააფიქროს საღად მოაზროვნე აფხაზი, იმ რეალური საშიშროების გამო, რაც მათი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებას ემუქრება. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საიმედო გარანტი არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობასა და ერთიან კავკასიურ სივრცეში დარჩენა. საქართველოს პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კავკასიის პრობლემების განხილვა ერთიან კონტექსტში უნდა მოხდეს. პარალელურად მან რუსეთს მოუწოდა კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში. გაეროს ტრიბუნიდან დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვა გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი კურსის განხორციელებას მთლიანად კავკასიის რეგიონში, როგორც ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში. საქართველოს ხელისუფლება მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ისტორიული კავშირების აღდგენას, ამიტომ, ჰუმანიტარულ-პოლიტიკური მოტივებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 2010 წლის 3 ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოს საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში უვიზო რეჟიმში ყოფნის უფლება მიეცათ. საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული სამართლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა, როცა ა/წ 20 მაისს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები შეფასებულია, როგორც გენოციდის აქტი. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოთქვამენ ღრმა რწმენას, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის, სახელოვან წინაპართა ხსოვნისადმი პატივისცემისა და მომავალ თაობათა წინაშე არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართველები და აფხაზები შეძლებენ გონივრული კომპრომისებით დაძლიონ მათ შორის არსებული წინააღმდეგობები და აღადგინონ ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი, ძმური კავშირები. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომელიც აიძულებს კრემლს, შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, რაც ქართველებსა და აფხაზებს ორმხრივი, უშუალო დიალოგის საშუალება მისცემს. თბილისი, 20011 წლის 1 ივლისი |






