სხდომის ოქმი N62

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:

N62                                          2011 წლის 28 აპრილი                   

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

რ.კემულარია, რ.ფიფია – ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია– ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე მიროსლავ კოსაკი;

მ. ბასილაძე – "საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის  პროდიუსერი;

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”გაწირული ჩეხოსლოვაკია”  (1938-39 წწ) ფრაგმენტების დემონსტრირება:

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის "ოკუპაცია” ფარგლებში ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” დოკუმენტური ფილმების  სტუდიამ დაასრულა მუშაობა ორ დოკუმენტურ ფილმზე, ”გაწირული ჩეხოსლოვაკია” და ”პრაღის გაზაფხული” რომლებიც ეძღვნება 1938-1939 წლებში ფაშისტური გერმანიისა და 1968 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის საკითხს. აღინიშნა, რომ ისტორიული თვალსაზრისით არც ისე დიდი პერიოდის მანძილზე, ჩეხოსლოვაკიამ ორჯერ იწვნია ოკუპაციის მთელი სიმძიმე: პირველად 1938 წელს – ფაშისტური გერმანიის, ხოლო განმეორებით 1968 წელს – საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიისა და რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პარალელებსა და განსხვავებებზე.

მოტანილ იქნა მსგავსების მაგალითები პიროვნულ დონეზეც კი  ჩეხოსლოვაკიაში სეპარატისტული რეჟიმის, სუდეტელ გერმანელთა ლიდერის ჰენლაინისა (ფიზკულტურის მასწავლებელი) და ცხინვალელ სეპარატისთა ლიდერის _ კოკოითის შესახებ (ყოფილი სპორტსმენი). კოკოითის მომავალ ბედთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ჰენლაინმა და ჰიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

ითქვა, რომ პარალელების არსებობაზე 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისა და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს შორის ცხადად მიუთითებს არამარტო ანექსიისა და ოკუპაციის საბაბი (საკუთარი მოქალაქეების დაცვა), არამედ ამ ოკუპაციების გამართლების იდეოლოგიური უზრუნველყოფა.

მაგალითისთვის მოტანილ იქნა ამონარიდები ფაშისტური გერმანიის კანცლერის ა. ჰიტლერისა და რუსეთის პრეზიდენტის დ. მედვედევის საჯარო გამოსვლებიდან.

1938 წლის 5 ოქტომბერს, ნახევრადოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან დაბრუნებულმა ჰიტლერმა ბერლინში გამოსვლისას განაცხადა: "მე ახლახან ვიყავი განთავისუფლებულ რაიონებში... იქ მე ვნახე ზეიმი, ენთუზიაზმი და პირველად ვნახე ასეულობით ათასი ადამიანი სიხარულის ცრემლებით აღსავსე თვალებით…... როდესაც დასავლეთში ბატონები ამტკიცებენ, რომ ჩეხების მიმართ უსამართლობა მოხდა, ამ ხალხმა თავისი თვალებით უნდა ნახოს, რა მოხდა იქ სინამდვილეში. როგორ შეიძლება სიმართლის ასე გაყალბება! მე იქ ვნახე ნანგრევებად ქცეული მთელი სოფლები, ქალაქები.” ამ ტექსტში მხოლოდ ერთი სიტყვა რომ შევცვალოთ და ჩეხების ნაცვლად ქართველები რომ ჩავწეროთ, ჰიტლერის ნაცვლად  პუტინის ან მედვედევის ფრაზას მივიღებთ.

2009 წლის 7 აგვისტოს ცხინვალში მყოფმა მედვედევმა განაცხადა: "როცა მე აქ ჩამოვედი, ვნახე ადამიანების სახეები, ვნახე როგორია მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როგორ ხვდებიან რუსეთის ფედერაციის პრესიდენტს... ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ესაა ძალიან უბრალო ემოციები – ესაა მადლიერების გრძნობა და განცდა, რომ რუსეთმა დაიცვა ეს პატარა ხალხი. და ეს შეიძლება იგრძნო მხოლოდ უშუალო კონტაქტის დროს, როცა უშუალოდ ხვდები ქუჩაში გამოსულ მადლიერ, აცრემლებულ უბრალო ადამიანებს, თუმცა იმ ტრაგიკული ამბებიდან უკვე ერთი წელიწადია გასული... მე არ მრცხვენია ამ პერიოდის გამო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ – ვიმოქმედეთ პატიოსნად, პასუხისმგებლობით... და სიამოვნებს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენ განვავითარებთ სრულმასშტაბიან ურთიერთობას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.”

შ. მალაშხიას აზრით, სახეზეა პირველი პირების ერთი და იგივე რიტორიკა და მენტალობა.

ითქვა ზემოაღნიშნულ მოვლენებს შორის არსებულ განსხვავევებზეც. პირველი – თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისთვის ფაშისტური რეჟიმი საერთაშორისო დონეზე გასამართლებულია, კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ  ჩადენილი არანაკლები სიმძიმის დანაშაულობები ჯერ-ჯერობით გასამართლებული არ არის, რაც საშუალებას აძლევს რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, განაგრძოს წინამორბედი რეჟიმის აგრესიული პოლიტიკა და იოცნებოს სსრკ-ის აღდგენაზე.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ფაშისტურ და კომუნისტურ-ტოტალიტარულ რეჟიმებზე უფრო შორს წავიდა, აღიარა რა ეთნოწმენდამომხდარი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

კომისიის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისა  და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის  ძირეული განსხვავებებზე.

ითქვა, რომ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა მიუნხენის შეთანხმებით, ფაქტობრივად, ჩეხოსლოვაკია გაწირეს და ხელი შეუწყვეს ფაშისტურ გერმანიას, აღეგავა ის ევროპის პოლიტიკური რუკიდან. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი პოსტფაქტუმ გახადეს იძულებული, ხელი მოეწერა კაპიტულანტურ შეთანხმებაზე.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას, რის აპოგეასაც წარმოადგენდა რუსეთის სამხედრო აგრესიის კრიტიკულ დღეს ევროპის 5 ქვეყნის ხელმძღვანელის (პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა) ჩამოსვლა თბილისში. ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი ტექსტში მხოლოდ გარკვეული კორექტივების შეტანისა და ქართული მხარისთვის მიუღებელი პუნქტის ამოღების შემდეგ მოაწერა. აღინიშნა, რომ ყოველივე ეს იძლევა მყარ სამართლებრივ გარანტიებს დეოკუპაციის მისაღწევად.

შ. მალაშხიას თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შედეგების ლიკვიდაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების საქმეა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების მიუღებლობაზე მიუთითებს ის ფაქტებიც, რომ:

1. ე. წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთი” დღესდღეობით რუსეთთან და ნაურუსთან ერთად ცნეს მხოლოდ ისეთი ქვეყნების  ოდიოზურმა რეჟიმებმა, როგორიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა;

2. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ გააქტიურებასთან ერთად აძლიერებს იმის იმედს, რომ დეოკუპაციის პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს, დევნილები აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიან მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს და დაიბრუნებენ თავიანთ ქონებას.

შ. მალაშხია მიესალმა  სხდომაზე მოწვეულ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე მიროსლავ კოსაკის. კომისიის თავმჯდომარემ მადლიერებით აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის მხარდაჭერა, გაიხსენა ისიც, რომ 1994 წელს ჩეხეთი იყო ერთ-ერთი იმ სამ ქვეყანათაგან, რომლებმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სერიოზული ეჭვი გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში მშვიდობისმყოფელის ფუნქციის მიუკერძოებელ შესრულებაზე და აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის გაეროს მანდატის ეგიდით მოქმედების მიზანშეწონილებაზე.

სხდომის მონაწილეებს უჩვენეს პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”გაწირული ჩეხოსლოვაკია”  (1938-39 წწ) ფრაგმენტები.

აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, მ. კოსიკმა, რ. თედორაძემ, რ. კემულარიამ, ნ. ჯანაშიამ.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარმა რედაქტორმა, პროექტის  პროდიუსერმა მ. ბასილაძემ ყურადღება გაამახვილა სუდეტების 1938 წლისა და საქართველოში  1993 და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მსგავსებებზე. ითქვა, რომ სუდეტიდან ძალადობრივი Mმეთოდებით განდევნილ იქნა 300 ათასამდე ეთნიკური ჩეხი, ისევე, როგორც 1993 წელს 200 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი აფხაზეთიდან. როგორც სუდეტების, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განხორციელდა თანამემამულეებისა და ”საკუთარი მოქალაქეების” დაცვის საბაბით. მ. ბასილაძემ, ასევე, ისაუბრა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ფილმების გადაღებისას საქვეყნოდ ცნობილ პიროვნებებთან (ვ. ჰაველი, ლ. ვალენსა, ვ. ლანდსბერგისი) შეხვედრებზე.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე მ. კოსეკიმ განცხადა, რომ გასული საუკუნის განმავლობაში ჩეხოსლოვაკიამ ორი ოკუპაცია გადაიტანა, რამაც მძიმე კვალი დატოვა მის ისტორიაზე და ხალხის მენტალიტეტზე, მაგრამ   ქვეყანამ  მისი დაძლევა მოახერხა. "მინდა იცოდეთ, რომ ჩეხეთის სახელმწიფოსა და ჩეხი ხალხის  სახით თქვენ გყავთ საიმედო მეგობარი და პარტნიორი, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლაში თქვენს გვერდითაა".

სხდომის დახურვისას შ. მალაშხიამ განაცხადა, რომ  ფილმები "გაწირული ჩეხოსლოვაკია"  და "პრაღის გაზაფხული"  დღეს და ხვალ, 22 საათზე საზოგადოებრივი არხის ეთერში გადაიცემა.

კომისიის თავმჯდომარე                       შ. მალაშხია

კომისიის მდივანი                                    რ. ფიფია. 

 
modules