სხდომის ოქმი N61

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:

 

N 61                                          2011 წლის 14 აპრილი                   

                                                                  

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ხურციძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მაჟორიტარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რ. კემულარია, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

ე. ტყეშელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი;

ი. ფორჩხიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა. წოწონავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები:

ჯ. გამახარია, ა. გასვიანი, ვ. კაჭარავა,  მ. კვარაცხელია,  რ. ქარაია,

თ. ლორთქიფანიძე,  ნ.  მგალობლიშვილი;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები:  ჯ. ლეთოდიანი,  ხ. ქარდავა, ზ. მებონია, ვ. თორდია, რ. ცინდელიანი;

 გ. ბობოხიძე აფხაზეთის ა/რ-ის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

კ. სალია - აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში;               

ზ. ჯალაღონია -აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში;            

მ ჩხოტუა   -  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამასახურის უფროსი;

დ. სანაკოევი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცის ხელმძღვანელი;
ვ. სანებლიძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის მოადგილე;
თ. ბესტაევი _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ. ანთაძე _ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
არასამთავრობო ორგანიზაციის "აიმციხარა – ერთი მიწის შვილები” წარმომადგენლები: თ. კოტუა, ე. კოტუა, თ. მუკბა, კ. კოპალიანი;
დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, პ. დავითაია, კ. ნაყოფია.

დღის წესრიგი:

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და   მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ

(საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია).

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

მან ისაუბრა კომისიასა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებით დაკავებულ სტრუქტურებს შორის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და რეალიზაციისთვის ყველა ფაზაზე არსებული თანამშრომლობის შესახებ. ითქვა, რომ სამუშაო რეჟიმში რეგულარულად მიმდინარეობს ინფორმაციათა გაცვლა, პოზიციათა შეჯერება, რაც შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებში აისახება.  კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაციის თემის სირთულიდან გამომდინარე, მას დამოუკიდებლად, საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გადაწყვეტს. აღნიშნულის დასადასტურებლად დასახელდა ევროპის რიგი ქვეყნისა და იაპონიის მაგალითები.

შ. მალაშხიამ რუსეთის ფაქტორის გათვლისწინებით საქართველოს დეოკუპაციის პრობლემის განსაკუთრებულ სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო მხარდაჭერა  გაცილებით აქტიურია, რაზედაც ცალსახად მეტყველებს უმაღლეს საერთაშორისო დონეზე (გაერო, ეუთო, ევროპარლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტების მიღება. არის სერიოზული ბერკეტები, რომ ეთნოწმენდა მომხდარ რეგიონებს არ მიეცეს დამოუკიდებლობა. მან ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საერთაშორისო დოკუმენტების მომზადების ყველა ეტგაპზე ქართული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტას საქართველო დამოუკიდებლად, სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს საერთაშორისო დონეზე დაერქვა ოკუპირებული ტერიტორიები. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ XXI საუკუნეში ეთნოწმენდამომხდარი რეგიონის დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების საქმეა.

აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. მან აღნიშნა, რომ სტრატეგია ცალსახად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ნებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციას და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.

შ. მალაშხიამ ყურადღება გაამახვილა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. მან ხაზი გაუსვა სტრატეგიის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის რეალიზაციის, საბოლოოდ ქვეყნის დეოკუპაციისთვის სხვადასხვა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. ითქვა, რომ კომისია, მთლიანად პარლამენტი მზად არის საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწით ხელი შეუწყოს აღნიშნული სტრატეგიის ცხოვრებაში განხორციელებას.  

მოისმინეს: რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ.

ე. ტყეშელაშვილმა ისაუბრა საქართველოს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის მისაღწევად ქვეყნის შიდა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების სწორი მობილიზაციისა და საზოგადოების სრული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის მნიშვნელობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ პრობლემა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალით და ფრაგმანტული ქმედებებით ვერ მოგვარდება. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ ძალთა ერთიანობის მნიშვნელობას, როგორც ინფორმაციათა გაცვლის, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელების საკითხში საქართველოს მთავრობის ხედვასა და მიდგომების შესახებ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს, ეწინააღმდეგება ამ რეგიონების იზოლაციას. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა გაატარებს  დე-იზოლაციის პოლიტიკას, რომლის მიზანია ამ ტერიტორიებზე მცხოვრები, ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობის ხელშეწყობის გზით მათთვის იმ სარგებლის შეთავაზება, რაც მოჰყვება საქართველოს დაახლოვებას ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და კონფლიქტის აღქმაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შერიგება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზით. აღნიშნული უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის პარალელურად.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ითქვა, რომ ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას, გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ  ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგაა მიმართული. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთი ფორმატების შექმნასა და წამახალისებელი მექნიზმების შემოტანას, რაც ხელს შეუწყობს ხსენებული რეგიონების ჩართულობას. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე.

მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა დასახული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის:

- გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში;

- გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლისა და საქონლის მოძრაობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება;

-  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების გარანტიების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

-  ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობის შექმნა.

- საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობის მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

-  კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და სხვ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ისეთი იურიდიული მექანიზმების მოძიება, რომლებიც სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვით, უზრუნველყოფენ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას. ითქვა, რომ ამ საკითხში საჭიროა პარლამენტის მხარდაჭერა, რათა დროულად მოხდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და რიგი საკანონმდებლო ცვლილების გატარება.

ე.ტყეშელაშვილმა ისაუბრა სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციის საკითხში მთავრობის მაკოორდინირებელ ფუნქციებზე. ითქვა, რომ საქართველოს მინისტრების მოადგილეების დონეზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს სამოქმედო გეგმის რეალიზაციის საკითხებზე. გარდა ამისა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, ჰუმანიტარული, ადამიანური, სოციალური და ეკონომიკური სფეროები.

მინისტრმა კონკრეტულად ისაუბრა სამუშაო ჯგუფების მიმდინარე საქმიანობაზე განათლების, ჯანდაცვის, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე საუბრის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა  საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო  თანამშრომლობა უკვე გატარდა. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართვაზე საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში, აგრეთვე ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგირების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში.

განათლების საკითხებთან დაკავშირებით მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ისეთი მექანიზმების შემუშავებისთვის, რომლებიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, საშუალებას მისცემს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ, ჩაერთონ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომ საერთაშორისო, საგანმანათლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში.

მინისტრიეს თქმით, აღნიშნული და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში მნიშვნელოვანია შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და ინიცირება, რათა: მოწესრიგდეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განათლებისა თუ სხვა სამოქალაქო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები; შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სავაჭრო საქმიანობა;  მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრი დეტალურად შეჩერდა პირადობის ნეიტრალური მოწმობასა და სამოგზაურო დოკუმენტზე.

ითქვა, რომ პრაქტიკულად შემუშავებულია ორი ტიპის ნეიტრალური დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის სოციალურ მომსახურებას, ასევე გაუმარტივებს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებისას არსებული იმ პრაქტიკული და პოლიტიკური სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, რომლებსაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა აწყდება, შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამის საფუძველზე გამარტივებული წესით გაიცემა "პირადობის ნეიტრალური მოწმობა». აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის არის განსაზღვრული; ასევე, აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში.

ე. ტყეშელაშვილმა, ასევე, ისაუბრა სტრატეგიის განხორციელების პროცესში ქვეყნისთვის საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ბიზნესერთეულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებად სტრატეგიის მიზნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.

აზრი გამოთქვეს: ვ. თორდიამ, თ. ხუბუამ, ა. წოწონავამ, ე. გვაზავამ, ბ. ხურციძემ, რ. თედორაძემ, რ. ფიფიამ, ე. ტყეშელაშვილმა პასუხი გასცა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

შ. მალაშხიამ. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის სარეალიზაციო სამოქმედო გეგმით გატარებული საქმიანობა უნდა მოიცავდეს როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ, ისე ამ რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა ეს საქმიანობა უნდა იყოს ერთობლივი ან ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და უნდა მოიცავდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ჩართულობის წამახალისებელ მიზნებთან და ამოცანებთან, უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ჩართულობისათვის შემუშავებული მექანიზმების შესაბამისად.

სხდომამ გადაწყვიტა:

ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ ე. ტყეშელაშვილის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა (”ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ.

კომისიის თავმჯდომარე:                    შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                რ. ფიფია