სხდომის ოქმი N60

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის ოქმი:

N60                                          2011 წლის 8 აპრილი                                                                              

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

რ. კემულარია რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;   

ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები";  

რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, პ. დავითაია, კ. ნაყოფია, ბ. ხურციძე.

ესწრებოდნენ:

ნ.  ბურჭულაძე -  1990 წლის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

თ.  გვანცელაძე -  1990 წლის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი;

მ. ბასილაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის  პროდიუსერი;

ლ. ახობაძე –  ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიისა და პროექტის რეჟისორი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა. წოწონავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები:

ჯ. გამახარია, ა. გასვიანი, ვ.  კაჭარავა,  მ. კვარაცხელია,  

თ. ლორთქიფანიძე,  ნ.  მგალობლიშვილი, ჯ. საჯაია, რ. ქარაია;                                                       

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები:  ჯ.   ლეთოდიანი,  ხ. ქარდავა,   ზ. მებონია, რ. ცინდელიანი;

უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გაბორ შადი;

საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი ჟოლტ კოვაჩი;                    

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი,

ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე,

ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

დღის წესრიგი:

1.     საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავის  შესახებ.

2.     პროექტ "ოკუპაციის” ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის ”ბრძოლა თავისუფლებისთვის” (უნგრეთის 1956 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი) ფრაგმენტების დემონსტრირება.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ისტორიაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი "მრგვალი თარიღი”. კერძოდ, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფოს გაუქმების 210 წლისთავი, ასევე საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამყარების 90-ე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავი. 

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი სხდომა ეძღვნება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერის მე-20 წლისთავს. მან ისაუბრა ამ მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე, აღნიშნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ეროვნული ძალების და პირადად ზ. გამსახურდიას დამსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხში.

შ. მალაშხიამ განაცხადა, რომ კომისიამ აღნიშნულ თარიღს შეგნებულად დაამთხვია უნგრეთის 1956 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტების პრეზენტაცია (ფილმი – ”ბრძოლა თავისუფლებისთვის” გადაღებულია კომისიის მიერ შემუშავებული პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში). კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, კომისიის თავმჯდომარემ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ არაერთი პარალელის გავლება შეიძლება უნგრეთსა და საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს  შორის. ხაზი გაესვა, რომ ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, მიუხედავად შესაძლო მსხვერპლისა, საბოლოოდ, ყოველთვის აქვს აზრი. აღნიშნულის დასადასტურებლად მოტანილ იქნა წარმატებული ქვეყნების: ფინეთისა და უნგრეთის  მაგალითები.

შ. მალაშხიამ ისაუბრა პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმების მიზნებსა და ამოცანებზე. ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანთაგანია, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შედარება. ითქვა, რომ მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ფაშიზმი გასამართლებულია, კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი არათუ არ გასამართლებულა, არამედ, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის განცხადებით, სსრკ-ის დაშლა XX საუკუნის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, იმის მიმანიშნებელია, რომ სამწუხაროდ, მენტალურ დონეზე კრემლში ცვლილებები არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის გამო რუსეთი რჩება არაპროგნოზირებად ქვეყნად.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი მიზანია, ასევე, აჩვენოს ჩვენს საზოგადოებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ურთულეს გზაზე ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ განვლილი გზა. მან ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე უკრაინაში, რასაც მოჰყვა "გოლოდომორი”. ითქვა, რომ თავისი სისასტიკით ეს დანაშაული "ჰოლოსკოსტს” არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ, შესაძლოა, კიდევ უფრო საშინელიც კი იყოს. გავლებულ იქნა პარალელები სსრკ –ფინეთის 1939-1940 წწ. ომსა და რუსეთ _ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს შორის. ითქვა, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანის განცხადებები 2008 წლის სამხედრო აგრესიის დროს არაფრით არ განსხვავდებოდა სსრკ-ფინეთის ომის დროს საბჭოთა პროპაგანდის მიერ გავრცელებული განცხადებებისგან. 

შ. მალაშხიამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა რუსეთთან კაბალურ შეთანხმებას და ამდენად, ქვეყანას დღეს, გააჩნია მათი გადაჭრის გაცილებით მეტი სამართლებრივი საფუძველი, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე იწვნიეს საბჭოთა ოკუპაციის მთელი სიმძიმე. მან ხაზი გაუსვა, რომ XXI საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგების აღმოფხვრა, ეთნოწმენდის ჩამდენთა დასჯა და სამართლიანობის აღდგენა მსოფლიო საზოგადოების ღირსების საქმეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს იმ აზრთან შეგუება, რომ მსგავსი მოვლენები ხვალ სხვაგანაც განმეორდება. კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა რწმენა, რომ არ მოხდება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარება” (საუბარია იმ ტერიტორიებზე, სადაც კრემლის მიერ ეთნოწმენდა გამხორციელდა).  

მოისმინეს: ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავის  შესახებ”

ინფორმაციით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიდა საქართველოს უზენაესი საბჭოს (1990-1991 წწ) თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურჭულაძე.

ნ. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ხვალინდელ დღეს, 9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის პარლამენტის წინ დაღუპულთა ხსოვნისა და მათი პატივგების დღე, მეორე მხრივ კი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ითქვა, რომ დამოუკიდებლობა თავისთავად არ მოდის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ყოველთვის თან ახლავს მსხვერპლი. ხაზი გაესვა, რომ მიუხედავად განვლილი ორ ათეულზე მეტი წლისა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა პატივსაგებად ტრაგედიის ადგილზე ძეგლი ჯერაც არ დადგმულა. ითქვა, რომ ყველაზე დიდი ძეგლი 9 აპრილს დაღუპულებს ზ. გამსახურდიამ დაუდგა, როდესაც შეგნებულად დაამთხვია ამ თარიღს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერა.

ნ. ბურჭულაძემ ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორიის განვლილ 1989-1991 წლებზე. აღნიშნა, რომ ზ. გამსახურდიას ინიციატივით ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, ერთადერთი კითხვით: «მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე?».

ითქვა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ამომრჩეველთა 88%-მა), (რეფერენდუმის მონაწილეთა 97,67%-მა), განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, კითხვას დადებითი პასუხი გასცა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

ნ. ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ 31 მარტის რეფერენდუმით ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იურიდიული საფუძველი შექმნა. შემთხვევითი არაა, რომ ამ რეფერენდუმის შედეგები 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციაშიცაა შეტანილი, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი სამართლებრივი დებულება.

ხაზი გაესვა ასევე იმ გარემოების მნიშვნელობასაც, რომ რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» და ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობამაც (ვინც მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში) ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამრიგად, შინაარსობრივად, 31 მარტის რეფერენდუმმა იურიდიულად დაადასტურა და განამტკიცა ქვეყნის ერთიანობაც.  საქართველოს მიმართ ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ბათილი და სამართლებრივი აგრესიის გამომხატველი, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით დაფუძნებულ რეალიებს.

აღინიშნა, რომ საქართველო იყო ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობის თაობაზე საბჭოთა პერიოდში (ანუ 19 აგვისტოს პუტჩამდე) რეფერენდუმი ჩაატარა – ბალტიის რესპუბლიკებიც კი მხოლოდ «საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით» შემოიფარგლნენ.

ნ. ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რეფერენდუმი გამოხატავდა არა ქართველი ერის (როგორც ჩვენს მტრებს სურთ წარმოადგინონ), არამედ საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ნებას. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხთა წარმომადგენლებიც. 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი გარანტია შექმნა.

ეს რეფერენდუმი, პირველ რიგში, იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობის რეკორდულად დიდმა ნაწილმა ქვეყნის დამოუკიდებლობა ისურვა. ამით ქართველმა ხალხმა (არა მარტო ეთნიკურად ქართველებმა) უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე.     

 ნ. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მისი თქმით, რომ არა რუსეთის აგრესია (ანუ "სამოქალაქო ომი”, როგორც მას უწოდებენ), რომ არა კრემლის ღია ჩარევით განხორციელებული სამხედრო გადატრიალება და საქართველოსადმი არასათანადო საერთაშორისო მხარდაჭერა, ქვეყანა  თავიდან აიცილებდა შემდგომ პერიოდში თავსმოხვეულ უბედურებებს. ნ. ბურჭულაძე ასევე შეეხო რუსეთ-ჩეჩნეთის ომს და აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებებისთვის რუსეთის იმდროინდელ ხელისუფლებას ხელ-ფეხი მხოლოდ ზ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ გაეხსნა.

სხდომის მონაწილეებს უჩვენეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან ”ბრძოლა თავისუფლებისთვის”, რომელიც პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებშია გადაღებული და  ეძღვნება უნგრეთის 1956 წლის მოვლენებს.

სხდომის მონაწილეებს მიესალმა უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გაბორ შადი. მან მადლობა გამოხატა ფილმის შემქნელების მიმართ, ისაუბრა უნგრელი ხალხის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის. ელჩმა აღნიშნა, ზოგადად, პროექტ "ოკუპაციის” მნიშნელობა და ხაზი გაუსვა უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მან დამსწრეებს მიულოცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავი.

სხდომა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან ისაუბრა პროექტ "ოკუპაციის” მომდევნო ფილმებზე და აღნიშნა, რომ სხდომაზე ნანახი ფილმის სრული ვერსია ნაჩვენები იქნება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 8-9 აპრილს 22.00 საათზე.

კომისიის თავმჯდომარე:                                შ. მალაშხია

კომისიის მდივანი:                                      რ. ფიფია