საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულება

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/20 გადაწყვეტილებით

 

 

 

 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი1.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 2.

კომიტეტი შექმნილია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 3.

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანომდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

მუხლი 4.

კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

მუხლი 5.

კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

მუხლი 6.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

მუხლი 7.

კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით კომიტეტის წევრთაგან, ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 8.

კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და ორ მოადგილეს, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

მუხლი 9.

კომიტეტი თავის წევრთაგან უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და ორ მოადგილეს და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

მუხლი 10.

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

1. შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს შესაბამისი სფეროს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

2. მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს;

3. ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის;

4. თუ თავად არ წარმოადგენს წამყვან კომიტეტს, ორგანზებას უწევს, სხვა წამყვან კომიტეტთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებას;

5. გამოითხოვს მასალებს, ხვა სახლმწიფო დაწესებულებებიდან, საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებასთან დაკავშირებით;

6. წინასწარ განიხილავს, შესაბამის კომიტეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტებს, ასევე დენონსაციისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

7. ამზადებს დასკვნებს (შესაბამისი რეკომენდაციებით, წინადადებებით) საერთაშორისო ხელშეკრულებებს რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებასთან დაკავშირებით;

8. წარუდგენს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას;

9. აწვდის პარლამენტს ინფორმაციას იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებენ;

10. ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიური სამსახურის სისტემაში გასატარებელი ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას;

11. აკონტროლებს მის სფეროში შემავალი კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

12. შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისო დელეგაციების უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წეს;

13. კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი საპარლამენტო და საპარლამენტთაშორისო დელეგაციების საქმიანობას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

14. სხვა კომიტეტების, ფრაქციების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და პალამენტის წევრების წინადადებების გათვალისწინებით შეიმუშავებს და პარლამენტს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს სხვა სახლმწიფოს პარლამენტებთან თანამშრომლობის პროგრამას;

15. წინასწარ განიხილავს და ამზადებს დასკვნას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციებთან დაკავშირებით;

16. ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების, მთავრობის და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

17. კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

18. სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

19. თანამშრომლობს საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;

20. ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის საგარეო ურთიერთობების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე;

21. ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;

მუხლი 11.

1. კომიტეტის მოთხოვნით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

2. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

მუხლი 12.

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული ანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

მუხლი 13.

1. თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, საქართველოს ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომიტეტს აწვდის კანდიდატურის წარმდგენი.

2. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ.

3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის ნდობის გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის, ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

4. კომიტეტის დასკვნა თავისი კომპეტენციის (სპეციფიკის) ფარგლებში სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე რომლებსაც ირჩევს, ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

მუხლი 14.

კომიტეტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ამზადებს ან განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.

 

III კომიტეტის კონტროლის ფუნქციები

მუხლი 15.

კომიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში (გამგებლობას მიკუთვნებული დარგების მიხედვით) შეისწავლის და აანალიზებს კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის შესახებ.

მუხლი 16.

კომიტეტი მის უფლებამოსილებაში (კომპეტენციაში) შემავალ საკითხებზე მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში იქნება შეფასება და რეაგირების კონკრეტული ზომები. კომიტეტი თავის დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

მუხლი 17.

თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა კომიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით.

 

IV. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 18.

კომიტეტის თავმჯდომარე:

1. იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

2. წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

3. ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და მისი სხდომების ოქმებს;

4. საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

5. ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის მოკლე წერილობით ანგარიშს;

6. იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს და წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს;

7. გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

8. ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 19.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მის მოვალეობას.

2. თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 20.

კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების მომზადების მიზნით კომიტეტს შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები კომიტეტის წევრების, წამყვანი სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

მუხლი 21.

კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოებში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

მუხლი 22.

კომიტეტის წევრს რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.

მუხლი 23.

კომიტეტი შესაბამის პეტიციას უშუალოდ შეისწავლის და განიხილავს ან უგზავნის შესაბამის სამინისტროს, უწყებას. თუ საჭირო იქნა გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

მუხლი 24.

1. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა.

2. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი ერთ-ერთი მოადგილე. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

4. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც კომიტეტს ეცნობება წერილობით.

6. კომიტეტზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით.

8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

9. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. კომიტეტის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე ან მოადგილე.

11. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწროს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.

13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლოა მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

მუხლი 25.

კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული კანონპროექტები, ინფორმაციები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საქართველოს მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.

მუხლი 26.

კომიტეტი იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

მუხლი 27.

რამდენიმე კომიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე როგორც წესი კენჭისყრა არ ტარდება. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. კომიტეტი ითვალისწინებს ერთობლივ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით.

 

V კანონპროექტის განხილვის პროცედურები

მუხლი 28.

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტს, პარლამენტის ბიურო თავისი გადაწყვეტილებით განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს.

2. კომიტეტი მოვალეა პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში (კანონპროექტის მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 3 კვირის ვადაში) განიხილოს შემოსული კანონპროექტი. თუ დადგენილ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა კომიტეტის სხდომის გამართვა და დასკვნის წარდგენა, კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ ამ ვადაშიც კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია დასვას საკითხი კომიტეტის დასკვნის გარეშე საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

მუხლი 29.

კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განხილვისათვის. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილება მუხლობრივად, კომიტეტის ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას შენიშვნები და წარმოადგინოს შესწორებები თუ დამატებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიიღება კენჭისყრით.

მუხლი 30.

კომიტეტში კანონპროექტის მოსმენის შემდეგ კანონპროექტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. დადეგენილი წესის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

 

VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 31.

1. კომიტეტის საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი. კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომლის სტრუქტურას და საშტატო ერთეულების რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კანონპროექტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

) შეიმუშავებს კომიტეტის სამუშაო გეგმისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების პროექტებს;

) ხელს უწყობს და ეხმარება კომიტეტის წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;

) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 32.

კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები), რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად. მათ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

მუხლი 33.

1. კომიტეტში შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს საჭიროების მიხედვით იწვევს კომიტეტი. შეიძლება ჩატარდეს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.