საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულება

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/22 გადაწყვეტილებით

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის

დებულება

 

 

 

I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი1.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

 

მუხლი 2.

 

კომიტეტი შექმნილია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

 

მუხლი 3.

 

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანომდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

 

მუხლი 4.  

 

კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. 

 

 

მუხლი 5.   

    

კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

 

II. კომიტეტის უფლებამოსილებანი

მუხლი 6.    

 

კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

 

ა) საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, საგადასახადო-საბაჟო სფეროებში შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

 

ბ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, საგადასახადო-საბაჟო და სავალუტო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას;

 

გ) მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

 

) საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს პარლამენტი და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

 

) პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს;

 

) უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა საქართველოს პარლამენტმა, მოისმინოს მათი პასუხები დასმულ შეკითხვებზე და განიხილოს მათი საქმიანობის ანგარიში;

 

) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს, შეიმუშავებს დასკვნას, ორგანიზებას უწევს მის განხილვასა და შეთანხმებას სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებში;

 

) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

 

) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

 

) კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

 

) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

 

) თანამშრომლობს საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;

 

) ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე;

 

) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას;

 

მუხლი 7.

 

                1. თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

 

აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომიტეტს აწვდის კანდიდატურის წარმდგენი.

 

2. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ.

 

3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის ნდობის გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

 

4. კომიტეტის დასკვნა თავისი კომპეტენციის (სპეციფიკის) ფარგლებში სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე რომლებსაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

 

მუხლი 8.

 

კომიტეტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ამზადებს ან განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.  

 

 

 

 

III კომიტეტის კონტროლის ფუნქციები

 

მუხლი 9.

 

კომიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 10.

 

კომიტეტი მის უფლებამოსილებაში (კომპეტენციაში) შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში იქნება შეფასება და რეაგირების კონკრეტული ზომები. კომიტეტი თავის დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 11.

    

თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა კომიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით.

 

მუხლი 12.

 

          1. კომიტეტის მოთხოვნით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

 

           2. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების   წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

 

მუხლი 13.

 

           საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

 

 

 

IV. კომიტეტის შემადგენლობა

 

მუხლი 14.

 

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

 

 მუხლი15.      

 

კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით კომიტეტის წევრთაგან, ღია კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 16.

 

კომიტეტი თავის წევრთაგან უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 2 მოადგილეს და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

 

მუხლი 17.

    

         კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, მეორე მოადგილის კი - უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

 

მუხლი 18.  

 

       კომიტეტის თავმჯდომარე:

 

ა) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, აგრეთვე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო და რიგგარეშე სხდომებს;

 

ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

 

გ) ხელს აწერს კომიტეტის დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხდომის ოქმებს.

 

დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს პირველი მოადგილის კანდიდატურას;

 

ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

 

ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას, პარლამენტს წარუდგენს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

 

ზ) აკომპლექტებს მრჩეველთა საბჯოს;

 

თ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;

 

ი) განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს საკუთარი ინიციატივით, ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით;

 

კ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 19.    

 

       კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:


ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;


ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

 

მუხლი 20.    

 

       კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:


ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დავალებით, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;


ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

 

მუხლი 21.     

 

კომიტეტის წევრს უფლება აქვს:


ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე;


ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;


გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;


დ) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 22.     

 

       კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

 

მუხლი 23.  

   

კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

 

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

 

ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

 

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში;

 

დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

 

ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.

 

მუხლი 24.   

 

კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების მომზადების მიზნით კომიტეტს შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები კომიტეტის წევრების, სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

 

მუხლი 25.

 

კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოებში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

 

მუხლი 26.

 

კომიტეტის წევრს რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.

 

მუხლი 27.  

   

კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

 

 

 

V. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 28.

 

         კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

 

მუხლი 29.

 

     კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, როგორც წესი სასესიო პერიოდში თვეში არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა).

 

მუხლი 30.

 

         კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის, ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

 

მუხლი 31.

 

      კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით.

მუხლი 32.

 

     კომიტეტის სხდომის მასალები ურიგდება და ინფორმაცია მისი დღის წესრიგის შესახებ ეცნობება კომიტეტის წევრებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 33.

 

       კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

 

მუხლი 34.

 

       დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

მუხლი 35.

 

       კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული და შემოსული სხვა კანონპროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

მუხლი 36.

 

       კომიტეტის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა სხვა შედეგები.

 

მუხლი 37.

 

       კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.

 

მუხლი 38.

 

       კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 39.

 

       ღია კენჭისყრის დროს, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

 

მუხლი 40.

 

       კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას.

 

მუხლი 41.

 

       კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული პირები.

 

მუხლი 42.

 

       ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის დროს, კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით პარლამენტში რეგისტრირებულ ლობისტს. კომიტეტში განსახილველ სხვა  საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ აგრეთვე საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

 

მუხლი 43.

 

       კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებიც.

 

მუხლი 44.

 

       კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

 

მუხლი 45.

 

       პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხვა კომიტეტთან შეთანხმებული გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტი ცალკე კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.

 

V კანონპროექტის განხილვის პროცედურები

 

მუხლი 46.    

 

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტს, პარლამენტის ბიურო თავისი გადაწყვეტილებით განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს.

 

2. კომიტეტი მოვალეა პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში კანონპროექტის მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა (გარდა იმ კანონპროექტისა, რომლის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ბიურომ) და არა უგვიანეს 3 კვირის ვადაში განიხილოს შემოსული კანონპროექტი. თუ დადგენილ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა კომიტეტის სხდომის გამართვა და დასკვნის წარდგენა, კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ ამ ვადაშიც კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია დასვას საკითხი კომიტეტის დასკვნის გარეშე საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

 მუხლი 47.

 

კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისთვის. კომიტეტის ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას შენიშვნები და წარმოადგინოს ცვლილებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიიღება კენჭისყრით.

 

მუხლი 48.       

 

კომიტეტში კანონპროექტის მოსმენის შემდეგ კანონპროექტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. დადეგენილი წესის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

 

 

 

 

VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული

უზრუნველყოფა

 

მუხლი 49.

 

       კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

 

მუხლი 50.

 

     კომიტეტის აპარატი:


ა) მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;


ბ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას;


გ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს,  ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;


დ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;


ე) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

 

მუხლი 51.

 

       კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ერთეულთა რაოდენობა მტკიცდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 52.

 

         კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.


მუხლი 53.

 

       კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ”საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

მუხლი 54.    

 

       1. კომიტეტში შეიძლება შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

 

       2. მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრებს საჭიროების მიხედვით იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

 

 

 
modules