|
2011-11-29 18:45 სხდომის ოქმი N75
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის
ოქმი #75 2011 წლის 29 ნოემბერი
სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – ფრაქცია “ძლიერი საქართველო”;
საქართველოს პარლამენტის ევროპასთა ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ი. კენჭოშვილი; საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე რ. სამყურაშვილი; საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ლ. დამენია, ე. მაკარიძე; საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში კავკასიის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები:
რ. აბაშია, ნ. აბესაძე, ც. ბარამიძე, გ. გოგინაშვილი, ს. ზედელაშვილი, მ. თეთრაძე, ი. თიგიევა, ა. კვახაძე, გ. ლომთაძე, მ. ჩუხუა (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი), ვ. კიკნაძე, ჯ. კვიციანი, ნ. ჯალაბაძე, ლ. ჯანიაშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), ჯ. აფაქიძე, მ. ალფენიძე, ლ. ახალაძე, თ. გვანცელაძე, ბ. კვარაცხელია, კ. კვაშილავა, ზ. ლომთათიძე, მ. ნაჭყებია, ზ. პაპასქირი, ე. ქავთარაძე, რ. ხარებავა, ბ. ხორავა, დ. ჯალაღონია, ვ. ჯაფარიძე, დ. ჯოჯუა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია;
დღის წესრიგი:
დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული სატელევიზიო პროექტის
”ჩვენ, კავკასიელები” განხილვა
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.
მან აღნიშნა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში დასრულდა დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომლებშიც სრულყოფილად აისახა საბჭოთა კავშირის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების ოკუპაციის შემთხვევები, ისტორიულ-დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გავლებულია პარალელები ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ მასალას თანამედროვე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეების, ცნობილი პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, მოვლენათა თვითმხილველების კომენტარებით მაყურებელი სრულიად კანონზომიერად მიჰყავს ობიექტურ დასკვნამდე ზემოაღნიშნულ რეჟიმებს შორის არსებული მსგავსებებამდე. შ. მალაშხიას შეფასებით, სსრკ-ის აგრესიულ და დანაშაულებრივ პოლიტიკას დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებაც აგრძელებს. მან ისაუბრა კომისიის სამომავლო გეგმებზე აღნიშნული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო არენაზე გატანის მიმართულებით.
კომისიის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს წარუდგინა კომისიის მიერ შემუშავებული ახალი სატელევიზიო პროექტი ”ჩვენ, კავკასიელები”. ითქვა, რომ პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა, უტყუარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გამახვილებელია ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.
შ. მალაშხიამ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ფილმებში აისახება, მათ შორის: კრემლის პირველი პირებზე და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე; კრემლის დანაშაულებზე მეზობელი ქვეყნებისა და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების პირველ პირთა მიმართ; კრემლის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიერ გაწეულ შეიარაღებულ თუ მშვიდობიან წინააღმდეგობებზე; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებზე; კრემლის იმპერიული პოლიტიკის სავალალო შედეგებზე თვით რუსეთის მოსახლეობისთვის. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არ არის ანტირუსული პროექტი, პირიქით, პროექტის ერთ-ერთ ფილმში საგანგებოდ იქნება წარმოჩენილი თვით რუსეთი, როგორც კრემლის დანაშაულებრივი მმართველობის სხვადასხვა ეპოქისა და იდეოლოგიის ტოტალიტარული რეჟიმების მცხვერპლი.
ითქვა, რომ პროექტში სათანადო ადგილი დაეთმობა კავკასიის ზოგად აღწერას (შემადგენლობა, რესპუბლიკების ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ეთნიკური-ენობრივი და რელიგიური სიჭრელე. შენარჩუნებული ტრადიციები, საერთოკავკასიური მენტალიტეტი); მკაცრად ისტორიულ-დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნება რუსეთის მიერ კავკასიის ოკუპაცია-დაპყრობა (მეფის რუსეთის პოლიტიკა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდები), გენოციდი, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ექსპანსია (ჩერქეზები, უბიხები, ვაინახები). ნაჩვენები იქნება ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების დღევანდელი რეალური მდგომარეობა; ასევე აისახება კრემლის დამოკიდებულება კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების თანამედროვე ხელმძღვანელთა მიმართ.
ხაზი გაესვა, რომ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საქართველო-კავკასიის ურთიერთობას შორეული წარსულიდან, დღემდე;
პროექტში ცალკე ფილმი დაეთმობა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩერქეზების გენოციდი, ეკოლოგია, ტერორიზმი), გაკეთდება შედარებები ბერლინის 1936 და მოსკოვის 1980 წლების ზაფხულის ოლიმპიადებთან.
პროექტის დასკვნითი ფილმი მიეძღვნება კავკასიის პერსპექტივას - ჩრდილოკავკასიის საკვანძო პრობლემებს და მათი მოგვარების შესაძლებლობებს.
შ. მალაშხიამ თხოვნით მიმართა სხდომის მონაწილე კავკასიის საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს სამი კვირის ვადაში კომისიას წარმოუდგინონ საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და დამატებები კომისიის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ ფაქტოლოგიურ მასალასთან დაკავშირებით.
აზრი გამოთქვეს: რ. სამყურაშვილმა, ჯ. აფაქიძემ, ვ. კიკნაძემ, ზ. ლომთათიძემ, ც. ბარამიძემ, ჯ. კვიციანმა, მ. ჩუხუამ, ზ. პაპასკირმა, თ. გვანცელაძემ, ბ. კვარაცხელიამ.
გამომსვლელებმა აღნიშნეს წარმოდგენილი პროექტის აქტუალობა და მთლიანობაში მაღალი შეფასება მისცეს მას. მათ გამოხატეს მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროექტის გახორციელებაში. სხდომაზე გამოითქვა არაერთი საყურადღებო წინადადება და დამატება, რომლებიც კომისიას მომდევნო სხდომაზე ოფიციალურად წარედგინება.
სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ. მან მადლობა გადაუხადა მეცნიერებს განხილვაში აქტიური მონაწილეობისთვის და გამოხატა იმედი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში.
სხდომამ გადაწყვიტა:
მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტთან ”ჩვენ, კავკასიელები” დაკავშირებით კავკასიოლოგ-მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნების, წინადადებებისა და დამატებების განხილვა ა. წ. 20 დეკემბერს კომისიის სხდომაზე.
კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია
კომისიის მდივანი: რ. ფიფია
|