სხდომის ოქმი N74

2011-10-21 18:55
სხდომის ოქმი N74

                            საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

                                                                                           ოქმი #74
                                                                                                                                                                   2011 წლის 21 ოქტომბერი

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

მ. ბასილაძე - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;

ლ. ახობაძე - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიისა და პროექტის რეჟისორი;

ე. გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიერი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

თ. ხუბუა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ა. გასვიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები: ზ. გახარია, ბ. დანელია, ნ. კვარაცხელია, ჯ. ლეთოდიანი, გ. მაღლაკელიძე, ზ. მებონია, დ. ჟვანია, ი. ფარფალია, ხ. ქარდავა, დ. ჯონჯუა, რ. ცინდელიანი;

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.



დღის წესრიგი:

პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ამომავალი მზის ქვეყანა” ფრაგმენტების დემონსტრირება

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შ. მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში დასრულდა დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომლებშიც ისტორიულ – დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გავლებულია პარალელები ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ მასალას თანამედროვე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეების, ცნობილი პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, მოვლენათა თვითმხილველების კომენტარებით მაყურებელი სრულიად კანონზომიერად მიჰყავს ობიექტურ დასკვნამდე ზემოაღნიშნულ რეჟიმებს შორის არსებულ მსგავსებებთან.

მაგალითისთვის, ყურადღება გამახვილდა რუსეთ-ფინეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შორის არსებულ პარალელებზე ორ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ხაზი გაესვა, რომ ფინეთის ”ზამთრის ომსა” (1939-1940 წწ) და 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიას თითქმის 70 წელიწადი აშორებს ერთმანეთს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მიზანი, ”სცენარის” ავტორი და შემსრულებელი იგივეა – კრემლი. ხაზი გაესვა, ფინეთის 1939-1940 წლების მოვლენების მსგავსება-განსხვავებებს საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვლის, 1991-1992 წლის და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან: საომარი მოქმედებების პროვოცირების ერთი და იგივე მეთოდი, სამხედრო აგრესიის დაწყება და თანაც მეორე მხარის დადანაშაულება ”პირველ გასროლაში”, მოწინააღმდეგეზე არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენება, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, საზღვრების გადაწევა. ითქვა, რომ სსრკ-მა შეძლო ფინეთისთვის წაერთმია ქვეყნის ტერიტორიის 10%, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია, მაგრამ ვერ შეძლო ფინელი ხალხის საბოლოო დამარცხება და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფა. ხაზი გაესვა, რომ მხოლოდ საქართველო და ფინეთი გადაურჩნენ კრემლის სამხედრო აგრესიის შედეგად ხელისუფლების შეცვლას.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ერთი მხრივ, ფაშისტური გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის და, მერე მხრივ, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას შორის არსებულ პარალელებსა და განსხვავებებზე. კერძოდ, ითქვა, რომ პარალელებს – 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისა (სუდეტები) და 2008 წლის, საქართველოს მოვლენებს შორის, ცხადყოფს არა მარტო ოკუპაციისა და ანექსიის საბაბი (საკუთარი მოქალაქეების დაცვა), არამედ ამ ოკუპაციების გამართლების ”იდეოლოგიური უზრუნველყოფაც”, რასაც ნათლად ადასტურებს ბერლინში 1938 წლის 5 ოქტომბერს, ნახევრადოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან დაბრუნებული ფაშისტური გერმანიის კანცლერის ა. ჰიტლერისა და 2009 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დ. მედვედევის საჯარო გამოსვლების შინაარსის იდენტურობა.

კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები, და ამ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს (გერმანიის კანცლერმა 70-იან წლებში, ვილი ბრანდტმა, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას), სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია. კერძოდ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმათა დარღვევით, საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას.

შ. მალაშხიას განცხადებით, ყოველივე ეს მიუთითებს კრემლის მესვეურთა მენტალურ პრობლემებზე და ამდენად, მისი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური რეჟიმის გასამართლებას, ისევე როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.

ნაცისტური გერმანიისა და კრემლის ქმედებებს შორის პარალელების გავლებისას შ. მალაშხიამ ისაუბრა სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზეც. მან დამსწრეებს შეახსენა, რომ 1936 წელს პარიზში მოწყობილ ოლიმპიური იდეალების დაცვის მომხრეთა საგანგებო კონფერენციაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგატთა საპროტესტო მოთხოვნის მიუხედავად, ზაფხულის XI ოლიმპიური თამაშები მილიტარისტულად და რევანშისტულად განწყობილ ნაცისტურ გერმანიაში მაინც ჩატარდა, სადაც იმ დროს უკვე დაწყებული იყო ებრაელთა მასობრივი დევნა. ბერლინის ოლიმპიადა ა. ჰიტლერმა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა.

აღინიშნა, რომ 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული ინტერვენციის დაგმობის მიზნით და სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად მსოფლიოს 67-მა სახელმწიფომ უარი განაცხადა 1980 წელს მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ბოიკოტის შედეგად ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 80-მდე შემცირდა.

ითქვა, რომ ზემოაღნიშნულ და ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების სხვა შემთხვევებში ძირითადი მიზეზი იყო ერთი სახელმწიფოს სამხედრო ინტერვენცია მეორე სუვერენულ სახელმწიფოში და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხაზი გაესვა, რომ ყველა ეს შემთხვევა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ანალოგიურია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გამოც საერთაშორისო საზოგადოება უფლებამოსილია დასვას სოჭში ოლიმპიადის მიზანშეუწონლობის საკითხი. ეს ფაქტოერბია: (ისტორიული _ სოჭში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი დროში ემთხვევა იმავე ტერიტორიაზე ჩერქეზთა გენოციდის ძირითადად დასრულების 150-ე წლისთავს; ეკოლოგიური _ საშიშროება, რომელიც ემუქრება შავი ზღვის და მთლიანად კავკასიის შავიზღვისპირეთის, განსაკუთრებით აფხაზეთისა და დანარჩენი დასავლეთი საქართველოს ეკოსისტემას; უსაფრთხოების _ ოლიმპიური თამაშების ჩატარება დღემდე არასტაბილური და ფეთქებადსაშიში სიტუაციის მქონე ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის უშუალო სიახლოვეს, სადაც მოხდა უპირატესად ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს საკითხი შესაბამისი საერთაშორისო განხილვის გარეშე არ დარჩება.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა სხდომაზე წარმოდგენილი სსრკ-ის მიერ იაპონიის 4 კუნძულის ანექსიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის (”ამომავალი მზის ქვეყანა”) შესახებ. აღინიშნა, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებამ და ევროპის რიგ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის იძულებითმა დამყარებამ კრემლს საშუალება მისცა აზიის კონტინენტზეც დაეპყრო ახალი ტერიტორიები. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ თავი შეიკავა სსრკ-ისთვის აღმოსავლეთის ფრონტის გახსნისგან და სსრკ-სა და იაპონიას შორის ყველა სასაზღვრო საკითხი ორმხრივი ხელშეკრულებით იყო მოგვარებული, საბჭოთა კავშირმა მაინც დაარღვია ეს შეთახმება და იაპონიის ჩრდილოეთი ტერიტორიის 4 კუნძულის (იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი) ოკუპაცია – ანექსია განახორციელა, რაც იაპონიის პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე გრძელდება.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ იაპონელი ხალხი და იაპონიის ხელისუფლება არ ურიგდება აღნიშნული ტერიტორიების ანექსიის შედეგებს და ეს კუნძულები, იაპონიის პარლამენტის დადგენილებით ოფიციალურად ოკუპირებულად არის გამოცხადებული. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქვეყნის შეურიგებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ა/წლის მარტში იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისა (დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი), რასაც ათასობით ადამიანის მსხვერპლი და აურაცხელი მატერიალური ზარალი მოყვა, იაპონიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის ახალ სახელმძღვანელოებში სამხრეთ კურილიის კუნძულები მოხსენიებულია იაპონიის კუთვნილ და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებად. შ. მალაშხიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ უფრო ადრე, 2008 წლის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით მსგავსი საპარლამენტო ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია.

სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ ინტერესსა და მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნ. სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ნ. სარკოზის გამოსვლაში დაფიქსირებულია საქართველოსადმი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა, ფაქტობრივად გაიგივებულია ნაცისტური გერმანიისა და რუსეთის ხელისუფლების ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ითქვა, რომ ეს გამოსვლა, ასევე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციები აშკარად ადასტურებს საქართველოს რეალურ პერსპექტივას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მზარდი საერთაშორისო ზეწოლის გამო რუსეთი იძულებული გახდება შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციის გადახდა და დამნაშავეთა დასჯა. მან ისაუბრა აგვისტოს სამხედრო აგრესიის დროს რუსი ე.წ. სამშვიდობოების მხრიდან მიუკერძოებლობის პრინციპის აშკარა დარღვევების ფაქტებზე.

სხდომის მონაწილეებს უჩვენეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან ”ამომავალი მზის ქვეყანა”.

აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, ლ. ახობაძემ, ე. გვაზავამ.

მ. ბასილაძემ და ლ. ახობაძემ ისაუბრეს ფილმის გადაღებისას მიღებულ პირად შთაბეჭდილებებზე. აღნიშნეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად იაპონია მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებში აზიაში დომინანტი სახელმწიფოდან დანგრეულ, გაპარტახებულ ქვეყნად იქცა. ხაზი გაესვა, რომ ამის მიუხედავად, მართებული სახელმწიფო პოლიტიკის, იაპონელი ხალხის შრომისმოყვარეობისა და პატრიოტიზმის ხარჯზე, ისტორიულად მოკლე პერიოდში, მოხერხდა იაპონიის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების სამეულში მოხვედრა.

გ. გვაზავამ ისაუბრა პროექტის ”ოკუპაცია” მნიშვნელობაზე, მის პოლიტიკურ დატვირთვაზე. მან მადლობა გადაუხადა კომისიის თავმჯდომარეს პროექტის შექმნისა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით დღეს, 21 ოქტომბერს, 22.00 საათზე.



კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია

კომისიის მდივანი: რ. ფიფია















ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმ