სხდომის ოქმი N73

2011-10-21 18:41
სხდომის ოქმი N73


საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

                                                                                                    ოქმი #73
                                                                                                                                                          2011 წლის 13 ოქტომბერი

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

რ. ბლუაშვილი - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი;

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.



დღის წესრიგი:



პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ბოლო საბჭოთა ოკუპაცია” ფრაგმენტების დემონსტრირება.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში ფაქტობრივად დასრულდა დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიო საზოგადოებრიობას აჩვენოს ის მსგავსება, რომელიც არსებობს ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის.

ითქვა, რომ რიგ შემთხვევაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები თავისი მაშტაბით არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ გაცილებით უფრო მძიმეა ნაცისტთა დანაშაულობებზე. მაგალითისთვის მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომელიც ”გოლოდომორის” სახელით დამკვიდრდა ისტორიაში.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები და მისმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. გერმანია წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს. რუსეთში კი. კრემლის ამჟამინდელი მესვეურნი, აგრძელებენ რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამენ, როგორც XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს კრემლის მესვეურთა მენტალურ პრობლემებს და ამდენად, მისი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური რეჟიმის გასამართლებას, ისევე, როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ 7 ნოემბრიდან ყოველ დღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ნაჩვენები იქნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაღებული 20-ვე ფილმი. აღინიშნა, რომ მომავალ კვირაში ნაჩვენები იქნება ფილმი იაპონიაზე.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი ფილმი ”ბოლო საბჭოთა ოკუპაცია” ეხება კრემლის მიერ სუვერენული ავღანეთის წინააღმდეგ 1979 წლის დეკემბერში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, რასაც შედეგად მოჰყვა ხელისუფლების ფიზიკური განადგურება და მისი ჩანაცვლება კრემლის მარიონეტული რეჟიმით.

სხდომის მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა კრემლის ცინიკურ დამოკიდებულებაზე მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელებისადმი. კერძოდ, ითქვა, რომ თავის დროზე კრემლმა წაუყრუა ავღანეთის პრეზიდენტის თარაკის ფიზიკურ განადგურებას ამინის მიერ, ხოლო მოგვიანებით, ისარგებლა რა ავღანეთში სსრკ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე უკვე გაპრეზიდენტებული ამინის თხოვნით, ამინის სასახლის შტურმის ბრძანება გასცა. სსრკ-ის უშიშროების სამსახურის ელიტარულმა ქვედანაყოფებმა 43-წუთიანი სპეცოპერაციის შედეგად ამინი და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად გაანადგურეს. ითქვა, რომ ასევე იოლად გაწირა კრემლმა ავღანეთის შემდგომი მარიონეტი პრეზიდენტი ნაჯიბულა, რომელიც დარჩა რა საბჭოთა ჯარების დაცვის გარეშე, განრისხებული ავღანელი ხალხის მსხვერპლი გახდა. ავღანეთისა და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის სტატუსს შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ ზემოაღნიშნულ კონტექსტში გარკვეული მინიშნება გააკეთა ამ რეგიონების მარიონეტულ ხელმძღვანელთა შესაძლო ხვედრთან დაკავშირებით.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ სსრკ-ის მიერ ავღანეთის 10 წლიანი ოკუპაცია კრემლისთვის სავალალო შედეგებით დამთავრდა. აურაცხელი ადამიანური და მატერიალური რესურსების დანაკარგებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო კრემლი იძულებული გახდა გამოეყვანა თავისი სამხედრო შენაერთები ავღანეთიდან და ხელი აეღო ავღანელი ხალხისთვის სრულიად მიუღებელი კომუნისტური იდეოლოგიის ძალადობრივი დანერგვის მცდელობაზე. ითქვა, რომ საბოლოოდ, ავღანეთის კამპანია კრემლისთვის კომუნისტური რეჟიმის კრახითა და სსრკ-ის დაშლით დასრულდა.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს მომავალში რუსეთის ხელისუფლება დიამეტრალურად არ შეცვლის პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღსადგენად მის მიერ არჩეულ აგრესიულ კურსს და არ დაადგება მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ განვითარების გზას, არსებული რეჟიმის კრახი გარდაუვალი იქნება და რუსეთის შემდგომ დაშლას შესაძლოა, 10 წელიც არ დასჭირდეს.

შ. მალაშხიამ ისაუბრა საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მზარდ ინტერესსა და მხარდაჭერაზე და ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის პრეზიდენტის ნ. სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა, რომ თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ნ. სარკოზის გამოსვლაში ფაქტობრივად დაფიქსირებულია საქართველოსადმი ევროკავშირის ცალსახა მხარდამჭერი პოზიცია. ითქვა, რომ ეს გამოსვლა, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები აშკარად ადასტურებს საქართველოს რეალურ პერსპექტივას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდება მზარდი საერთაშორისო ზეწოლის გამო შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. ითქვა, რომ ყოველივე ამას რა თქმა უნდა, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ პროცესის შეუქცევადობა დღეს, როგორც არასდროს ეჭვს, აღარ იწვევს.

სხდომაზე ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები ფილმიდან ”ბოლო საბჭოთა ოკუპაცია”.

აზრი გამოთქვეს: რ. ფიფიამ, ნ. ჯანაშიამ, რ ბლუაშვილმა.

რ. ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ ”საზგადოებრივმა მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიამ წარმატებით დაასრულა პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში ფილმების გადაღება. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ მას დადებითი გამოხმაურება აქვს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთშიც. ხაზი გაესვა, რომ ფილმების გადაღების დასრულებით პროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ითქვა, რომ საჭიროა ამ ფილმების ჩვენება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მათი გატანა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.

სხდომის მონაწილეებს რ. ბლუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის მიერ ამ მიმართულებით უკვე გაწეული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება პროექტის ავტორისა და იმ სტრუქტურებისადმი, რომელთაც ფილმების გადაღებისას სტუდიას დახმარება გაუწიეს.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის ”ბოლო საბჭოთა ოკუპაცია” დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით პარასკევს, 14 ოქტომბერს, 22 საათზე.



კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია



კომისიის მდივანი: რ. ფიფია

 
modules