სხდომის ოქმი N70

2011-09-16 16:34
სხდომის ოქმი N70

               საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის
                                                                                            ოქმი #70

                                                                                                       2011 წლის 16 სექტემბერი



სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია–ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია–ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

მ. ბასილაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;

ლ. კაკიაშვილი – საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი;

ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, ლ. სულაბერიძე, თ. ჭახრაკია–დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები.



დღის წესრიგი:



პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ჰოლოკოსტი” დემონსტრირება



სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში გრძელდება დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიო საზოგადოებრიობას აჩვენოს ის მსგავსება, რომელიც არსებობს ნაციზმსა და კომუნიზმს შორის. სულ გადაღებული იქნება 20-მდე ფილმი, რომელთაგანაც 17 ფილმი ერთი სტილისაა, ხოლო დანარჩენ სამ ფილმში ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნება სახელმწიფოს ხელმძღვანელთა მიერ ჩადენილი დანაშაულობები, მათი პირადი ბედი. ამ ფილმებში ასევე აისახება აგრესორთა მიერ განხორციელებული დემოგრაფიული ექსპანსია, ეთნიკური წმენდა, გენოციდი.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ ჰოლოკოსტის სახელით ცნობილი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დანაშაულის დროს ნაცისტთა მიერ განადგურებულ იქნა ევროპის 6 მილიონი ებრაელი, მათ შორის მარტო პოლონეთში 3 მილიონამდე ებრაელი. ნაცისტებმა შექნეს გრანდიოზული მასშტაბის სიკვდილის მანქანა, რომელიც გათვალისწინებული იყო ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის. ნაცისტთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენდა ”სიკვდილის ბანაკები”, განსაზღვრული მილიონობით ადამიანთა მკვლელობისთვის; ამასთანავე მედიკოს-ნაცისტი მეცნიერები ავითარებდნენ ადამიანთა მასობრივი განადგურების ტექნოლოგიებს, კერძოდ, ჰოლოკოსტის მსხვერპლზე ატარებდნენ არა მხოლოდ სამედიცინო ექსპერიმენტებს. ითქვა, რომ ებრაელთა, ასევე ჰომოსექსუალთა და სხვა ”არასრულფასოვანი” ჯგუფების წარმომადგენელთა განადგურება მიმდინარეობდა არა მხოლოდ მოკავშირეთა არმიების გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრამდე, არამედ ეს გრძელდებოდა შემდეგაც, სრულ კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისში.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი ფილმი შინაარსიდან გამომდინარე, მეტად მძიმე სანახავია. შ. მალაშხიას თქმით რიგ შემთხვევაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები თავისი მასშტაბით არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ გაცილებით უფრო მძიმეა ნაცისტთა დანაშაულობებზე. მაგალითისთვის მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომელიც გოლოდომორის სახელით დამკვიდრდა ისტორიაში. უკარაინაში ”გოლოდომორს” ემსხვერპლა თითქმის იმდენივე ადამიანი, რამდენიც ”ჰოლოკოსტს” მთელს ევროპაში.

შ. მალაშხიამ გაიმეორა წინა სხდომაზე ნათქვამი, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები, და ამ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს (გერმანიის კანცლერმა 70-იან წლებში, ვილი ბრანდტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას), სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია. ითქვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის მიერ საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას. შ. მალაშხიას განმარტებით, თავის დროზე, არც ფაშისტურ გერმანიას და არც საბჭოთა კავშირს არ მოსვლიათ აზრად მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ეთნოწმენა მოხდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოეცხადებინათ, რაც ჩაიდინა რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. მალაშხიას აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ერთსულოვანი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, აიძულოს კრემლი დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა, კომისიის თავმჯდომარის აზრით, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ისევე როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.

შ. მალაშხიამ ისაუბრა აგრეთვე 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის საკითხზე და ხაზი გაუსვა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ჩერქეზი ხალხის გენოციდი და იმ ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს, სადაც განხორციელდა ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ოლიმპიადის ჩატარება მიზანშეუწონელია. მან შეახსენა სხდომის მონაწილეებს, რომ 1936 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ წაუყრუა ებრაელებისადმი ჰიტლერის დისკრიმინაციულ პოლიტიკას და დათანხმდა ნაცისტურ გერმანიაში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებას, რასაც შემდგომში კაცობრიობისთვის სავალალო შედეგი მოჰყვა.

შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ ისრაელის სახელმწიფო, ებრაელი ხალხი, რომელმაც თავის თავზე იწვნია ნაციზმის საშინელებანი, გულგრილი ვერ დარჩება საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისადმი და მსოფლიოს სხვა ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად, ყველგან და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დეოკუპაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

შ. მალაშხიამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად გააძლიერებს წნეხს კრემლის მიმართ, რათა მან შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და მოახდინოს საქართველოს დეოკუპაცია. შ. მალაშხიას აზრით, აღნიშნულის საწინდრად სხვა ფაქტორებთან ერთად, არის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების დინამიკა, ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ, აშშ-ის სენატის რეზოლუცია და აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის უახლოეს პერიოდში განხილვა.

კომისიის თავმჯდომარემ მიმოიხილა ასევე პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები.



აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, ლ. კაკიაშვილმა.

მ. ბასილაძემ ისაუბრა ფილმის გადაღებისას საკონცენტაციო ბანაკების დათვალიერებისა და ჰოლოკოსტის უშუალო თვითმხილველებთან საუბრისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და პირად განცდებზე. ითქვა, რომ უკვე გადაღებულ 14 ფილმს შორის ეს ფილმი განსაკუთრებულია, გადაღება მოხდა რამდენიმე ქვეყანაში და სხვადასხვა დროს, მათ შორის, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ისრაელში.

მან აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტის მთელი საშინელებისა და სიმძაფრის სრული აღქმა შესაძლებელია მხოლოდ ყოფილ საკონცენტაციო ბანაკებში ყოფნის დროს. ითქვა, რომ, მსგავსი რამ არასდროს და არსად არ უნდა განმეორდეს და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონოს ამისთვის.

ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა ლ. კაკიაშვილმა მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს ზოგადად, პროექტ ”ოკუპაციის” განხორციელებისა და, კონკრეტულად, წარმოდგენილი ფილმისთვის.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის ”ჰოლოკოსტი” დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით დღეს, 16 სექტემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე.



კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია



კომისიის მდივანი: რ. ფიფია

 
modules