|
2011-09-09 17:48 სხდომის ოქმი N69
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის
ოქმი #69 2011 წლის 9 სექტემბერი
სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:
ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია – ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია – ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;
მ. ბასილაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;
შ. მეჰტი-ზადე - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში;
ა. ბესელია, გ. გვასალია, ლ. სულაბერიძე, თ. ჭახრაკია – დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები:
დღის წესრიგი:
პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”თავისუფლების საფასური” ფრაგმენტების დემონსტრირება.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.
მან აღნიშნა, რომ პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში გრძელდება დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიო საზოგადოებრიობას აჩვენოს ის მსგავსება, რომელიც აჩვენოს ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. ითქვა, რომ რიგ შემთხვევაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები თავის მაშტაბით არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ, მოქმედების მეთოდებით გაცილებით უფრო მძიმეა ნაცისტთა დანაშაულობებზე. მაგალითისთვის მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომელიც ”გოლოდომორის” სახელით დამკვიდრდა ისტორიაში.
შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები და მისმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. გერმანია წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს. საპირისპირო ვითარებაა რუსეთში. სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას. კომისის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს და ამდენად, მისი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კომუნისტური რეჟიმის გასამართლებას, ისევე, როგორც თავის დროზე გასამართლებულ იქნა ნაციზმი.
შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ კომუნისტური რეჟიმისგან დაზარალდა ბევრი ქვეყანა, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანიც. ითქვა, რომ დოკუმენტური ფილმი ”თავისუფლების საფასური” ეხება სწორედ კრემლის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა, რომ ისევე, როგორც საქართველოში, XX საუკუნის ოციან წლებში საბჭოთა რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა აზერბაიჯანის გასაბჭოება, ხოლო იმავე საუკუნის 90-იან წლებში, კერძოდ, 1990 წლის 19-20 იანვარს, ბაქოში დაატრიალა თავისი მაშტაბებით გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ეს მოახდინა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში.
ითქვა, რომ მაშინდელმა საკავშირო ხელისუფლებამ, სსრკ-სა და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დარღვევით, აზერბაიჯანის სსრ-ის სუვერენული უფლებების იგნორირებით, სსრკ-ის შექმნის თაობაზე ხელშეკრულების, სსრკ-ისა და აზერბაიჯანის სსრ-ის კონსტიტუციების უხეში დარღვევით, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებთან შეთანხმებისა და ყოველგვარი საკანონმდებლო აქტის მიღების გარეშე, უკანონოდ შეიყვანა ჯარები აზერბაიჯანში, ხოლო მის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე ბაქოს მოსახლეობა სამხედრო კომენდანტის მიერ მხოლოდ 7 საათის დაგვიანებით იქნა ინფორმირებული.
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელ ოპერაციაში ჩართული იყვნენ სსრკ-ის სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და საჰაერო-სადესანტო ჯარები, ასევე სსრკ-ის უშიშროების კომიტეტისა და შსს-ის სპეციალური დანიშნულების ჯარები.
ბაქოში აღნიშნული ნაწილებისა და შენაერთების შემოყვანას თან სდევდა სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სხვადსხვა სიმძიმის დანაშაულის ჩადენა. ცეცხლს უშენდნენ საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებს, ტანკებით ისრისებოდა გზის პირას მდგომი თუ შემხვედრი ავტომობილები, მათ შორის ”სასწრაფო დახმარების” მანქანები, დამატებითი გასროლებით კლავდნენ დაჭრილებს, არ ინდობდნენ სამედიცინო პერსონალსაც, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მხოლოდ პირველი ორი დღის განმავლობაში მოკლულ იქნა 168, დაიჭრა და დასახიჩრდა 715 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და ქალები.. შ. მალაშხიამ ისაუბრა აგრეთვე ამ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე ამჟამად არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტისთვის საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. მან გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანიც და საქართველოც შეძლებენ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ტერიტორიული პრობლემების დაძლევას და თავიანთი ქვეყნების გაერთიანებას.
კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კავკასიაში რუსეთის სახელმწიფოს არაკონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რეგიონში არა ჭეშმარიტი მშვიდობის დამყარებისკენ, არამედ, საკუთარი გავლენის გაძლიერებისა და ნეოიმპერიის შექმნისკენ. მან გაამახვილა ყურადღება ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდოს იქ მიმდინარე პროცესებზე მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე და ამოცანებზე. მან მადლობა გამოუცხადა აზრბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეს შ. მეჰტი-ზადეს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემოქმედებითი კოლექტივისთვის ფილმის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის.
აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, შ. მეჰტი-ზადემ.
მ. ბასილაძემ ისაუბრა ფილმის გადაღებისას გამოკვეთილ მსგავსებებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში არსებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის. საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების შექმნაზე. რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ორივე რესპუბლიკის ძალით გასაბჭოებაზე, და სსრკ-ის რღვევის პერიოდში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისთვის კრემლის მიერ ორივე რესპუბლიკის დასჯაზე (1989 წლის 9 აპრილსა და 1990 წლის 19-20 იანვარს), ასევე ორივეგან აშკარა თუ ფარული მეთოდებით სეპარატიზმის წახალისებაზე. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაწეული დახმარებისთვის მ. ბასილაძემ გამოხატა მადლიერება სხდომის მონაწილე აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ატაშე შ. მეჰტი-ზადესადმი.
აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ატაშემ შ. მეჰტი-ზადემ მადლიერებით აღნიშნა, რომ მოხარულია სხდომაზე მოწვევისთვის. მან ისაუბრა აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებაზე აშენოს თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო. ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს იტყვის უარს მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და გააერთიანოს ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის ”თავისუფლების საფასური” დემონსტრირება გაიმართება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით დღეს, 9 სექტემბერს, 22.00 საათზე.
კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია
კომისიის მდივანი: რ. ფიფია
|