სხდომის ოქმი N67

2011-07-07 17:16
სხდომის ოქმი N67

          საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის
                                                                               ოქმი #67

                                                                                                                                      2011 წლის 7 ივლისი

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია – ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია – ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – ფრაქცია "ძლიერი საქართველო”;

ა. ვილკანსი – ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

რ. ბლუაშვილი – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი;

მ. ბასილაძე – ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი, ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია.



დღის წესრიგი:

პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”სამგზის ოკუპაცია” (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) ფრაგმენტების დემონსტრირება:

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ სხდომა ეძღვნება ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი მონაცვლეობით სამგზის ოკუპაციას; ფილმის ერთ-ერთი მიზანია, აჩვენოს ჩვენს საზოგადოებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ურთულეს გზაზე ბალტიის ამ სამი სახელმწიფოს მიერ განვლილი გზა.

ითქვა, რომ პროექტის ”ოკუპაცია” ფარგლებში გადაღებული ეს ფილმი რიგით მეცხრეა, და რომ თითოეულ ამ ქვეყანაზე პროექტის ფარგლებში ფილმები ცალ-ცალკეც იქნება გადაღებული. ერთ ფილმში სამივე ქვეყნის ოკუპაციის ჩვენება შ. მალაშხიას აზრით, განპირობებულია იმ ერთობის ჩვენების აუცილებლობით, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ქვეყნებმა გამოავლინეს. აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი ერთობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერჯერობით მიღწეული არ არის, რასაც ოკუპანტი ქვეყანა თავის სასარგებლოდ იყენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. მალაშხიას აზრით, ამ ფილმს დამატებითი ინფორმაციული ღირებულებაც გააჩნია.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებმა, ისევე როგორც საქართველომ, განსხვავებით საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ევროპის სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც Uუშუალოდ არ ესაზღვრებოდნენ მას, კარგად იციან დემოგრაფიული ექსპანსიის ფასი. ითქვა, რომ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია ლატვიისთვის.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ფილმის, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში გადაღებული წინა ფილმების ერთ-ერთი მიზანთაგანია, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შედარება. ხაზი გაესვა, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ფაშიზმი გასამართლებულია, კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი არათუ არ გასამართლებულა, არამედ, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის განცხადებით, სსრკ-ის დაშლა XX საუკუნის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხადად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, სამწუხაროდ, მენტალურ დონეზე, კრემლში ცვლილებები არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის გამო რუსეთი რჩება არაპროგნოზირებად ქვეყნად.

მან ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე უკრაინაში, რასაც მოჰყვა "გოლოდომორი”. ითქვა, რომ თავისი სისასტიკით ეს დანაშაული "ჰოლოკოსტს” არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ, შესაძლოა, კიდევ უფრო საშინელიც კი იყოს.

პარალელები გავლებულ იქნა ასევე სსრკ – ფინეთის 1939-1940 წწ. ომსა და რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს შორის. ითქვა, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანის განცხადებები 2008 წლის სამხედრო აგრესიის დროს არაფრით არ განსხვავდებოდა სსრკ-ფინეთის ომის დროს საბჭოთა პროპაგანდის მიერ გავრცელებული განცხადებებისგან.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მენტალიტეტი და მისი საქმიანობა კვლავ სახიფათოა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან სამი მათგანი უკვე ნატოს სრულუფლებიანი წევრია. მოტანილ იქნა კონკრეტული მაგალითები: ესტონეთში ”ბრინჯაოს მეომრის” ძეგლის გადატანასთან დაკავშირებული ექსცესები, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია. ითქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ანალოგიურად ექცევა საკუთარი ქვეყანში საკუთარ მოქალაქეებსაც. მოტანილ იქნა მაგალითები ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის” ჩაძირვაზე, ”ნორდოსტსა” და ბესლანის მოვლენებზე კრემლის რეაგირებიდან.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარედან მართულ მყისიერ საფრთხეზე (იგულისხმება მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქცია, რომელიც 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 20-წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმის ჩაშლასა და სხვა, ბევრად უფრო შორს მიმავალ მიზნებს ისახავდა) საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე რეაგირება მოახდინა, როგორიც ესტონეთის ხელისუფლებამ ”ბრინჯაოს ძეგლის” გადატანასთან დაკავშირებულ აქციაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში გამოწვევა საქართველოსთვის გაცილებით სახიფათო იყო, რადგანაც საქართველო, ესტონეთისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ არის არც ნატოსა და, მით უფრო, არც ევროკავშირის წევრი.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ისეთი მენტალობის არაპროგნოზირებად სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, როგორიც რუსეთია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ ქმედებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებული მადლობა იქნა გამოხატული ბალტიის ქვეყნების: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიმართ, რომელთა სამივე პირველი პირი, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს უმწვავეს პერიოდში იმყოფებოდა თბილისში და ცოცხალ ფარად ედგა საქართველოს სუვერენიტეტს.

კომისიის თავმჯდომარემ კვლავ გაამახვილა სხდომაზე დამსწრეთა ყურადღება იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პროექტი ”ოკუპაცია” დაფინანსებულია პრეზიდენტის ფონდის მიერ. აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების სერიოზული დახმარება და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” და მისი დოკუმენტური ფილმების სტუდიის მაღალპროფესიული ღვაწლი აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში. მან აგრეთვე ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო ფილმებზე.

შ. მალაშხია ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხებს. ხაზი გაესვა, რომ ქართული სახელმწიფო დღესაც მზად არის განახორციელოს აფხაზთა და სამხრეთელ ოსთა წინადადებები მათი ეთნიკური იდენტობის დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც სოხუმში და არც ცხინვალში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება არ ძალუძთ.

აზრი გამოთქვეს: რ. ბლუაშვილმა, მ. ბასილაძემ, ა. ვილკანსმა.

რ. ბლუაშვილმა ისაუბრა პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში სტუდიის სექტემბერ_ოქტომბრის სამუშაო გეგმებზე. ითქვა, რომ სექტემბერში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” გეგმავს ყოველდღიურ რეჟიმში გადაღებული ფილმების რეკლამის გაშვებას, ხოლო ოქტომბერში ეს ფილმები ტელევიზიით გადაიცემა ყოველდღე. DVD-ზე გადაღებული დისკები დარიგდება საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსში და დაინტერესებულ უწყებებში, გადაეგზავნება იმ ქვეუნებს, რომლებსაც ეს ფილმები ეძღვნება.

მ. ბასილაძემ ისაუბრა ფილმის გადაღებისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და განცდებზე. მისი განცხადებით, გადაღებისას განსაკუთრერბული გაოცება გამოიწვია იმან, რომ საბჭოთა კავშირმა 2-3 წლის ოკუპაციის მანძილზე შეძლო ოკუპირებული ბალტიის ქვეყნების მოსახლეობისთვის უფრო დიდი ბოროტების მატარებელი ყოფილიყო, ვიდრე მანამდე გერმანია. მან ისაუბრა ბალტიელთა თავგანწირულ მრავალწლიან ბრძოლაზე ქვეყნების დეოკუპაციის მისაღწევად. ითქვა, რომ მხოლოდ ადგილზე ჩასვლით და თვითმხილველებთან უშუალო გასაუბრებით გახდა მისთვის ხელმისაწვდომი სრულად გაეცნობიერებინა ბალტიელთა მიერ გადატანილი ტრაგედიის მთელი სიმძიმე და კომუნისტური რეჟიმის დანაშაულობები.

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ა. ვილკანსმა მადლობა გადაუხადა კომისიის თავმჯდომარეს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტების ნახვამ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ელჩმა მიულოცა მთელ შემოქმედებით კოლექტივს წარმატებული კინოპროდუქციის შექმნა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ გასული საუკუნის განმავლობაში ლატვიას სამგზის ოკუპაციის გადატანა მოუხდა, რამაც მძიმე კვალი დატოვა მის ისტორიაზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ხალხის მენტალიტეტზე, მაგრამ ქვეყანამ მისი დაძლევა, დამოუკიდებლობის აღდგენა და ევროპულ ოჯახში გაერთიანება მოახერხა.

ელჩმა გამოხატა პირადი სიმპათიები საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მან განაცხადა, რომ ლატვია მუდამ უჭერდა და კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის დემონსტრირება მოხდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით ხვალ 22.00 საათზე.





კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია



კომისიის მდივანი: რ. ფიფია















ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნ